დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-1357-1583-05 5 ივნისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «პ-ნის» დირექტორ ვ. ე-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე დ. შამუგიას სარჩელის გამო შპს «პ-ის» მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 12 ნოემბერს დ. შ-იამ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შპს «პ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 18517 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის განცხადებით, 1996წ. ხელშეკრულების საფუძველზე მის ნათესავს შპს «პ-ნის” დირექტორ ა. კ-ძეს ასესხა 10000 აშშ დოლარი საზოგადოების ასამოქმედებლად. შპს «პ-ნი” აპირებდა თხევადი აირის შემოზიდვას, რაც დატოვებდა უდიდეს მოგებას და რეალიზაციის შემთხვევაში 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ჩასვავდნენ მოგების მეოთხედ წილში. მისივე განმარტებით, იგი იმ დროისათვის ცხოვრობდა რუსეთში. შპს «პ-ნის” დირექტორმა ა. კ-ძემ მას შეატყობინა, რომ მის მიერ მიცემული ფულით შემოზიდეს ორი ვაგონი აირი, რამაც სოლიდური მოგება დატოვა, მაგრამ მოგება და ძირითადი თანხა ისევ ბრუნვაში გაუშვეს. მოსარჩელის განმარტებით, თავდაპირველად შპს «პ-ნმა” მოგების შეპირებული წილი 4000 აშშ დოლარი გადაუგზავნა, ხოლო შპს «პ-ნი” პირდებოდა მას, რომ მოგების შემთხვევაში კიდევ გადაუგზავნიდნენ მის კუთვნილ წილს, მაგრამ რამოდენიმე პარტიის შემოზიდვის შემდეგ მათ წერილით შეატყობინეს მოსარჩელეს, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაკარგეს მთლიანი თანხა.
2003წ. 5 დეკემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შპს «პ-ნის” დირექტორმა ა.კ-ძემ შეიტანა შესაგებელი, სადაც აღნიშნა, რომ საქმიანობის დასაწყები თანხები არ გააჩნდათ, რისთვისაც თხოვნით მიმართეს მის ნათესავ დ.შამუგიას, რომელიც იმ დროისათვის საქმიანობას ეწეოდა რუსეთში, რომელმაც 1996წ. 13 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მათ 10000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით შპს «პ-ნმა” ივალდებულა მოსარჩელის 1/4-ში ჩასმა და თუ მოგებას ვერ ნახავდნენ, ვალდებულნი იყვნენ, გადაეხადათ მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი 10000 აშშ დოლარი. მისივე განმარტებით, სარჩელში წამოყენებული პრეტენზიები სწორია, რაც დასტურდება აუდიტორული დასკვნითაც. ა.კ-ძის თქმით, დ.შამუგიას მოგების სახით ორჯერ გაუგზავნეს თანხა _ ჯერ 2000 აშშ დოლარი, შემდეგ კიდევ _ 2000 აშშ დოლარი. მომდევნო პერიოდში მათ მიიღეს ზარალი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს მისაღები აქვს კუთვნილი თანხა 10000 აშშ დოლარი და მოგების წილი _ 8517 აშშ დოლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა.კ-ძემ განაცხადა, რომ იგი არ არიდებს თავს თანხის გადახდას და როგორც კი თავს დააღწევს მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, მაშინვე გაუსწორდება მოსარჩელეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა - მოპასუხე შპს «პ-ნს” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 18517 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2004წ. 6 თებერვალს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს შპს «პ-ნის” დამფუძნებლებმა ვ. ე-ძემ და ბ. ლ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2004წ. 24 იანვარს. მათივე განმარტებით, ისინი შპს «პროპანის” დირექტორ ა. კ-ძესთან ერთად წარმოადგენენ საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორებს და აღჭურვილნი არიან საწარმოს სრული წარმომადგენლობის უფლებამოსილებით და მოწვეულნი უნდა ყოფილიყვნენ მხარეებად პროცესზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 მარტის განჩინებით ვ. ე-ძისა და ბ. ლ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება -და განახლდა საქმის წარმოება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით დ. შამუგიას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ შპს «პ-ნს” მის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარი.
ზემაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «პ-ნის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარტნიორმა ვ. ე-ძემ, რომელმაც მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინებით ვ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან 1996წ. 13 დებემბერს დ.შამუგიასა და შპს «პ-ნის” დირექტორ ა.კ-ძეს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც დ.შ-იამ ა.კ-ძეს გადასცა 10000 აშშ დოლარი თხევადი აირის შესაძენად, ხოლო მეორე მხარემ ვალდებულება იკისრა, გადაეხადა მისთვის თხევადი აირის რეალიზაციიდან მიღებული მოგების 1/4. მოგების მიუღებლობის შემთხვევაში ა.კ-ძე ვალდებული იყო, დაებრუნებინა დ.შ-იასათვის ნასესხები თანხა კანონით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო ფიზიკურ პირებს ა.კ-ძესა და დ.შ-იას შორის, რადგან აღნიშნული მოსაზრება არ არის დადასტურებული სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად. 1996წ. 13 დეკემბრის ხელშეკრულებითა და 2003წ. 26 მარტის აუდიტორული დასკვნით დადასტურებულია, რომ ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ დ.შამუგია და შპს «პ-ნის” დირექტორი ა.კ-ძე.
პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დ.შ-იას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად მიღების (წილში ჩასმის) შესახებ, რადგან დ.შ-ია აღნიშნულ გარემოებებზე არ აფუძნებს თავის მოთხოვნას და არც პრეტენზია განუცხადებია საზოგადოების პარტნიორობაზე.
სააპელაციო პალატამსსკ-ის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციისსასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ არ არსებობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «პ-ნის» დირექტორმა ვ. ე-ძემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება დ.შ-იას სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს დარღვეულია სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი, რომლის გათვალისწინებითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნებს კერძოდ, სასამართლომ მიუთითა სამართლის ნორმებზე, რომლებიც არ არსებობს. სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა «მეწარმეთა შესახებ» კანონის არ არსებულ 74.3-ე მუხლზე, რითაც დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტი.
კასატორის მითითებით, პარტნიორთა კრების თანხმობის აუცილებლობა გათვალისწინებულია «მეწარმეთა შესახებ» კანონის 47.3-ე მუხლის «ზ” პუნქტით, რომლითაც, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე. მისივე განმარტებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 მარტის დადგენილებით შპს «პ-ნის” დირექტორს აღარ წარმოადგენს ა.კ-ძე. შპს «პ-ნის” დირექტორად დაინიშნა ვ. ე-ძე, რომელსაც, შესაბამისად, მიენიჭა საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ კი თავის გადაწყვეტილებაში ა.კამლაძე დირექტორად მოიხსენია, რაც წარმოადგენს საპროცესო ნორმების დარღვევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 20 თებერვლის განჩინებით შპს «პ-ნის» დირექტორ ვ. ე-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად; სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების ვადა დადგინდა 2006წ. 29 მარტამდე. ამავე პალატის 2006წ. 29 მარტის განჩინებით შპს «პ-ნის» დირექტორ ვ. ე-ძის საკასაციო საჩივრის სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების ვადა გაგრძელდა 2006წ. 5 ივნისამდე.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «პ-ის» დირექტორ ვ. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნას დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით, კერძოდ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნული კი გამოიხატა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ ისეთი კანონის გამოყენებაში, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა «მეწარმეთა შესახებ» კანონის არარსებული 74.3 მუხლი 47.3 მუხლის ნაცვლად.
საკასაციო პალატა აღნიშნულ ფაქტს მიიჩნევს სააპელაციოსასამართლოს მიერ დაშვებულ მექანიკურ უსწორობად, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ საპროცესო დარღვევად, რომელიც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატას მხედველობაში ჰქონდა «მეწარმეთა შესახებ» კანონის სწორედ 47.3 მუხლი. ამდენად, კასატორი სარწმუნოდ ვერ ასაბუთებს ვერც მითითებულ საფუძველს და ვერც სხვა ფაქტს უთითებს, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე.
კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკას პროცენტიანი სესხის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით სწორად განმარტა სკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილი და 101-ე მუხლი.
საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «პ-ნის» დირექტორ ვ. ე-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივარის განხილვაზე.
სსკ-ისი 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 430 ლარის 70% _ 301 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «პ-ნის» დირექტორ ვ. ე-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი301 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არგასაჩივრდება.