დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.07.2023
საქმის ნომერი
ბს-384(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-384(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ო. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. კ-მა 2022 წლის 10 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ო. კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4133/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4133/ო ბრძანება ო. კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ო. კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ო. კ-ის მიერ სააგენტოში 2021 წლის 29 ოქტომბერს წარდგენილი №57968 განცხადების საფუძველზე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც 2021 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი.

გასაუბრების დროს ო. კ-მა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს რუსეთში. აფხაზეთში არ უცხოვრია. 2021 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №... საჯარო სკოლა. 2003 - 2004 წწ. ცხოვრობდა ქ. მოსკოვში ნათესავის საკუთრებაში. მისი მშობლების განქორწინების შემდეგ, 2004 წლიდან დღემდე ცხოვრობს დედასთან - დ. კ-თან და ბებია - ბაბუასთან ერთად ქ. თბილისში. მამა - ამჟამად ცხოვრობს ქ. ბაქოში და მასთან ურთიერთობა არ აქვს. ამ დრომდე არ აქვს დევნილის სტატუსი, რადგან არ ჰქონდა მამის თანხმობა. იმის გამო, რომ მამასთან არ ჰქონდა ურთიერთობა, დედამ ვერ შეძლო მამის თანხმობის მიღება და შესაბამისად, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება. მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდა, მიმართა სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

ო. კ-ის განცხადებაზე თანდართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთან სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2021 წლის 20 ოქტომბრის №386 ცნობა. ცნობაში აღნიშნულია, რომ ო. კ-ის დედა - დ. კ-ი ცხოვრობდა მშობლებთან ერთად 1992 წლის ოქტომბრამდე, ქ. გაგრაში, მისამართზე: ...ა, ...ას ქ.№20,ბ. 38. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გარემოება, რომ მოსარჩელე დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთში, მას აფხაზეთში არ უცხოვრია და შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების მიზეზი საომარი მოქმედებები არ ყოფილა, შესაბამისად, არ არსებობს არ დასტურდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა; კერძოდ, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ო. კ-ის შემთხვევაში კი დადასტურებულია, რომ დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია. სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და მისი დატოვების მიზეზები. ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონის მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციის შეფასებისა და გარემოებების გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. სააგენტო მასზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებლად ხელმძღვანელობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც განმარტავს (საქმე №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.), რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილს განმარტავს იმდაგვარად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. როგორც აღინიშნა, მოპასუხემ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები, რომლის თანახმადაც არ იკვეთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმის გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არ იყო დაკავშირებული დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიასთან. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები შეფასებულია არასათანადოდ, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილად კანონმდებელი მოიაზრებს იმ საცხოვრებელ ადგილს, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო პირის არასრულწლოვანებისას, სტატუსის მინიჭება ასევე შესაძლებელია მშობლის დევნილის სტატუსიდან გამომდინარეც, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის პირობებში, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას გააჩნია სრულწლოვანების მიღწევისას ამ უფლების რეალიზება. ამდენად, მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ასევე მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობაა, მიუხედავად მისი ასაკისა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4133/ო ბრძანებით, ო. კ-ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის საფუძვლით, კერძოდ, მოსარჩელე დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და მას აფხაზეთში არ უცხოვრია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დაიბადა 2003 წელს რუსეთში. აფხაზეთში არ უცხოვრია. 2021 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ... საჯარო სკოლა. 2003-2004 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში ნათესავის საკუთრებაში. მისი მშობლების განქორწინების შემდგომ 2004 წლიდან დღემდე ცხოვრობს დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ქ.თბილისში. მოსარჩელის მამა ამჟამად ცხოვრობს ბაქოში. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ო. კ-ის დედას, დ. კ-ს (დაბ. ... წელს) მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის არის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც შვილის არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში. ამრიგად, იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. მართალია, ო. კ-ის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა მაშინ, როდესაც მოსარჩელის დედას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, სახეზეა იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობა - ერთ-ერთი მშობლის დევნილის სტატუსი (ანალოგიურ დავაზე დამატებით იხ. სუსგ №ბს-1182(კ-22), 9.03.2023 წ.; სუსგ №ბს-1015(კ-21), 10.03.2022 წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. კ-ისთვის ზემოაღნიშნული საფუძვლით დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტი გამოცემულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა