დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-126(3კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - გ.ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი (კასატორი), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირები - მ.კ-ე (კასატორი), გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2015 წლის 7 დეკემბერს გ.ბ-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ.კ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს ნაცვლად ჩაერთო სათანადო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, 2020 წლის 28 ივლისის შუამდგომლობით, მოითხოვა 2007 წლის 4 მაისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N ... ოქმისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 25 აპრილის (განცხადების რეგისტრაციის თარიღი N...) და 2007 წლის 16 მაისის (განცხადების რეგისტრაციის თარიღი N...) გადაწყვეტილებების, ასევე ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ამავე სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის N... და 2015 წლის 29 მაისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის, სოფელ ...ში, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 25 აპრილის (განცხადების რეგისტრაციის თარიღი N...) და 2007 წლის 16 მაისის (განცხადების რეგისტრაციის თარიღი N...) გადაწყვეტილებები, ასევე ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ამავე სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის N... და 2015 წლის 29 მაისის N... ცრეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. გ.ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ.ბ-ემ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მ.კ-ემ.
კასატორის - მ.კ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მას 2000 წლის 25 მაისის გამგეობის დადგენილების საფუძველზე, სოფელ ...ში „ ...სთან" გამოეყო 50 000 კვ.მ საძოვარი იჯარით, გ.ბ-ეს კი, 2004 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ...ში „...ში" სახნავ-სათესი. ამასთან, მისი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ჩრდილოეთიდან ...ის კალაპოტს და სამხრეთით სოფლის ... გზებს შორის (კალაპოტსა და მიწის ნაკვეთებს შორის სხვაობა სიმაღლეში შეადგენდა 4-5 მეტრს).
კასატორის განმარტებით, მან 2007 წლის 4 მაისს უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N... ოქმის საფუძველზე, კიდევ შეიძინა და 2007 წლის 16 მაისს საკუთრებაში აღრიცხა 80 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სულ შესყიდული აქვს 13 ჰა მიწის ნაკვეთი. 1986 წლის სოფელ ...ში მიწათსარგებლობის გეგმიდან ირკვევა, რომ მის საკუთრებაში არსებული 5 ჰა მიწის ნაკვეთის საზღვრები ექცევა ზუსტად მის საკუთრებაში არსებულ 13 ჰა მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 აგვისტოს დასკვნით დადგენილია, რომ მ.კ-ეს საკუთრებაში 13 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად აქვს 12428 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ანუ იმაზე ნაკლები, რაც შეისყიდა სახელმწიფოსგან და იგი არ არის ვალდებული თავისი ნაკვეთის ხარჯზე დააკმაყოფილოს გ.ბ-ე. ასევე, ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით მ.კ-ეს შეცვლილი აქვს მდებარეობა და კონფიგურაცია, რასაც ასევე არ იზიარებს კასატორი და მიუთითებს, რომ მას 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაერთიანებული აქვს 80 000 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, რაც შეეხება კონფიგურაციას ყველა ამზომველი თავისი შეხედულებით განსაზღვრავს აზომვის წერტილს, რაც იწვევს სწორედ ამ კონფიგურაციის შეცვლას.
კასატორის განმარტებით, გ.ბ-ემ, როდესაც დაზუსტებული სახით მოითხოვა რეგისტრაცია და წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი 10.2 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შეგნებულად დატოვა 1 ჰა მიწის ნაკვეთი აუზომავი და გადავიდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაც დასტურდება ასევე იმ ფაქტით, რომ 2020 წლის 3 თებერვალს მის გვერდით არსებული მიწის ნაკვეთი 9894 კვ.მ (ს.კ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააუქმა. არ გაითვალისწინა მესამე პირის ინტერესი, რომელიც კანონის წინაშე ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც მოსარჩელეთა უფლებები.
კასატორის მითითებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად, გურჯაანში, სოფელ ...ში, „...სთან“, ... საკადასტრო კოდით, დაზუსტებული ფართობი 50 000 კვ.მ რეგისტრირებულია მ.კ-ის საკუთრებად, საფუძვლად მითითებულია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N ... (დამოწმების თარიღი: 04/05/2007, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, 29.06.2006 წელს გ.ბ-ის სახელზე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის (..., გაფორმების თარიღი: 29/06/2006, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო) საფუძველზე დაუზუსტებლად დარეგისტრირდა 102000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
კასატორის განმარტებით, უცნობია რა უნდა გამოიკვლიოს მარეგისტრირებელმა ორგანომ, რამეთუ სასარჩელო მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 4 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N ... ოქმი ძალაში დატოვა და არ შეაფასა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - გ.ბ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ძირითადად სწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა 2.7 ჰა ფართობის ნაწილში 2007 წლის 4 მაისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი № ... ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე. კასატორის განმარტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილობით შეუძლებელია დარღვეული უფლების აღდგენა, რადგან საჯარო რეესტრი პრივატიზაციით გაცემული, აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთებზე არ არეგისტრირებს ცვლილებას, თუ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 1/3-ით იცვლის კონფიგურაციას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის ადგილი ჰქონდა მორიგების მცდელობას, მათ საჯარო რეესტრში წარადგინეს საკადასტრო ნახაზები, რომლითაც შეამცირეს ფართობები და ადგილი აღარ ჰქონდა გადაფარვას. საჯარო რეესტრმა წერილობით თანხმობა სთხოვა ეკონომიკის სამინისტროს ცვლილების რეგისტრაციაზე, ვინაიდან აუქციონზე შეძენილი ნაკვეთი იცვლიდა კოორდინატებს. ეკონომიკის სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი შეტანილი იყო მის წინააღმდეგ და დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა, უარი განაცხადა ცვლილების რეგისტრაციაზე. ამასთან არ განახორციელა არავითარი მოკვლევა, არ მიავლინა თავისი სპეციალისტები, რათა ადგილზე შეესწავლათ მათ მიერ აუქციონზე გაყიდული ნაკვეთების და რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთების კოორდინატები. მოპასუხე ეკონომიკის სამინისტრომ ერთი ჰექტარი თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მხარეთა მორიგება გ.ბ-ისათვის ამ მიწის ნაკვეთის გადაცემით, სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრირა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.ბ-ის, ხოლო 2022 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ.კ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 4 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N ... ოქმისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 25 აპრილის (განცხადების რეგისტრაციის თარიღი N...) და 2007 წლის 16 მაისის (განცხადების რეგისტრაციის თარიღი N...) გადაწყვეტილებების, ასევე, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ამავე სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის N... და 2015 წლის 29 მაისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ოქმების გამოცემის პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ (ძალადაკარგულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით), რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე - 2005 წლის 29 ივლისს. ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კანონის შესაბამისად პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის ამ კანონის ამოქმედებამდე (2005 წლის 29 ივლისი) იჯარით გაცემული საძოვარი. კანონმდებლობა კრძალავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის პრივატიზებას იმ შემთხვევაში, თუ ის იჯარით გაცემული იყო 2005 წლის 29 ივლისის შემდეგ ან საერთოდ არ იყო იჯარით გაცემული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002 წლის 23 დეკემბრის N ... საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე გურჯაანის რაიონის გამგეობასა და მოიჯარე მ.კ-ეს შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, იჯარის ობიექტი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწა 5 ჰა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 4 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N ... ოქმით მ.კ-ეს საკუთრებაში გადაეცა გურჯაანის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე მის მიერ იჯარით აღებული საძოვრის დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი 5 ჰექტარის ოდენობით.
2014 წლის 22 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, მ.კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია გურჯაანში, სოფელ ...ში, „...სთან“ მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 50 000 კვ.მ დაუზუსტებელი ფართობი. უფლების დამდეგ დოკუმენტად მითითებულია ქონების შეძენის დამადასტურებელი N ... ოქმი. მანამდე, აღნიშნული მონაცემებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული იყო მიწის სააღრიცხვო ბარათები: 25.04.2007წ. (რეგ.N...) და 16.05.2007წ. (რეგ.N...).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა ასევე გ.ბ-ისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია და მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N46 ოქმის მიხედვით, საკუთრებაში გადაეცა გურჯაანის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახნავი კატეგორიის 10,2 ჰა მიწის ნაკვეთი, რის საფუძველზეც გ.ბ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა სააღრიცხვო ჩანაწერებში 2006 წლის 29 ივნისიდან, ხოლო შემდგომ 2013 წლის 30 დეკემბერს უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი სახით 102000 კვ.მ. ფართის ოდენობით. დადგენილია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია გ.ბ-ემ ვერ შეძლო იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, მიწის ნაკვეთის წარდგენილი საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, ზედდებას ადგილი ჰქონდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან 2,7 ჰა ფართის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ზედდებაშია მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ამჟამად რეგისტრირებულია მესამე პირის მ.კ-ის საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ 2002 წლის 23 დეკემბრის N ... საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 4 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N ... ოქმით მ.კ-ეს საკუთრებაში გადაეცა გურჯაანის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე იჯარით აღებული საძოვრის დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი 5 ჰექტარის ოდენობით. შესაბამისად არ არსებობდა გ.ბ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე გ.ბ-ის იურიდიული ინტერესი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისადმი მდგომარეობს იმაში, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ...ში, ,,...ში“, მდებარე მიწის ნაკვეთზე დააზუსტოს მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი.
საკასაციო სასამართლო კონკრეტული დავისას მხარეთა ყურადღებას მიაქცევს და გამიჯნავს შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება ეფუძნება უშუალოდ ამ რეგისტრაციის უკანონობას, იმ ვითარებას, როდესაც მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევებს, როდესაც რეგისტრაციის დროს ადგილი აქვს ხარვეზით რეგისტრაციას. კერძოდ, ზედდება განპირობებულია მხოლოდ უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რის გამოც საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე უნდა განისაზღვროს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილი იქნეს მისი რეალიზაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. აღნიშნული უფლების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას კი ქმნის საჯარო რეესტრი.
საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნისა და დაცვის საფუძველი, რამეთუ უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს.
რამდენადაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტი რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს, სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობაზე, რაც წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
საკასაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას (სუსგ №ბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ.).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრისთვის ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტიდან ცნობილი იყო ზემოაღნიშნული ორი მიწის ნაკვეთის ურთიერთმდებარეობა და მათი კონფიგურაცია, შემდგომი დაზუსტებული რეგისტრაცია განხორციელდა ისე, რომ მის შედეგად გ.ბ-ის კუთვნილი ქონება ფაქტობრივად მოექცა მესამე პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელი იყო, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად მოეხდინა იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომლის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციასაც ახდენდა. მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი ორივე მხარის ინტერესთა დაცვა, საკუთრების უფლების ხელყოფის აღმოფხვრა და მიწის ნაკვეთთა ზედდების გამორიცხვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 მაისის დასკვნაზე, რომლითაც გურჯაანის რაიონის სოფელ ...ში, გ.ბ-ის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მის მოსაზღვრედ არსებული მონაცემები, შპს ....ის ,,...ის“ მიერ 2006 წლის 20 აპრილს მომზადებულ აზომვით ნახაზზე და საკადასტრო გეგმაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2006 წლის 27 აპრილს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე და გ.ბ-ის სახელზე მომზადებული, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციაზე მითითებული მონაცემები ძირითადად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო შპს ...ის ,,...ის“ მიერ 2007 წლის 25 აპრილს მომზადებულ აზომვით ნახაზზე და საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთი, მ.კ-ის სახელზე მომზადებული, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციაზე მოხაზული მიწის ნაკვეთი და შპს ,,ა...“-ის მიერ 2014 წლის 15 დეკემბერს მ.კ-ის სახელზე მომზადებული, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოხაზული მიწის ნაკვეთი (რომლის საფუძველზეც განხორციელდა ელექტრონული რეგისტრაცია) კონფიგურაციით არ შეესაბამება ერთმანეთს, ასევე ვერ ხდება მ.კ-ის სახელზე მომზადებული იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციაზე მოხაზული მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის დადგენა (შეცვლილია კონფიგურაცია).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მოსარჩელისა და მესამე პირის ნაკვეთებთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეუფასებია ის გარემოებები, რომლებსაც სადავო საკითხისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ, იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.კ-ეს ჯერ იჯარით, შემდგომ კი საკუთრების უფლებით გადაეცა ,,...ებთან“ მდებარე საძოვარის დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო გ.ბ-ის ნაკვეთი მდებარეობდა ,,...ში“ და წარმოადგენდა სახნავი დანიშნულების მიწას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ.ბ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრების მდებარეობაში შესაძლოა ფიქსირდებოდეს უმნიშვნელო ცდომილება, მაშინ როდესაც, ამავე დასკვნის თანახმად, მ.კ-ის მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ არის შესაბამისობაში მისთვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთთან. სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას არ იქნა გამოკვლეული, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვ.) რამდენად იძლეოდა აღნიშნული კონფიგურაციითა და ადგილმდებარეობით, სადავო რეგისტრაციების განხორციელების შესაძლებლობას. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის იმ მასალებთან ურთიერთშედარებით, რაც დაცული იყო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე დაინტერესებულ მხარეთა მოსმენით ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაედგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახური სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე ვალდებული იყო დაედგინა ამავე მიწის ნაკვეთზე სხვა პირზე რეგისტრაციის თუნდაც დაუზუსტებელი სახით არსებობა, ვინაიდან გ.ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი სახით რეგისტრაციის შესაძლებლობას. თავის მხრივ, დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, რომელიც ვერ გამოიწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება ნაკვეთის ნაწილზე, მით უფრო, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა ზედდების ნაწილში მიწის ნაკვეთის სხვა ადგილმდებარეობის არსებობის შესაძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება და ამასთან, გ.ბ-ე და მ.კ-ე მიუთითებენ მათთვის გადაცემული მიწის ნაკვეთებით სარგებლობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 4 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N ... ოქმით გადაცემული მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობა. მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო შეზღუდული არ იყო მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების - მოსარჩელისა და მესამე პირის უძრავი ქონების გეოგრაფიული მდებარეობის სრულყოფილად დადგენას.
ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ბ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ.კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მ.კ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.03.2022წ, №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. გ.ბ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.03.2022წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე