დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.07.2023
საქმის ნომერი
ბს-446(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-446(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– დ. წ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ლ. ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დ. წ-მა 2021 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. დაზუსტებული სარჩელით დ. წ-მა მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ მოითხოვა დიდგორის რაიონის გამგეობის 2010 წლის 17 სექტემბრის №01-19/14-1291/911 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 1 ნოემბრის №4200 განკარგულების ბათილად ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №178 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება და მოპასუხეთათვის ქ. თბილისში, ...ში, ...ის მე-5 ჩიხი №8-ში მდებარე №18 ბინის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეწყდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არსებული მოთხოვნის - 2010 წლის 1 ნოემბრის N4200 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. წ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. წ-ის კერძო საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. წ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით დ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. წ-მა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო საცხოვრებელ ბინაზე მესამე პირს - ლ. ქ-ეს არანაირი უფლება არ აქვს და უძრავი ქონება მხოლოდ მოსარჩელეს, როგორც სადავო ბინის ერთადერთ მოსარგებლეს, უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს საკუთრებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული დ. წ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე დ. წ-ისათვის ქ. თბილისში, ...ში, ...ის V ჩიხი №8-ში მდებარე №18 ბინის (საკადასტრო კოდი №...) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის - ქ. თბილისში, ...ში, ...ის V ჩიხი №8-ში მდებარე №18 ბინის (საკადასტრო კოდი №...) მესაკუთრეა სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის მთავრობის 15.07.2013წ. №20.27.841 დადგენილება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.07.2020წ. №5/37175 წერილით დ. წ-ს ეცნობა, რომ შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე უნდა მიემართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. მასვე ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებისას გადაწყვეტილებას იღებდა საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაინტერესების გამოხატვის შემთხვევაში განეხილა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის საკითხი, ვინაიდან, სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე ფიზიკური და იურიდიულ პირებისათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის პროცედურებს ახორციელებდა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ამასთან, დ. წ-ს დამატებით ეცნობა, რომ სააგენტო მზად იყო, განეხილა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქის მერის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხი და აღნიშნული წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დაპირებას, შესაბამისად, არ წარმოშობდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების დეფინიციას, კერძოდ, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მოსარჩელის სასარგებლოდ ქ. თბილისში, ...ში, ...ის V ჩიხი №8-ში მდებარე №18 ბინის (საკადასტრო კოდი №...) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება უნდა ეფუძნებოდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წესს.

უდავოა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც გააჩნია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება - მართოს და განკარგოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია დ. წ-ისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლებამოსილება, რამეთუ სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის პროცედურებს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხ.). იმ პირობებში, როდესაც დ. წ-ის მოთხოვნის რეალური ინტერესი უკავშირდება ბინის უსასყიდლოდ გადაცემას, მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას არ მოიცავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი ამომწურავად ადგენს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება მისი მოქმედება, მათ შორის, კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №5/22781 წერილზე, რომლითაც დ. წ-ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №178 განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის (28.12.2009წ.-01.03.2010წ.) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება იდებოდა პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუკი „განკარგულების“ საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმდა „კანონის“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, „განკარგულებამ“ ძალა დაკარგა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო.

საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №178 განკარგულებით ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №20-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობა, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბინა №18 (საკადასტრო კოდი №...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცათ ფიზიკურ პირებს - ლ. ქ-ესა და დ. წ-ს. აღნიშნული განკარგულების მეორე პუნქტით საპრივატიზაციო პირობად განისაზღვრა საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა გადახდილი საპრივატიზებო თანხა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №178 განკარგულების საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ პირებს ბინის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №178 განკარგულება დღეის მდგომარეობით ძალადაკარგულია, ხოლო სადავო უძრავი ქონება გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა დ. წ-ის მოთხოვნა სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოსარჩელე დ. წ-ისათვის ქ. თბილისში, ...ში, ...ის V ჩიხი №8-ში მდებარე №18 ბინის (საკადასტრო კოდი №...) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე