დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.03.2005
საქმის ნომერი
ას-1357-1480-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1357-1480-04 24 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ცისკაძე,მ. გოგიშვილი

დავის საგანი: მამობის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჯ-მა სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევი რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მამად ცნობის ფაქტის დადგენა იმ საფუძვლით, რომ მან და მოპასუხემ 2002წ. 2 მარტიდან დაიწყეს ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობა, ქორწინების 5 თვის შემდეგ ფეხმძიმე ნ. ჯ-ი წავიდა თავის მშობლებთან ერთი თვით. ერთი თვის შემდეგ მასთან მივიდნენ მეუღლე და მისი მშობლები, მიუტანეს პირადი ნივთები და უარი განაცხადეს მის დაბრუნებაზე. 2002წ. 16 დეკემბერს ნ. ჯ-ს შეეძინა ვაჟი ც. ჯ-ი. მოპასუხეს არ უნდა შვილის აღიარება.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე ა. დ-ის მიმართ მამად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. დ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ განჩინებით მიიჩნია, რომ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით არ არის აუცილებელი ექსპერტიზის დანიშვნა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სკ-ის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბაშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. დ-ის წარმომადგენელდმა ე.ჯ-ემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მისი ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გენეტიკური გამოკვლევის (დნმ) შესახებ, რომელსაც ატარებს სასამართლო მ.-კრიმინალისტთა ასოციაცია “თ.“. აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო და მოითხოვა აღნიშნული ექსპერტიზის ამ კლინიკაში ჩატარება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ჯ-მა და ა. დ-ემ ჯვარი დაიწერეს და ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობა დაიწყეს 2002წ. 2 მარტიდან. ქორწინებიდან 5 თვის განმავლობაში ცოლქმარი ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას. ქორწინებიდან 5 თვის შემდეგ ფეხმძიმე ნ. ჯ-ი წავიდა თავის მშობლებთან ერთი თვით. ერთი თვის შემდეგ მასთან მივიდნენ მეუღლე და მისი მშობლები, მიუტანეს პირადი ნივთები და უარი განაცხადეს მის წაყვანაზე, 2002წ. 16 დეკემბერს ნ. ჯ-ს შეეძინა ვაჟი ც. ჯ-ი;

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გენეტიკური გამოკვლევის (დნმ) შესახებ, რომელსაც ატარებს სასამართლო მ. კრიმინალისტთა ასოციაცია „თ.“, აგრეთვე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო;

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა მხარეს, რომ მას შეეძლო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს კლინიკური საავადმყოფოსთვის თავად მიემართა შესაბამისი დასკვნის მისაღებად.

სსკ-ის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონი დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დასადგენად საკმარისად მიიჩნევს მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობას; განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება და საერთო მეურნეობის წარმოება ფაქტობრივი ქორწინებიდან ხუთი თვის განმავლობაში, რაც კასატორს სადაოდ არ გაუხდია; აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ არ არსებობდა კასატორის მიერ მითითებული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა;

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულილ განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

a. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.