დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.07.2023
საქმის ნომერი
ბს-594(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-594(კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 16 მარტს სს „...“-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კლინიკის სასარგებლოდ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 17 ივლისის №04-06/4235 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 თებერვლის №10/1059 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ...ის მიერ პაციენტის - ნ.გ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...“ - ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 17 ივლისის №04-06/4235 გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 თებერვლის №10/1059 გადაწყვეტილება. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა პაციენტის - ნ.გ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად, პნევმონია არის ალვეოლისა და ტერმინალური სასუნთქი გზების ანთება, რომელიც გამოწვეულია ინფექციური აგენტის შეჭრით ფილტვებში. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, პაციენტს აღენიშნებოდა ხსენებული დაავადება, თუმცა პნევმონიის მართვის ალგორითმის მიხედვით, მკურნალობა დაავადების გამოსავლის რისკის შეფასების მიხედვით შეიძლება განხორციელდეს როგორც სახლის პირობებში - დაბალი რისკის დროს, ასევე სტაციონარში - მაღალი რისკის შემთხვევაში. პაციენტის სტაციონარში რეფერალის საკითხი უნდა გადაწყდეს ზოგადი მდგომარეობის და სიმძიმის კრიტერიუმების შეფასების მიხედვით. კასატორის მითითებით, ყველა პაციენტი საჭიროებს ოქსიგენოთერაპიას ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრით.

კასატორი აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია საშუალო სიმძიმის პნევმონიის სამკურნალოდ კონკრეტული ლიმიტი (790 ლარი), ხოლო დაუსაბუთებლად I დონის ინტენსიურის მოვლა-მკურნალობის კოდის მოწოდებით მნიშვნელოვნად იზრდება დასაფინანსებელი თანხა (მოცემულ შემთხვევაში - 490 ლარით), რაც, საბოლო ჯამში, იწვევს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება პაციენტის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, პაციენტის ჩივილები აკმაყოფილებს სტაციონარში მოთავსების კრიტერიუმებს და აუცილებელი არ არის პაციენტის ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების აუცილებლობა. პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებას ექვემდებარება, თუ მას აქვს გამოხატული თანმხლები დაავადებები დეკომპენსირებულ ფაზაში ან თუ ერთდროულად გამოხატული არის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიდან სამი ნიშანი მაინც. აღნიშნული ვითარება კი საქმის მასალებით არ დგინდება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტების კანონიერებაზე მიუთითებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პაციენტისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტების I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის აუცილებლობა არ დასტურდებოდა.

საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე (დანართი №1), რომლის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილებით განისაზღვრა პროგრამით მოსარგებლეთა წრე და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტი ნ.გ-ე 2020 წლის 9 თებერვალს მოათავსეს ...ში. სადავო სამედიცინო შემთხვევა №4071220620 წარმოდგენილია 2 ნოზოლოგიური კოდით: ძირითადი თერაპიული კოდით -T900007/2 J18.8 პნევმონია და თანმხლები კოდით - I დონის ინტენსიური მკურნალობა. ხსენებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა 2020 წლის 17 ივლისის №04-06/4235 გადაწყვეტილებით უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ არ იყო ინტენსიურ დონეზე მკურნალობის ჩვენება, რის გამოც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე „თანმხლები კოდის“ ღირებულება არ ანაზღაურდებოდა, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 თებერვლის №10/1059 გადაწყვეტილების თანახმად, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კოდი და №40712220620 შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, სააგენტომ მიიჩნია, რომ პაციენტი, დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, არ ექვემდებარებოდა პირველი დონის ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებას და იგი თავიდანვე თერაპიულ განყოფილებაში უნდა მოთავსებულიყო, ვინაიდან პნევმონიას ბუნებრივად ახლავს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ეს არ წარმოადგენდა საფუძველს მისი პირველი დონის ინტენსიური მკურნალობისა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დადგენილების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ სადავოა) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241-ო ბრძანებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობის ხარჯი დაექვემდებარება ანაზღაურებას თუ პროგრამულ კოდთან ერთად კომენტარის ველში დაფიქსირებულია დადგენილებით განსაზღვრული დაზუსტებული მდგომარეობის კოდი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტი ნ.გ-ე სს „... - ...ში“ მოათავსეს შემდეგი ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა, მოყვითალო ნახველის გაძნელებული გამოყოფით, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულმკერდის შებოჭილობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, დისკოორდინაცია, საერთო სისუსტე და ზოგადი დისკომფორტი, პაციენტი მოთავსდა ER-ში ჩაუტარდა კვლევები და მკურნალობა, დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენამხრივი პნევმონია სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა შეფასდა მძიმედ CURB 65 შკალით - 3 ქულა, PSI/POST შკალით - 151 ქულა და განეკუთვნა მე-5 კლასს, სადაც მოკვდაობის ალბათობა შეადგენს 29% და ფასდება, როგორც მაღალი რისკის შემცველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1.2-ით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები. აღნიშნული დანართის მიხედვით, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში პაციენტს გაეწევა, მათ შორის, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა შესაბამისი დიაგნოზების მიხედვით. I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის საჭიროება განმარტებულია, პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ სამედიცინო შემთხვევაში სწორედ გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას - I დონის ინტენსიურ მკურნალობას ჰქონდა ადგილი ნ.გ-ესთან დადგენილი დიაგნოზის - სუნთქვის მწვავე უკმარისობის (პნევმონია) გამო, კერძოდ, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ.გ-ეს საავადმყოფოში მოთავსებისას აღენიშნებოდა - სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა, მოყვითალო ნახველის გაძნელებული გამოყოფით, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულმკერდის შებოჭილობა, SPO2(სატურაცია)-82% ოთახის ჰაერზე, 93% ჟანგბადის ფონზე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენამხრივი პნევმონია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მდგომარეობა შეფასდა მძიმედ CURB 65 შკალით - 3 ქულა, PSI/POST შკალით - 151 ქულა და განეკუთვნა მე-5 კლასს, სადაც მოკვდაობის ალბათობა შეადგენს 29% და ფასდება, როგორც მაღალი რისკის შემცველი. აღნიშნულის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ინტენსიური თერაპიის ბლოკში განთავსების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, დადასტურებულად მიიჩნევს პაციენტ ნ.გ-ს ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობის აუცილებლობას, ხოლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ სამედიცინო შემთხვევაში არ არსებობდა პაციენტის ინტენსიური მკურნალობის აუცილებლობა, განმარტავს, რომ სააგენტოს ამ გარემოების უარმყოფელი ფაქტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში მიწოდებულ იქნა როგორც ძირითადი (T900007/2 J18.8 სხვა პნევმონიები), ისე თანმხლები (INT1 I დონის ინტენსიური მკურნალობა J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა) კოდები, რასაც ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება. ასევე ყურადსაღებია, რომ დადგენილება არ ითვალისწინებს სუნთქვის უკმარისობის თერაპიულ კოდს, მოცემულია მხოლოდ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კოდი. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ პაციენტის მიმართ გაწეული მომსახურება არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ით გათვალისწინებული შემთხვევა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტების კანონიერების თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულება შეუსაბამობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებითა და სათანადო არგუმენტაცია უნდა აისახოს ანაზღაურებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ დაასაბუთა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის აუცილებლობის არსებობა და ასევე ის გარემოება, არსებობდა თუ არა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „კ“ ქვეპუნქტების გამოყენების წინაპირობა, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სააგენტოს მართებულად დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სს „...“ - ...ის მიერ პაციენტ ნ.გ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20.06.2022წ. №14857 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება.

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2022წ. №14857 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე