დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.07.2023
საქმის ნომერი
ბს-1461(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1461(კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი.ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ხ-ამ 2016 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიმართ ამავე საბჭოს 2016 წლის 18 აგვისტოს №2783214 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ხ-ამ.

2018 წლის 5 დეკემბერს ი.ხ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სადაც მოპასუხეებად მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2016 წლის 18 აგვისტოს №2783214 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ი.ხ-ას განცხადება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით სპეციალური, ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით ი.ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი (ვირტუალური უარი), მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი №1432814 განცხადების თაობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.ხ-ამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი

გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ არსებული დავის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს ერთმევა საკუთრების უფლებით სარგებლობა. კასატორის მითითებით, მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა (სპეციალური ზონალური შეთანხმება) არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რამდენადაც მას არ რჩება საფუძველი უარი თქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა არის კანონდარღვევა და დამკვეთის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ხ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში ი.ხ-ას მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს ადგენდა სადავო პერიოდში მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების ტერიტორიის ნაწილებისათვის ან მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს გენერალური გეგმის დეფინიციას, კერძოდ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით კი, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი.ხ-ას 2016 წლის 17 აგვისტოს №AR1432814 განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილ იქნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 18.08.2016წ. №43 სხდომაზე მესამედ განიხილა ი.ხ-ას მოთხოვნა და უარი თქვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, სპეციალური, ზონალური ნებართვისა და ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემაზე. კომისიის წევრთა განმარტებით, ტერიტორია წარმოადგენს გზას შორის გამწვანებას (ხეივანს), რომელშიც ქალაქგეგმარებითი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სარეკრეაციო ფუნქციის ობიექტებით. ამდენად, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ორ გზას შორის არსებული გამწვანების ზოლის ათვისება; საჭირო იყო ტერიტორია დარჩენილიყო გამწვანებულ ზოლად და სარეზერვოდ, სატრანსპორტო ზონის განვითარების საჭიროების შემთხვევაში.

დადგენილია, რომ ი.ხ-ამ 2016 წლის 17 აგვისტოს №AR1432814 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის მოთხოვნით. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დღეის მდგომარეობით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უფლებამოსილ პირს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გადაწყვეტილება არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას. მისი შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თუ უფლებრივი ზონირების რუკა განსაზღვრავს ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია („სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულია „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, რომლითაც დადგენილია სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთის გამოყენების სპეციფიკური პირობები. აღნიშნული წესები წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ხსენებული „წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა (სზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს; მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს.

ზემოხსენებული „წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ რეკრეაციულ ზონა 1-ში (რზ-1) დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკრეაციულ ზონა 2-ში (რზ-2) დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა. ამდენად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასახლების ტერიტორიას ყოფს კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მისი შემდგომი განვითარებისათვის, კერძოდ, მისი სამშენებლო განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფუნქციურ ზონაშია მოქცეული მიწის ნაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მის მიერ თავდაპირველი განცხადების წარდგენის დროისათვის მოქცეული იყო რეკრეაციულ ზონა 2-ში (რზ-2), ხოლო სასამართლოში დავის წარმოების დროს, კონკრეტული უძრავი ქონება მოექცა რეკრეაციულ ზონა 1-ში, სადაც, სადავო პერიოდში მოქმედი წესის თანახმად, დაუშვებელი იყო ყოველგვარი მშენებლობა.

საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას გაამახვილებს „სივრცითი მოწყობისა და

ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიის ცალკეული ნაწილების გამოყენება და განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საერთო პირობებსა და მოთხოვნებს, მათ შორის, ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით ხელი უნდა შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო აქტის ვირტუალურობის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი არ არის გადაწყვეტილების კონკრეტული და დეტალური დასაბუთება. ის ფაქტი, რომ სადავო ტერიტორიას შეეცვალა ზონალური დატვირთვა და რეკრეაციულ ზონა 2-ის ნაცვლად მიენიჭა სტატუსი - რეკრეაციული ზონა 1, მიუთითებს, რომ სახეზეა საჯარო ინტერესი - სადავო ტერიტორიაზე შენარჩუნებულ იქნეს არსებული გამწვანების ზოლი იმ სახით, როგორც ამჟამად არსებობს.

საყურადღებოა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი წესის თანახმად, რეკრეაციულ ზონა 2-ში (რზ-2) დაუშვებელი იყო ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა. შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცულ იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამდენად, დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს ნათლად გაცხადებული საჯარო მიზნები.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო ინტერესს წარმოადგენდა, შენარჩუნებულიყო ორ გზას შორის არსებული გამწვანების ზოლი; ტერიტორია წარმოადგენდა გზას შორის გამწვანებას (ხეივანს), რომელშიც ქალაქგეგმარებითი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სარეკრეაციო ფუნქციის ობიექტებით. არ იყო მიზანშეწონილი ორ გზას შორის არსებული გამწვანების ზოლის ათვისება. საჭირო იყო ტერიტორია დარჩენილიყო გამწვანებულ ზოლად და სარეზერვოდ სატრანსპორტო ზონის განვითარების საჭიროების შემთხვევაში. სწორედ დასახელებული ინტერესების გამო ეთქვა უარი განმცხადებელს მისი საკუთრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორებისა და ბალანსის უზრუნველყოფის ვალდებულება ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვას. შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა, შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული წინაპირობის დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ჩარევის ღონისძიებისა და ლეგიტიმურ მიზანს შორის პროპორცია დაცულია და დამატებით მიუთითებს, რომ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის კერძო ინტერესი ვერ გადაწონის საჯარო ინტერესს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი კვლავ რჩება მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო საკუთრების უფლების სრული რეალიზაციისთვის მას უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვოს კომპენსაცია, რაც ასევე გათვალისწინებულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს მოქმედი დადგენილების მე-6 დანართში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ.ქ-ს ი.ხ-ას საკასაციო საჩივარზე 09.12.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ.ქ-ს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. გ.ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი.ხ-ას საკასაციო საჩივარზე 31.05.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე