დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-969(კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „თ...“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - შპს „ფ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 27 აგვისტოს შპს ,,თ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №51/21 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „თ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ...მ“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს „თ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ...მ“.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" თანახმად, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში კომპანია ვალდებულია განაცხადი დაახარვეზოს ან მისცეს მსვლელობა, სწორედ წესების შესაბამისად ხსენებული განაცხადი დახარვეზდა და დარჩა განუხილველი შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე: წესების შესაბამისად გაზიფიცირების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს დასრულებულ მშენებლობაზე (რომელიც გულისხმობს შენობის დასრულებულ კონსტრუქციას, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით), ხოლო განაცხადის დამტკიცების პროცესში, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო სამუშაოები და არ იყო უზრუნველყოფილი შრომის უსაფრთხოების პირობები.
კასატორის განმარტებით, ბუნებრივი გაზის სექტორში უსაფრთხოების ნორმების დაცვის, მომხმარებელთა უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფისა და სამუშაო სივრცეში პროფესიული რისკების შეფასების მინიმალური მოთხოვნების შესრულების მიზნით, შპს „თ...“ გაზიფიკაციის საპროექტო და სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს ისეთ ობიექტებზე, რომლებზეც უკვე დასრულებულია და დაცულია უსაფრთხოების ნორმები. მიუთითებს, რომ სემეკმა ვერც თავის გადაწყვეტილებით და ვერც სასამართლოში გაკეთებული ახსნა - განმარტებებით ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვერ მიუთითა ვერც ერთი გარემოებაზე, ნორმატიულ აქტზე, რომელიც იურიდიულ საფუძველს შეუქმნიდა მის პოზიციას და ვერ მოახერხა კომპანიის პოზიციების და ახსნა - განმარტებების გაბათილება. კასატორის განმარტებით, სწორედ ტექნიკური რეგლამენტებისა და ბუნებრივი გაზის სფეროში არსებული უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე განხორციელდა განაცხადის დახარვეზება, ვინაიდან ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები ან/და ობიექტები წარმოადგენენ მომეტებული საფრთხის შემცველ წყაროს.
კასატორის მითითებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, II-IV კლასის შენობა - ნაგებობები, მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას. ამავე კოდექსის, მე-3 მუხლის „ჰ13“ და 106-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად უნდა წარედგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის, არქიტექტურული პროექტი. ამასთან, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არქიტექტურული პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა - ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების) სქემებს. ამასთან, შპს „ფ...ს“ წარმომადგენელი მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განცხადების შემოტანის შემდგომ მნიშვნელოვნად შეიცვალა ბინების რაოდენობა და მათი განლაგება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №51/21 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,ფ...ს“ წარმომადგენლის განცხადება და შპს ,,თ...ს“ დაევალა გამანაწილებელ ქსელზე შპს ,,ფ...ს“ კუთვნილი ობიექტის (მისამართ: ქ. თბილისი, ...ის ქ. №2ბ, ს/კ ...) მიერთება განახორციელოს 2019 წლის 28 ნოემბრის №19340 განაცხადით მოთხოვნილი პირობებით, ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან (ჩაბარებიდან) 15 სამუშაო დღეში. ასევე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის ხელმეორედ გადაცილების გამო მიერთების საფასური კომპენსაციის სახით გადაუხადოს მომხმარებელს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომლებიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. აღნიშნული „წესების“ მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება. აღნიშნული პუნქტი არ ავალდებულებს განაწილების ლიცენზიატს, უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველი მეზობლების თანხმობის მიღება სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე.
ამავე წესების 191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა (გარდა ამ წესების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამასთან, თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-19 და 191 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 5 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-19 და 191 მუხლებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს
მხოლოდ განაცხადის ხელახლა წარდგენისას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის პირველ აგვისტოს შპს „ფ...მა“ განცხადებით (რეგისტრაციის №18833) მიმართა შპს „ყ...ს“ და მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2ბ, აბონენტთა საერთო რაოდენობა 250) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთება.
2019 წლის 8 აგვისტოს შპს „ფ...ს“ ეცნობა, რომ შპს „ყ...ის“ მიერ განაცხადი დახარვეზდა იმ მოტივით, რომ ობიექტზე არ იყო დასრულებული სამშენებლო სამუშაოები. 2019 წლის 28 ნოემბერს შპს „ფ...მა“ განმეორებით განცხადებით (რეგისტრაციის №19340) მიმართა შპს „თ...ს“ და მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2ბ, აბონენტთა საერთო რაოდენობა 250) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთება. ამასთან, განმცხადებლის მიერ გადახდილ იქნა მიერთების საფასური, ჯამში - 100 000 ლარის ოდენობით. 2019 წლის 4 დეკემბერს შპს „თ...მ“ კვლავ დაახარვეზა განაცხადი იმავე მოტივით. კერძოდ, შეტყობინებაში მიეთითა, რომ კორპუსის მშენებლობა, რომლის გაზიფიცირებაც სურდა დამკვეთს, არ იყო დასრულებული.
2020 წლის 5 ივნისს შპს „ფ...მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „თ...ს“ მიერ კომპანიის 2019 წლის 28 ნოემბრის განაცხადის მიღება და მიერთების საფასურის განულება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადის ხელმეორედ გასვლის გამო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №51/21 გადაწყვეტილებით, შპს „ფ...ს“ წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა და შპს „თ...ს“ დაევალა შპს „ფ...ს“ კუთვნილი ობიექტის (მის: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2ბ), ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფა. ამავე გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის ხელმეორედ გადაცილების გამო მიერთების საფასური განულდა და კომპანიას დაევალა გადახდილი მიერთების საფასურის კომპენსაციის სახით მომხმარებლისათვის გადახდა. სადავო გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია და განიმარტა, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე კომისიაში ლიცენზიანტი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით (მათ შორის, ფოტომასალით) არ დასტურდებოდა ისეთი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა
ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოების წარმოების შეუძლებლობას. მარეგულირებელმა კომისიამ მართებულად მიიჩნია, რომ შპს „ფ...ს“ განაცხადის დახარვეზება დაუსაბუთებელი იყო.
კასატორი არ ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №51/21 გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ შპს ,,ფ...ს“ კუთვნილ ობიექტზე (მისამართ: ქ. თბილისი, ...ის ქ. №2ბ, ს/კ ...) კვლავ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობა არ იყო დასრულებული, არ იყო უზრუნველყოფილი შრომის უსაფრთხოების პირობები, რაც გამორიცხავდა გამანაწილებელი ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელებასაც კი, რადგან წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ აუშენებელ, დაუსრულებელ ფართებში შეირჩეს გაზსადენის ან/და მასთან მიერთებული დანადგარების განთავსების ადგილები.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის N126 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლითაც „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები, სადაც მითითებულია შემდეგი: შენობა - ნაგებობებში გაზიფიკაციის სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ მითითებულ შენობებში დასრულებულია კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები (გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა), მათ შორის, აშენებულია ყველა სართული, გადახურვით, საერთო სარგებლობის ფართობი, სადაც განთავსებული იქნება გაზგაყვანილობა და/ან გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები, რომლებიც უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო მრავალბინიანი შენობების შემთხვევაში, დასრულებულია და დაცულია ლიფტის შახტები; მოწესრიგებულია კიბის უჯრედები და გამოყოფილია ბინები. რაც შეეხება 12 პუნქტს, მითითებულია, რომ გაზის მიმწოდებელი შესაბამისი საწარმო უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ინფორმაცია გაზიფიცირების ობიექტზე შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ადგილზე შეამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში არსებულ 2019 წლის 28 ნოემბრის შპს „ფ...ს“ განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ
აბონენტების მიხედვით დაზუსტებული მისამართები, მითითებულია გაზიფიცირების განსახორციელებლად ბინათა რაოდენობა. ასევე შპს „ფ...ს“ მიერ წარდგენილი იყო მშენებლობის კალენდარული გრაფიკი. საყურადღებოა, ასევე შპს „თ...ს“ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა მშენებლობის ამსახველი ფოტომასალა. აღნიშნული დოკუმენტაცია და ფოტომასალა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „თ...ს“ მიერ შპს „ფ...ს“ 2019 წლის 28 ნოემბერს წარდგენილი განაცხადისათვის ხარვეზის დადგენა წინააღმდეგობაში იყო სამშენებლო ობიექტის იმჟამად არსებულ მდგომარეობასთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს „ფ...ს“ კუთვნილ (მის: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2ბ) სამშენებლო ობიექტზე სამუშაოები არ იყო მიყვანილი მოპირკეთების ეტაპამდე, ან მშენებლობის კონკრეტული ნაწილი შესაძლოა პროექტის შეუსაბამოდ ყოფილიყო აშენებული, არ ქმნიდა ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების სამუშაოების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველს. შპს „თ...ს“ მიერ განმეორებით განაცხადზე ხარვეზის დადგენის მიზეზად მითითებული გარემოებები არ შეიძლება განხილულ იქნეს იმგვარ დამაბრკოლებელ გარემოებად, რაც ტექნიკურად ან ფაქტობრივად გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისა და ამ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო გაზიფიცირების შეუძლებლობას დაადასტურებდა. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №51/21 გადაწყვეტილება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დაცვით და არ არსებობის მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარზე 20.07.2022წ. №186 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „თ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. შპს „თ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.07.2022წ. №186 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე