დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-136-462-04 14 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შვილის აღსაზრდელად გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. რ-ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა და შვილის ა. ჩ-ის აღსაზრდელად გადაცემა. მოსარჩელის განმარტებით იგი მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000წ. 11 დეკემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდშიშეეძინათ ქალიშვილი – ა. ჩ-ე. როცა ბავშვი სამი თვის იყო, დედამ მიატოვა და წავიდან ოჯახიდან, ხოლო იგი დარჩა საცხოვრებლად სიდედრ – სიმამრთან და ზრდიდა ბავშვს მათთან ერთად. 2003 წელს ნ. რ-ემ გააჩინა შვილი სხვა მამაკაცისაგან; მოპასუხე ნ. რ-ემ სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში, ხოლო ბავშვის აღსაზრდელად მამისათვის გადაცემაზე უარი განაცხადა.
საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმული თბილისის განათლების განყოფილების მეურვეობისა და მზრუნველობის კომისიის დასკვნის თანახმად, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე იგი აღსაზრდელად მამას უნდა გადაეცეს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით, ზ. ჩ-ის სარჩელი ნ. რ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და შვილის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, ქორწინებაშეწყვეტილ იქნა და ბავშვი აღსაზრდელად გადაეცა მამას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. რ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინებით ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ჩ-ისათვის შვილის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. რ-ეს დაქვეითებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც შვილების, ისე თავისი თავის მიმართ. ოჯახში, სადაც სურს აღზარდოს შვილი, არ არისჯანსაღი გარემო; მამა-მ. რ-ე წასულია ოჯახიდან, დედამ-დ. რ-ემ ვერ მოახდინა სასამართლოზე დადებითი შთაბეჭდილება, მისიჩვენებები წინააღმდეგობრივია. ზ. ჩ-ე კომისიის დასკვნის მიხედვით დადებითად ხასიათდება; ჰყავს მშობლები და აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფ. ..... აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. რ-ის ოჯახი შექმნილია არაჯანსაღი გარემო, იგი ხელს ვერ შეუწყობს ბავშვის სულიერ განვითარებას და საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდას, რის გამოც ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული უნდა იქნეს მამის საცხოვრებელი ადგილი, რაც არ ართმევს უფლებას დედას იქონიოს ბავშვთან სისტემატიური ურთიერთობა.
სასამართლომ დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა სკ-ის 1201-ე, 1197-ე, 1158-ე მუხლებით.
ნ. რ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ნ. რ-ის საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
მოპასუხესთან რამდენიმე თვის ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობდა მისი ტანჯვა-წამება მოპასუხის მხრიდან, სასამართლომ არ გაიზიარა მეზობლების დახასიათება, აგრეთვე, ზ. ჩ-ის უმძიმესი ოჯახური პირობები, ქ. თბილისში მას არ გააჩნია საცხოვრებელი, ცხოვრობს ქირით, სადაც არა აქვს ბავშვის აღზრდის პირობები. ბავშვი დაავადებულია და ესაჭიროება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა.
სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე, ეუფლება კანონმდებლობას და კარგად იცის სკ-ის საოჯახო სამართლის მოთხოვნები მშობლების მიმართ. აქვს ყველა პირობა რომ აღზარდოს ორი შვილი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. ანას აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულებადედასთან, მათი დაშორება უარყოფილად იმოქმედებს ბავშვზე. კასატორისგანმარტებით იგი არაა წინააღმდეგი მამამ ზ. ჩ-ემ განუსაზღვრელად ინახულოს ა. ჩ-ე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნ. რ-ე და ზ. ჩ-ე 2000წ. აპრილიდან იმყოფებოდნენ ფაქტიურ ქორწინებაში, ხოლო 2000წ. 14 დეკემბერს გატარდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. იმ დროისთვის 1984წ. 18 იანვარს დაბადებული ნ. რ-ე იყო 16 წლის.
2001წ. იანვარში მათ იშვილეს ბავშვი – ახალშობილი ა. ჩ-ე, როდესაც ბავშვი სამი თვის იყო, ნ. რ-ემ მიატოვა ოჯახი და 2003 წელს გააჩინა შვილი სხვა მამაკაცისაგან. აღნიშნულის გამო მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს. ქორწინება მათ შორის შეწყვეტილია.
საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმული თბილისის განათლების განყოფილების საკოორდინაციო კომისიის 2003წ. 15 აპრილის დასკვნის თანახმად ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ა. ჩ-ე მამასთან უნდა დარჩეს აღსაზრდელად. კომისიის დასკვნის მიხედვით, ნ. რ-ეში მორალური ნორმები არ არის ჩამოყალიბებული. “კომისიამ ისიც ვერ დაინახა, რომ იგი ა. ჩ-ის დედად აღიარებს თავს.” რაც შეეხება მამას, მას ყველა პირობა აქვს ბავშვის აღსაზრდელად, მუშაობს, აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, სოფელში აქვს სახლი და მიწის ნაკვეთი; სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზ. რ-ე ზრდიდა ჩვილ ა. ჩ-ეს, მაშინ როცა ნ. რ-ემ იგი 3 თვისასაკში მიატოვა და ორი წელი არ ჰქონდა ურთიერთობა მასთან. ნ. რ-ის განმარტებით, მან შვილი გააჩინა სხვა მამაკაცისაგან იმის გამო, რომ ზ. ჩ-ისათვის დაემტკიცებინა, რომ უშვილო არ იყო, ამასთან აცხადებს, რომ უნდოდა ბიოლოგიური დედა ყოფილიყო, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არ სურს გათხოვება; ნ. რ-ის მამა მ. რ-ე წავიდა ოჯახიდან ნ. რ-ის საქციელის გამო. მისი განმარტებით, ზ. ჩ-ე ღამეებს უთენებდა შვილს, მატერიალურად უზრუნველყოფდა „იგი უაღრესად კარგი მამა იყო და იქნება“, ხოლო ნ. რ-ე არ უვლიდა ბავშვს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუყენებია. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასაბუთა სამართლებრივად განჩინება მიუთითა რა სკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე მუხლებზე.
სკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით; ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, მართალია, ბავშვის აღზრდის ინტერესებში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მშობლების მატერიალური პირობები, მაგრამ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორიმორალური გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვისათვის.
მშობლების მატერიალური მდგომარეობის, ასაკის, მორალური სახის, ინლექტუალური დონის, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ. რ-ის ოჯახში შექმნილი გარემო ვერ შეუწყობს ხელს ბავშვის სულიერ განვითარებას და საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდას. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, დღეს-დღეობით ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განსაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, რაც არ ართმევს უფლებას დედას, სისტემატური ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან. ამასთან, სწორად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, რომ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაინტერესებულმამხარემ კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება დააყენოს საკითხი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.
სსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი:
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა დ გ ი ნ ა :
ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქოსასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 სექტემბრის განჩინება დარჩესუცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.