დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.07.2023
საქმის ნომერი
ბს-958(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-958(კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...”

მესამე პირი - სს „ს...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2015 წლის 21 ოქტომბერს შპს „...-მა“ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, ,,შპს ,,...-ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 ოქტომბრის №773 განკარგულების მოქმედების შეჩერება და დავის განხილვამდე ,,შპს ,,...-ის’’ შავი სიიდან ამოღება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს „...-ის“ შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 ოქტომბრის №773 განკარგულების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

2015 წლის 30 ოქტომბერს შპს „...-მა” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ შპს ,,...-ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 ოქტომბრის №773 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/ბ-1501-16 შეჩერდა საქმის წარმოება, სამოქალაქო საქმის (შპს ,,...”-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სს ,,ს...ის“ წინააღმდეგ; დავის საგანი: თანხის დაკისრება) განხილვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე 3/ბ-1501-16, აპელანტი - შპს ,,...”, მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მესამე პირი - სს ,,ს...“, დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 ოქტომბრის №773 განკარგულება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში დადგენილი ფაქტები, რომელიც პირდაპირ შედეგობრივ კავშირშია განსახილველ ადმინისტრაციულ დავასთან, სააპელაციო სასამართლოსთვის დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და საქმეზე წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საფუძველზე დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...-ის“ მიერ 2015 წლის 7 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, იგი უკანონოდ იქნა დარეგისტრირებული შავ სიაში. კასატორის განმარტებით, ის გარემოებები, რომელიც დაადგინა სამოქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო დავის ფარგლებში, სააგენტოსთვის ადმინისტრაციული წარმოების დროს ვერ იქნებოდა ცნობილი, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დეტალურად გამოიკვლია საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ,,შპს ,,...-ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 ოქტომბრის №773 განკარგულების კანონიერების დადგენა წარმოადგენს. დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამორკვევა დაარღვია თუ არა მოსარჩელე - ,,შპს ,,...-მა’’ სს ,,ს...სთან“ 2015 წლის 7 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობები იმდენად, რამდენადაც სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა შპს ,,...-ის’’ შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით განსაზღვრულია შავი სიის წარმოების წესი და პირობები. კერძოდ, 24.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,...-ის“ სარჩელი და სს ,,ს...ს" მოსარჩელე შპს შპს ,,...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ,,შპს ,,...-სა’’ და სს ,,ს...ს“ შორის 2015 წლის 7 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება; ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,ს...ის" შეგებებული სარჩელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „...-ს” მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ (19353.01 აშშ დოლარის ნაწილში) უარის თქმის გამო შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და შპს „...”-ს სასარგებლოდ სს „ს...ს“ დაეკისრა 12611.32 აშშ დოლარის გადახდა. შპს „...-ს” მიერ 19353.01 აშშ დოლარის ნაწილში ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო შეწყდა წარმოება. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სს ,,ს...ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამდენად, შპს „...-ს’’ და სს ,,ს...ს“ შორის მიმდინარე სამოქალაქო საქმე დასრულდა და შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმეზე დავის საგანს სწორედ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების დაკისრება წარმოადგენდა, რომლის არაჯეროვანი შესრულებისთვისაც განხორციელდა მოსარჩელე შპს „...-ის” შავ სიაში დარეგისტრირება. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ შპს ,,...-ის“ მიერ ადგილი არ ჰქონია შპს ,,...-სა’’ და სს ,,ს...ს“ შორის 2015 წლის 7 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დარღვევას, დამრღვევ მხარეს სწორედ შემსყიდველი - სს ,,ს...“ წარმოადგენდა.

საქმის მასალებით კი, დადასტურებულია, რომ სადავო განკარგულების მიღების საფუძველი გახდა შპს ,,...-ის’’ მიერ 2015 წლის 7 აპრილის №73/15-093 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სადავო განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რამეთუ აღარ არსებობს ის გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე