გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 16.06.2005
საქმის ნომერი
ას-1365-1491-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1365-1491-04 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ნივთის მესაკუთრედ ცნობა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 19 თებერვალს ა. ძ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რ. თ-ის მიმართ ნივთის მესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003წ. აგვისტოში მოპასუხესთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში ერთობლივი საქმიანობის მიზნით. ა. ძ-ის განმარტებით, მას ხელზე ჰქონდა ავტომანქანის შესაძენი ფული, ხოლო მოპასუხეს თანხა უნდა მიეღო გერმანიაში. თანხის მიღება მოპასუხემ ვერ შეძლო, რის გამოც მოსარჩელემ შესთავაზა მას, რომ იგი დაუკავშირდებოდა საქართველოში მეგობრებს, გამოაგზავნინებდა თანხას, შეიძენდნენ ავტომანქანას, რომელიც გაფორმდებოდა მოპასუხეზე და ის ჩამოიყვანდა მანქანას საქართველოში, რის შემდეგაც გადასცემდა მოსარჩელეს. გზის, კვებისა და სხვა ხარჯებს იხდიდა მოსარჩელე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოპასუხემ ავტომანქანის დოკუმენტები არ დაუბრუნა, რის გამოც მისი საკუთრების აღიარება და მანქანის განბაჟება ვერ მოხერხდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ძ-ემ მოითხოვა სადავო ავტომანქანა “BMჭ”-ს მესაკუთრედ ცნობა, განუბაჟებლობისათვის დადგენილი ჯარიმის 500-800 ლარისა და ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის სადავო საგნის ღირებულების _ 2300 აშშ დოლარის 4%-ის მოპასუხეზე დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ მოითხოვა სადავო ავტომანქანის უკან დაბრუნება.

ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ერთად გაემგზავრნენ გერმანიის რესპუბლიკაში, რათა თითოეულს ცალ-ცალკე შეეძინა ავტომანქანა შემდგომში რეალიზაციის მიზნით. გერმანიაში მხარეებმა შეიძინეს ორი მსუბუქი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი სადავო “BMჭ”-ს მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა დარეგისტრირებულია რ. თ-ის სახელზე.

პირველ ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ ცალ-ცალკე შეიძინეს ორივე ავტომანქანა საკუთარი ხარჯებით და სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა ავტომანქანის რეგისტრაცია ორივეზე. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია, რადგან მხარეებს არ წარმოუდგენიათ სათანადო მტკიცებულებანი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ “BMჭ”-ს მარკის თეთრი ფერის სადავო ავტომანქანა გერმანიაში შეიძინა და საქართველოში ჩამოიყვანა მოპასუხემ, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, გერმანიაში რ. თ-ის სახელზე გაფორმებული დოკუმენტით და ვალეს საბაჟოს გასვლის დამადასტურებელი საბუთით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ “BMჭ-ს” მარკის თეთრი ფერის სადავო ავტომანქანა საკუთრების უფლებით ეკუთვნის რ. თ-ეს და მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანის საბუთების გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან სწორედ რ. თ-ეს გადაეცა მოძრავი ნივთი მფლობელობაში და სკ-ის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებანი, რაც დაადასტურებდა რ. თ-ის მხრიდან მფლობელობის შეწყვეტას, ხოლო ის ფაქტი, რომ რ. თ-ის განმარტებით, სადავო ავტომანქანას დღეისათვის ფლობს მესამე პირი, ვინმე ს-ე, რ. თ-ეს უფლებას აძლევს, ამავე კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, მოითხოვოს ავტომანქანის უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ძ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, დაადგინა, რომ მხარეები ერთად გაემგზავრნენ გერმანიაში, რათა თითოეულს ცალ-ცალკე შეეძინა ავტომანქანა შემდგომი რეალიზაციის მიზნით მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია სულ სხვა მტკიცებულებები.

ა. ბ-ამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, გერმანიის საზღვრის გადაკვეთისას მხოლოდ ა. ძ-ეს გააჩნდა თანხა მანქანის შეძენისათვის. მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ შავი ფერის “BMჭ” ა. ძ-ემ იყიდა და საბუთებიც მის სახელზე იქნა გაცემული. კასატორმა მიუთითა, რომ, ვინაიდან რ. თ-ეს თანხა არ გააჩნდა, ა. ძ-ე დაუკავშირდა მის მეგობარს და გამოაგზავნინა საჭირო თანხა, რის შემდეგაც რ. თ-ემ შეიძინა ავტომანქანა. სადავო ავტომანქანა რეგისტრირებულ იქნა რ. თ-ის სახელზე, რადგან ერთი მანქანა უკვე იყო რეგისტრირებული ა. ძ-ის სახელზე და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით საბუთების გაფორმება მოხდა რ. თ-ის სახელზე.

საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 158ე მუხლი, როდესაც მიუთითა, რომ მოძრავი ნივთი მფლობელობაში გადაეცა რ. თ-ეს, ვინაიდან საქმის განხილვისას, თვით თ-ემაც დაადასტურა, რომ თბილისში ჩასვლისას, მან დაუტოვა ავტომანქანა ა. ძ-ეს და მას შემდეგ ავტომანქანასთან კავშირი აღარ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უნდა დაკმაყოფილდეს ა. ძ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობის საფუძველია სასამართლოს მიერ სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი გარემოებების უგულვებელყოფა. აღნიშნული ნორმით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნებს, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ საკმარისად არ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება მისი დასკვნები იმის თაობაზე, რომ სადავო მოძრავი ნივთის (ავტომანქანის) მესაკუთრე რ. თ-ეა. სკ-ის 186-ე მუხლით მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მითითებული ნორმა, რის საფუძველზეც სასამართლოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მათი ახსნა-განმარტებებში მითითებული გარემოებების საფუძველზე უნდა გადაეწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლომ ისე, რომ არ გაარკვია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (კვალიფიკაცია), ისე გადაწყვიტა მოცემული საქმე, შესაბამისად, არ დაადგინა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა-არარსებობა, რითაც გაირკვეოდა სარჩელის საფუძვლიანობა ან დაუსაბუთებულობა.

პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სკ-ის 158-ე მუხლთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ გერმანიაში სადავო ავტომანქანა რ. თ-ეს გადაეცა და იგია მფლობელი, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, 158-ე მუხლის საფუძველზე ივარაუდება, რომ ის მესაკუთრეცაა. სკ-ის 158-ე მუხლით მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია არსებობს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი ნივთი პირის მფლობელობაშია. დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა რ. თ-ის მფლობელობაში აღარ არის მისი საქართველოში ჩამოყვანის მომენტიდან. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 158-ე მუხლი.

პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის კანონით (სკ-ის 186-ე მუხლით) გათვალისწინებული გარემოებების არსებობა-არარსებობა, რათა დავა სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად იქნეს გადაწყვეტილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.