გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 05.05.2023
საქმის ნომერი
ბს-1294(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-1294(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები - თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 20 აპრილს დ. ჩ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე დ. ჩ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1316,42 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, 1998 წლიდან 2000 წლამდე დ. ჩ-ი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის ეროვნული გვარდიის ყოფილ სამხედრო (№...) ნაწილში ...ედ. მან განცხადებით მიმართა ეროვნული გვარდიის ...ის სამხედრო ნაწილის უფროსს მისთვის გასაცემი დაგროვილი სახელფასო თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა ცნობა, სადაც მითითებულია, რომ დ. ჩ-იზე ირიცხება ხელზე გასაცემი თანხა - დავალიანება 1 316 (ათას სამას თექვსმეტი) ლარი და 42 (ორმოცდაორი) თეთრი. სამხედრო ნაწილმა აღნიშნული ცნობა გაუგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა მოსარჩელის სახელზე გაეცათ დაგროვილი სახელფასო თანხა. თავდაცვის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (№MOD62100264548), უარი ეთქვა დ. ჩ-ის მასზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე დ. ჩ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 490,42 ლარის (ოთხას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ოდენობით. დ. ჩ-ის უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1998-1999–2000 წლების კვების კომპენსაციის დაკისრებაზე.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტის №234586 ცნობის თანახმად, დ. ჩ-ის მიმართ 1998-1999-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს 1316,42 ლარს.

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლსა და „...ის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მუშაკის შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. აღიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირს, ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან, სადავო პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს, გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე და განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოთხოვნა – 826 ლარის ოდენობით კვების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება, წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი, ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამსახურიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოცემული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელე დ. ჩ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 490,42 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტის №234586 ცნობის თანახმად, დ. ჩ-ის მიმართ 1998-1999-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს 1316,42 ლარს. საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია კონკრეტულად 2017 წლის რომელ თვეს მოახდინა.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში, ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, „...ის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს, გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება. სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია. ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივლისს) ამოქმედებამდე, 1998-2000 წ. წარმოქმნილი დავალიანების მარეგულირებელ ნორმებს შეიცავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 21 ოქტომბრის კანონის 134 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმა გაუქმდა 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლით, 2017 წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული კანონი აღარ შეიცავს 134 პრიმა მუხლის მსგავს მოწესრიგებას.

2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-1516(კ-18) და №ბს-1104(კ-18)) გადაწყვეტილებები).

მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 2021 წლის 20 აპრილს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლა დაიწყო 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან (2017 წლის 1 ივლისიდან) და დასრულდა 2020 წლის 1 ივლისს, რადგან არ დამდგარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 კარის მე-2 თავით განსაზღვრული ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, მოთხოვნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტის №234586 ცნობის თანახმად, დ. ჩ-ის მიმართ 1998-1999-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს 1316,42 ლარს (ს.ფ. 15).

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე დ. ჩ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 490,42 ლარის (ოთხას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ოდენობით. დ. ჩ-ის უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1998-1999–2000 წლების კვების კომპენსაციის დაკისრებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დ. ჩ-ის არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. ჩ-ის სარჩელი.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე დ. ჩ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 490,42 ლარის (ოთხას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ოდენობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა უფლება, შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან მოეთხოვათ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. ამდენად, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. თუმცა 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ანალოგიური შინაარსის შემცველ დანაწესს არ ითვალისწინებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია (1); საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით (2).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით განმტკიცებულია საკუთრების უფლება. მითითებული მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2019წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №1104(კ-18)), სადაც განიმარტა, რომ ,,1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1341 მუხლის განმტკიცებით, ანუ სამართლებრივი აქტით მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების უფლების მოწესრიგებით სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს წარმოეშვათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეძლებდნენ გათავისუფლებამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების მიღებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“ შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლობით უფლების განხორციელება ხანდაზმულობის გარკვეულ ვადებს უკავშირდება, საკანონმდებლო დონეზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების განმტკიცებამდე მისი რეალიზებაც ხანდაზმულობის კონკრეტული, კერძოდ, სამწლიანი ვადით იყო შეზღუდული. თუმცა მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების შედეგად, აღნიშნული დავალიანების მიღების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, ხოლო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა’’.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

განსახილველ საქმეზე სარჩელის ბედის განსაზღვრისათვის აუცილებელია დადგინდეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისი, ანუ პირველად როდის მიმართა დ. ჩ-იმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

ადმინისტრაციული ორგანო დ. ჩ-ის მიერ უფლების რეალიზაციის თარიღად ასახელებს, როგორც 2021 წლის 15 მარტს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 25), ასევე 2021 წლის 20 აპრილს (იხ. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ს.ფ. 61, 101), საქმეში ასევე წარმოდგენილია 2021 წლის 26 მარტის წერილი, რომელითაც დ. ჩ-ის მისივე 2021 წლის 15 მარტის №213654 განცხადების პასუხად გაეგზავნა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის 2021 წლის 22 მარტის №236882 წერილი და 19 მარტის №234586 ცნობა (ს.ფ. 16). ამასთანავე, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია კონკრეტულად 2017 წლის რომელ თვეს მოახდინა.

ამდენად, მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს ის თარიღი, როდესაც მოსარჩელემ პირველად მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, რათა განისაზღვროს მოსარჩელე დ. ჩ-ის დაცული აქვს თუ არა სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთად მიიჩნევს 2021 წელს, ასევე უნდა გამოიკვლიოს დ. ჩ-ის მიერ უფლების რეალიზაციის ფაქტს მანამდე ხომ არ ჰქონია ადგილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე