დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.05.2023
საქმის ნომერი
ბს-258(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-258(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები - ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობა, მ.მ-ი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ფ-ამ 2014 წლის 24 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის 2014 წლის 24 თებერვლის №357 განკარგულება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში ჩაბმულ იქნა მ.მ-ი და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მ.ფ-ას მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში მყოფ ადმინისტრაციულ №3/4304-14 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე მ.ფ-ას მოთხოვნას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირის - მ.მ-ის მიმართ, წარმოადგენდა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის მიერ 2003 წლის 11 დეკემბერს მ.მ-ის სახელზე გაცემული №... ორდერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით მ.ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათზე მითითებით დამატებით აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის გაჩინებით აღნიშნული საქმის განხილვა შეჩერებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში მყოფ №3/4304-14 საქმეზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის მიერ 2003 წლის 11 დეკემბერს მ.მ-ის სახელზე გაცემული №... ორდერის ბათილობის შესახებ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, მ.ფ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/4304-14), მ.ფ-ას სარჩელი მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირის - მ.მ-ის მიმართ ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ არ არსებობდა ქ. თბილისის მერიის მიერ 2003 წლის 11 დეკემბერს მ.მ-ის სახელზე გაცემული №... ორდერის ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 24 თებერვლის №357 განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ.მ-ის 2014 წლის 15 იანვრის №12/1401588-40 ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილების და 2008 წლის 10 ივლისის №217/2-04 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო განუხილველად დარჩა 2014 წლის 15 იანვრის №12/1401588-40 ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2013 წლის 16 დეკემბრის №12/13308365-47 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

ქალაქ თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილებისა და 2008 წლის 10 ივლისის №217/2-04 განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 19 ოქტომბრის №12.6.212 გადაწყვეტილებით თ.ფ-ას დაუმტკიცდა 42.0 კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა №8, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი 11-ში და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 1994 წლის 4 ნოემბერს, საბურთალოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა გასცა ორდერი №... სამ ოთახიან ფართზე მოქალაქე თ.ფ-ას სახელზე. ამ უკანასკნელის მემკვიდრემ - მ.ფ-ამ 2008 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას და მოითხოვა მისი მამკვიდრებლის სახელზე 1994 წლის 04 ნოემბერს გაცემულ №... ორდერში მითითებული ბინის ნომრის შეცვლა და მისთვის №8-ის ნაცვლად №9-ის მინიჭება, რადგან აღნიშნულ კორპუსში ბინა №8-ზე არსებობდა სხვისი საკუთრების უფლება. ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილებით დაკმაყოფილდა მ.ფ-ას თხოვნა და ქალაქ თბილისში, ... , მე-4 მ/რ, კორპუსი №11-ში მდებარე, თ.ფ-ას სახელზე რიცხულ ბინას მიენიჭა №9, რის შემდეგაც, 2008 წლის 10 ივლისის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის №217/2-04 განკარგულებით, წარდგენილი ბინის ორდერის ასლის (ორდერი - №... ) და შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით მ.ფ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა - ...ში, მე-4 მ/რაიონი, კორპუსი №11-ში, მდებარე ბინა №9, საერთო ფართით - 90.94. კვ.მ და გაიცა საკუთრების მოწმობა №... ბინაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, ... მე-4 მ/რ, კორპ №11, ბინა №9-ზე. №... საკუთრების მოწმობის საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება მ.ფ-ას საკუთრებად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (საკადასტრო კოდით ...). ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ 2003 წელის 11 დეკემბერს, მ.მ-ის სახელზე, გაცემულ იქნა ორდერი №..., ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №11, მე-3 სართული, №9 ბინაზე, ფართი 47 კვ.მ, ხოლო ქალქ თბილისის მერიის მიერ 2004 წლის 11 ივლისს ასევე გაცემულია ორდერი №..., ი.ო-ის სახელზე, ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №11, მე-3 სართული, №8 ბინაზე, ფართი 27 კვ.მ. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №11-ში, მე-3 სართულზე არსებულ ბინებზე გაცემულ იქნა 3 ორდერი, კერძოდ, თ.ფ-ას სახელზე გაცემული №... ორდერი ბინა №8-ზე, მ.მ-ის სახელზე გაცემული №... ორდერი ბინა №9-ზე და ი.ო-ის სახელზე გაცემული №... ორდერი ბინა №8-ზე. იმის გათვალისწინებით, რომ ბინა №8-ით ირიცხებოდა ორი ორდერი, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ მიღებული იქნა 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილება თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის №9-ის მინიჭების თაობაზე, თუმცა დადგენილებაში არ იქნა მითითებული, რატომ მოხდა თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის №9-ის მინიჭება და არა სხვა ნუმერაციის და ამასთან, ხომ არ არსებობდა №9-ზე გაცემული სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 97-ე მუხლზე, 201-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ.ფ-ას დაუმტკიცდა 42.0 კვ.მ ფართობის სამ ოთახიანი ბინა №8, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი 11, მე-2 სართული, ხოლო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილებით თ.ფ-ას სახელზე რიცხულ ბინას მიენიჭა №9, ისე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული არსებობდა თუ არა იგივე მისამართზე ბინა №9 და მასზე ხომ არ იყო გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაბუთებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება, რომ მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ ბინა №9-ზე საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, არ ადასტურებდა აღნიშნული ნუმერაციით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების არ არსებობის ფაქტს და სსიპ საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 05 ივნისის წერილი არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას მომხდარიყო თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის №9-ის მინიჭება. ამდენად, დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილება ისე იქნა მიღებული, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის №9-ის მინიჭება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და №... ბინის ორდერით თ.ფ-ას დაუმტკიცდა ბინა №8, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ 2008 წლის 10 ივლისის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის №217/2-04 განკარგულებაც მართლზომიერად ცნო ბათილად, ვინაიდან აღნიშნული აქტი გამოცემულია სწორედ №9 ნუმერაციით არსებულ ბინაზე და არა №8 ნუმერაციით არსებულ ბინაზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ.მ-ის სახელზე გაცემული ორდერის სიყალბეს, ან იმ გარემოებას, რომ ორდერი არ არის ძალაში. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/4304-14) დადგინდა, რომ არ არსებობდა ქ. თბილისის მერიის მიერ 2003 დეკემბერს მ.მ-ის სახელზე გაცემული №... ორდერის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მ.ფ-ას სარჩელი მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირის - მ.მ-ის მიმართ ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 24 თებერვლის №357 განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ.მ-ის 2014 წლის 15 იანვრის №12/1401588-40 ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილების და 2008 წლის 10 ივლისის №217/2-04 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, გამოცემულია კანონის სრული დაცვით, სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ-ამ.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 24 თებერვლის №357 განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ.მ-ის 2014 წლის 15 იანვრის №12/1401588-40 ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილების და 2008 წლის 10 ივლისის №217/2-04 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში. სადავო დადგენილების ბათილად ცნობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა შემდეგი: „მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რნი, კორპუსი №11-ში, მე-3 სართულზე არსებულ ბინებზე გაცემული იქნა 3 ორდერი, კერძოდ, თ.ფ-ას სახელზე გაცემული №... ორდერი ბინა №8-ზე, მ.მ-ის სახელზე გაცემული ორდერი ბინა №9-ზე და ი.ო-ის სახელზე გაცემული №... ორდერი ბინა №8-ზე“. ამდენად, სასამართლო ადასტურებს რომ სამივე ორდერი გაცემული იქნა მე-3 სართულზე. სასამართლოს განმარტებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობის მიერ ისე იქნა მიღებული 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილება თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის №9-ის მინიჭების თაობაზე, დადგენილებაში არ იქნა მითითებული, რატომ მოხდა თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის №9-ის მინიჭება და არა სხვა ნუმერაციის და ამასთან, ხომ არ არსებობდა №9-ზე გაცემული სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი. ანუ, სასამართლომ მთავარ კანონდარღვევად რის გამოც გაიზიარა მერიის პოზიცია აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის შესახებ არის ის, რომ გამგეობას უნდა დაესაბუთებინა რატომ მიანიჭა მ.ფ-ას სახელზე ბინის რეგისტრაციას №9 და არა სხვა ნომერი. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილებაში განმარტებულია, რომ №8 ბინა უკვე რეგისტრირებულია ამავე საცხოვრებელ კორპუსში და იგი რეგისტრირებულია მ.ფ-ას მეზობელზე, ანუ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო ფაქტი, რომ ნუმერაცია №8 უკვე რეგისტრირებული იყო. ამდენად, კომისიამ იხელმძღვანელა იმ დროს არსებული წესებით და მ.ფ-ას ბინას მიანიჭა შემდეგი ნომერი, რომელიც იყო თავისუფალი - №9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს იმ სამართლის ნორმას (საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტი), რომელიც დაარღვია გამგეობამ ნუმერაციის გადაწყვეტილების მიღების დროს.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოხდა მხოლოდ ბინის ნუმერაციის შეცვლა და არა ბინის ფართის შეცვლა, თუმცა სასამართლოს განმარტებით მ.ფ-ამ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა არა მის სახელზე ორდერში მითითებული, არამედ სხვა ბინა, რაც არ შეესაბამება რეალურად არსებულ ვითარებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ფ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1994 წლის 19 ოქტომბერს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ განხილულ იქნა საქართველოს მშენებელთა კავშირის შუამდგომლობა მოქალაქე თ.ფ-ასათვის საცხოვრებელი ფართის დამტკიცების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 27-28); ბ) ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.ფ-ას დაუმტკიცდა 42.0 კვ.მ ფართობის სამ ოთახიანი ბინა №8, მდებარე - ქ. თბილისი, ... , მე-4 მ/რ, კორპუსი 11 (ტ.1. ს.ფ. 27-28); გ) 1994 წლის 4 ნოემბერს საქართველოს სს რესპუბლიკაში საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვისა საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესის თანახმად, საბურთალოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა გასცა ორდერი №... სამ ოთახიან ფართზე მოქალაქე თ.ფ-ას სახელზე (ტ.1. ს.ფ. 35); დ) თ.ფ-ას მემკვიდრემ მ.ფ-ამ 2008 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას და მოითხოვა მისი მამკვიდრებლის სახელზე 1994 წლის 04 ნოემბერს გაცემულ №... ორდერში მითითებული ბინის ნომრის შეცვლა და მისთვის №8-ის ნაცვლად №9-ის მინიჭება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ აღნიშნულ კორპუსში ბინა №8-ზე არსებობდა სხვისი საკუთრების უფლება (ტ. 1, ს.ფ. 41-43, 256); ე) ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილებით დაკმაყოფილდა მ.ფ-ას თხოვნა და ქალაქ თბილისში, ... , მე-4 მ/რ, კორპუსი №11-ში მდებარე, თ.ფ-ას სახელზე რიცხულ ბინას მიენიჭა №9 (ტ. 1, ს.ფ. 264); ვ) 2008 წლის 10 ივლისის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის №217/2-04 განკარგულებით, წარდგენილი ბინის ორდერის ასლის (ორდერი - №... ) და შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით მ.ფ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ...ში, მე-4 მ/რაიონი, კორპუსი №11-ში, მდებარე ბინა №9, საერთო ფართით - 90.94. კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 37); ვ) 2008 წლის 10 ივლისის ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის განკარგულების №217/2-04 საფუძველზე გაიცა საკუთრების მოწმობა №... ბინაზე მდებარე: ქ. თბილისი ... მე-4 მ/რ, კორპ №11, ბინა №9-ზე (ტ.1. ს.ფ. 38); ზ) 2008 წლის 16 ივლისს მ.ფ-ამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოახდინა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-4 მ/რ, კორპ. №11, ბინა №9-ზე (საკადასტრო კოდით ...) უფლების რეგისტრაცა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების მოწმობა №... (ტ.1. ს.ფ. 44); თ) ქალაქ თბილისის მერიის მიერ 2003 წელის 11 დეკემბერს, მ.მ-ის სახელზე, გაცემულ იქნა ორდერი №... , ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №11, მე-3 სართული, №9 ბინაზე, ფართი 47 კვ.მ. (ტ. 1, ს.ფ. 155); ი) ქალქ თბილისის მერიის მიერ 2004 წლის 11 ივლისს გაცემულია ორდერი №... ი.ო-ის სახელზე, ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №11, მე-3 სართული, №8 ბინაზე, ფართი 27 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 158); კ) 2014 წლის 24 თებერვლის №357 განკარგულებით ქალაქ თბილისის მერიამ დააკმაყოფილა მ.მ-ის 2014 წლის 15 იანვრის №12/1401588-40 ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილების და 2008 წლის 10 ივლისის №217/2-04 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილების მიღების დროს უნდა გამოეკვლია არსებობდა თუ არა ქ. თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპ. №11-ში, ბინა №9 და მასზე ხომ არ იყო გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორდერი), რის შემდეგაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება ნომრის მინიჭების თაობაზე, თუმცა გამგეობის მხრიდან აღნიშნული არ განხორციელებულა, რაც წარმოდგენს მის ვალდებულებას, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. საქმეში არსებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 5 ივნისის №... წერილით არ დასტურდება №9 ბინაზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის ფაქტი, რადგან წერილში აღნიშნულია, რომ ბინა №9-ზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული, რაც არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მომხდარიყო ქ. თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპ. №11-ში მდებარე, თ.ფ-ას სახელზე რიცხულ ბინისათვის №9-ის მინიჭება, რადგან მასზე, არსებობდა ბინის ორდერი. შესაბამისად, 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილების მიღების დროს არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევა, რითაც დარღვეული იქნა მისი გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რაც წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს (ტ.1. ს.ფ. 20-26); ლ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/4304-14), მ.ფ-ას სარჩელი მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირის - მ.მ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის მიერ 2003 წლის 11 დეკემბერს მ.მ-ის სახელზე გაცემული №... ორდერი, არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ.ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, მ.ფ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად (ტ.2. ს.ფ. 68, 74-86);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე’’ 2007 წლის 20 ივლისის ქალაქ თბილისის მთავრობის №15.05.402 დადგენილების (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მთავრობის 07/30/2012 №19.14.722 დადგენილებით) მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილებას ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ იღებენ რაიონული გამგეობები ქალაქის მთავრობის მიერ მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის №15.05.402 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის გაყოფა; გ) ბინების შეერთება; დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; ე) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილებით დაკმაყოფილდა მ.ფ-ას თხოვნა და ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №11-ში მდებარე, თ.ფ-ას სახელზე რიცხულ ბინას მიენიჭა №9. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ 2003 წელის 11 დეკემბერს, მ.მ-ის სახელზე, გაცემულ იქნა ორდერი №..., ქალაქ თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №11, მე-3 სართული, №9 ბინაზე, ფართი 47 კვ.მ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქმეზე დაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილებით თ.ფ-ას სახელზე რიცხულ ბინას ისე მიენიჭა №9, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული არსებობდა თუ არა იგივე მისამართზე იმავე ნომრის ბინა და ხომ არ იყო გაცემული მასზედ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაბუთებულია გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მითითება იმის შესახებ, რომ მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობა არ ადასტურებდა ბინა №9-ზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის ფაქტს. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 05 ივნისის წერილი (ტ.1. ს.ფ. 40) არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას მომხდარიყო თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის №9-ის მინიჭება. ამდენად, დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 27 ივნისის №12.1.233 დადგენილება ისე იქნა მიღებული, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ.ფ-ას სახელზე რიცხული ბინისათვის ნომერი 9-ის მინიჭება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, დასაბუთებულია ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 10 ივლისის №217/2-04 განკარგულების ბათილად ცნობაც, რადგან აღნიშნული აქტი გამოცემულია №9 ნუმერაციით არსებულ ბინაზე და არა №8 ნუმერაციით არსებულ ბინაზე, როგორც ეს აღნიშნულია თ.ფ-ას სახელზე გაცემულ №... ბინის ორდერში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ.ფ-ას საკასაციო საჩივარზე 13.06.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. მ.ფ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.06.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე