განსჯადობა

ადმინისტრაციული 11.07.2023
საქმის ნომერი
ბს-490(გ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
11.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-490(გ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის ლ. მ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 18 აპრილს ლ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა გ. მ-ის, დ. ჩ-ის, ვ. მ-ის, თ. მ-ის, თო. მ-ის, მ. მ-ის, ნ. მ-ისა და შ. ბ-ის თანამესაკუთრეებად რეგისტრაციის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 22 მარტის №60116 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გარდაბანში, დიდ ლილოში, სოფელ ...ში მდებარე 3000 კვ.მ უძრავი ქონების ლ. მ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს მისი აწ გარდაცვლილი ძმის - თ. ჩ-ის მემკვიდრეს, რის გამოც, სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ. ჩ-ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი უნდა დარეგისტრირდეს მის სახელზე და არა თ. ჩ-ის კომლის ყველა წევრის სახელზე, როგორც ეს მარეგისტრირებელმა ორგანომ განახორციელა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, სადავოა იმ აქტების კანონიერების საკითხი, რომლებიც მიღებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების (კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში) მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების შემთხვევაში, ამოსავალს უნდა წარმოადგენდეს სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, მეორე მხრივ, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონება, რომლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის შინაარსიდან გამომდინარე, მდებარეობს გარდაბანში, დიდ ლილოში, სოფელ ...ში, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ დიდი ლილო 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს, ხოლო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, 2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით განეკუთვნება თბილისის მუნიციპალიტეტს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-35 დადგენილება). რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებით, უძრავი ნივთის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობა ასევე დასტურდება მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზითა და https://maps.gov.ge-ის მონაცემებით. სასამართლოს განმარტებით, დავა ეხება უძრავ ნივთს, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში და შესაბამისად, დავა უნდა გადაწყვიტოს განსჯადმა სასამართლომ უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში - სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი, საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამონაკლისს ამ საერთო წესიდან განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და 24-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (სუსგ 14.09.2017 წ. №ბს-715-711(გ-17) და მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელის განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიჩნევის შესაძლებლობა არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილმდებარეობას და გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები - სარჩელის განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.

სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. აღნიშნული პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო შეიძლება განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გ. მ-ის, დ. ჩ-ის, ვ. მ-ის, თ. მ-ის, თო. მ-ის, მ. მ-ის, ნ. მ-ისა და შ. ბ-ის თანამესაკუთრეებად რეგისტრაციის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 22 მარტის №60116 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გარდაბანში, დიდ ლილოში, სოფელ ...ში მდებარე 3000 კვ.მ უძრავი ქონების ლ. მ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონული ოფისები და ფილიალები, რომლებიც, ამავე დებულების 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. დასახელებული დადგენილების 16.2 მუხლით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

მართალია, უძრავი ქონების მდებარეობა, რომლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი, საჯარო რეესტრის ამონაწერით განსაზღვრულია შემდეგნაირად: გარდაბანი, დიდი ლილო, სოფელი ...ი, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დიდი ლილოს ტერიტორია 2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-35 დადგენილების თანახმად, განეკუთვნება თბილისის მუნიციპალიტეტს. აღსანიშნავია, რომ დიდი ლილო 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სადავო უძრავი ნივთის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობა დასტურდება მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზითა და https://maps.gov.ge-ის მონაცემებით.

ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ როგორც უძრავი ნივთის, ასევე, მოპასუხის ადგილმდებარეობა მოცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით, რის გამოც, დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა. კერძოდ, სადავო უძრავი ნივთი მოქცეულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს არა სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში და ამ ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე