დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.05.2023
საქმის ნომერი
ბს-1252(2კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1252(2კ-22) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის, ასევე, მ. კ-ას, ვ. კ-ისა და ს. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ამ, ვ. კ-იმა და ს. გ-მა 2020 წლის 20 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 ბრძანების ბათილად ცნობა მ. კ-ას ნაწილში; მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ას, ვ. კ-ის და ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილება მ. კ-ას ნაწილში და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოსარჩელეების - მ. კ-ას, ვ. კ-ისა და ს. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ას, ს. გ-ის, ვ. კ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მ. კ-ას დევნილი ოჯახი შედგება: არსრულწლოვანი შვილები: ვ. კ-ი; ს. გ-ი. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, ...ში, ...ი, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) - თბილისი, ...ი, ...ს დას. ...ის მე-2 ...ი. ქ. თბილისში, ...ი, ...ს დასახლებაში მდებარე ...ის მე-2 ...ი, ...ის ქუჩაზე, მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა მ. კ-ას მშობლებს ე. და ლ. კ-ებს, რომელთაც განმარტეს, რომ მათი შვილი მ. კ-ა ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ...ში, ხოლო მეუღლე დ. გ-ი იმყოფება ამერიკაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ა 2015 წლიდან განქორწინებულია დ. გ-თან. ამასთან, სადავო არაა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი მისამართი (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტს. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 04 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილებით მოქალაქეების - ც. ბ-ის, მ. კ-ას და მ. კ-ას წარმომადგენელს ლ. ა-ას, 2019 წლის 4 დეკემბრის N1918 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სააგენტოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისი, ...ა, ...ის ქ. „...ის N2 ...ის“ შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად, აღწერის მასალებში წარმოდგენილი ინფორმაციით, ც. ბ-ის, მ. კ-ას და მ. კ-ას ოჯახები არ წარმოადგენდნენ აღნიშნული ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებლებს, რის გამოც უარი ეთქვათ მიმდინარე ეტაპის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ამასთან, განმცხადებლებს განემარტათ, რომ ც. ბ-ის, მ. კ-ას და მ. კ-ას ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილული იქნებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულების რიგითობის გათვალისწინებით (იხ. ს. ფ. 29).

პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08/04/2021 N 01-30/ნ ბრძანებით) პირველ მუხლზე საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა: „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ – დანართი №1.; „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6; „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №7.; დამტკიცდა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №8. ასევე, შეიქმნა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდა დანართი №12-ის შესაბამისად.

„წესის“ მე-3 მუხლი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურას, კერძოდ ამავე ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.

მითითებული „წესის“ მე-6 მუხლი ადგენს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, კერძოდ: ამავე ნორმის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.

პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. კ-ას დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის და არა კონკრეტულად იმ ნგრევად ობიექტში, რომელიც საშიშია და საფრთხეს უქმნის მას და მისი არასრულწლოვანი შვილების სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას, არ წარმოადგენს ავარიულ და საფრთხის შემცველ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკველევისა და შეფასების გარეშე (არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭების მოტივები, არ იქნა გამოკვლეული მ. კ-ას ოჯახური მდგომარეობა, არ იქნა გათვლისწინებული არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესები და ა.შ.), ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სადავო საკითხის გადაუწყვეტილად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქმის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება, ასევე უნდა გაითვალისწინოს ბავშვის უფლებების კუთხით არსებული მთელი რიგი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო აქტებით გაწერილი მოთხოვნები და საკითხი არსებითად უნდა გადაწყვეტოს მათი გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მოთხოვნას წარმოდგენს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკითხის შესწავლა მისი სადავო მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო ვერ მოხერხდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააგენტომ მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტი განახორციელა მოსარჩელის მისამართზე. საცხოვრებელი ობიექტის ნგრევადი მდგომარეობიდან გამომდინარე, 2019 წლის 07 ივნისს განახორციელა მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც აღწერეს იქ მცხოვრებ დევნილთა რაოდენობა და მოგვიანებით, გარკვეული ნაწილი დააკმაყოფილეს ალტერნეტიული საცხოვრებელი ფართით. მონიტორინგის განხორციელების დროს სააგენტოს თანამშრომლები გაესაუბრნენ მ. კ-ას მშობლებს ე. და დ. კ-ებს. არცერთი პიროვნება ადგილზე არ იმყოფებოდა, მოვიდნენ მოგვიანებით. მათი განცხადებით 1994 წლიდან მონიტორინგის დღემდე მოკავებული ჰქონდათ სამი იზოლირებული ოთახი, რომელთაგან ნესტის გამო ორს ვერ იყენებდნენ. მონიტორინგის სამსახურს მათ განუცხადეს, რომ შვილი მ. კ-ა ცხოვრობს ...ში ნათესავის ბინაში, ხოლო მისი მეუღლე დ. გ-ი იმყოფება ამერიკაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააგენტომ გამოიკვლია საქმის გარემოებები, შეაფასა გამოკვლეული გარემოებები და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში. კასატორი აგრეთვე თვლის რომ სადავო აქტი ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, ამდენად, აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია სადავო აქტის არარსებობის გამო. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილული უნდა იქნეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულების რიგითობის გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

მ. კ-ამ, ს. გ-მა და ვ. კ-მა 2022 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინეს საკასაციო შესაგებელი (ბ-1792-22), რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინების შესაბამისად, მიჩნეულ იქნა შეგებებულ საკასაციო საჩივრად.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნას წარმოადგენს არასრულწლოვანთა ინტერესების წარმოდგენითა და დაცვით, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ას, ვ. კ-ისა და ს. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.

მოსარჩელეთა წარმომადგენელმა პ. უ-ამ 2023 წლის 07 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით მ. კ-ას, ს. გ-ისა და ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე, დატოვებული იქნა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოსარჩელეები - მ. კ-ა, ს. გ-ი და ვ. კ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათი რეგისტრაციის ადგილია ქალაქი თბილისი, ...ი, ...ის დასახლება, ...ის N2 ...ი. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შენობა წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, განიხილება როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილება კრტიერიუმების გარეშე. საქმეში დაცულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ს დასახლებაში, ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის მეორე ...ის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია და ამ სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საქმეში დაცული 2019 წლის 07 ივნისის აღწერის ფორმის შესაბამისად, დევნილ ოჯახს 1994 წლიდან მოკავებული ჰქონდა 3 იზოლირებული ოთახი, რომელთაგან ნესტის გამო ორს ვერ იყენებდნენ, მ. კ-ა ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ...ში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მიმდინარე ეტაპის ფარგლებში კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ ზემოაღნიშნულ ობიექტზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმეში დაცულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ს დასახლებაში, ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის მეორე ...ის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია და ამ სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეების ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინგის მისამართზე არ იმყოფებოდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, დროებით, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში დაცული 2019 წლის 07 ივნისის აღწერის ფორმის, ისე ფოტოსურათების შესაბამისად დასტურდება სადავო შენობის საცხოვრებლად უვარგისი პირობების არსებობა, მ. კ-ა ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ...ში, ხოლო მეუღლე დ. გ-ი იმყოფება ამერიკაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ა 2015 წლიდან განქორწინებულია დ. გ-თან. ამ პირობებში, კონკრეტულ მომენტში შემოწმებისას მოსარჩელეთა დროებით სხვა მისამართზე დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს ნგრევად ობიექტშო მათი არცხოვრების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გამომრიცხველი რაიმე მტკიცებულება.

რაც შეეხება კასატორის მითითებას სადავო აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის უსაფუძვლობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია ასახულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეუნქტში, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. კ-ას 2019 წლის 4 დეკემბრის N1918 განცხადების პასუხად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №03/2216 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მიმდინარე ეტაპის ფარგლებში კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ ქალაქ თბილისში, ...ა, ...ის ქ. „...ის N2 ...ის“ ნგრევად ობიექტზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამდენად, წერილმა წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება 2020 წლის 04 თებერვლის №03/2216 წერილის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად მიჩნევის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებს იდენტურ საქმეზე სასამართლოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით მ. კ-ას, ს. გ-ისა და ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე, დატოვებული იქნა განუხილველად საკასაციო საჩივრის 21-დღიანი ვადის დარღვევით წარმოდგენის გამო.

მ. კ-ას, ვ. კ-ისა და ს. გ-ის შეგებებულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულად არის დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. სწორედ ამის გამო, თუკი საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარი კარგავს თავის დანიშნულებას და ძირითადი საკასაციო საჩივრის ბედს იზიარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1277-2020, 18 დეკემბერი, 2020 წელი). ამდენად, მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, საკასაციო პალატა მოკლებულია მოსარჩელეთა შეგებებული საკასაციო საჩივრის მიმართ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ შესაძლებლობას. შესაბამისად, მ. კ-ას, ვ. კ-ისა და ს. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარსა და შეგებებულ საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მ. კ-ას, ვ. კ-ისა და ს. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მ. კ-ას, ვ. კ-ისა და ს. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე