გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2023
საქმის ნომერი
ბს-67(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

Nბს-67(კ-22) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. დ. ბ-ა

დავის საგანი - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. დ. ბ-ამ 29.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.11.2019წ. N1000630020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. სააგენტომ განცხადება განიხილა ნორმატიულად დადგენილი წესების დარღვევით, მოსარჩელე არ ყოფილა ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში, ამასთანავე, სადავო აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მითითებების უგულებელყოფით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.11.2019წ. N1000630020 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. დ. ბ-ასათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება იმთავითვე არ გულისხმობს წარმოების ხელახლა ჩატარების შედეგად მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოხდეს სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოცემულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების უგულებელყოფით, სააგენტოს მიერ რაიმე დამატებითი გარემოებების კვლევა თუ მტკიცებულებათა შეფასება არ დგინდება, მან მხოლოდ ხელახლა გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. სასამართლოს მოსაზრებით, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას შეადგენს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული. კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.11.2017წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 24 ნოემბრამდე მოქმედების ვადით. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაშია ბათუმში, ...ის ქუჩა N15ბ-ში, მე-7 სართულზე მდებარე ფართი, რომლის საბაზრო ღირებულება შპს „შ...ის“ დასკვნის თანახმად შეადგენს 161 214,24 ლარს. ს. დ. ბ-ამ 19.09.2018წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.09.2018წ. წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების გამოსავლენად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 02.10.2018წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. დ. ბ-ასთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2018წ. გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ს. დ. ბ-ას უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.01.2019წ. გადაწყვეტილებით ს. დ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2018წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 22.04.2019წ. წერილით განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების გამოვლენის მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 22.05.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს ს. დ. ბ-ასთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2019წ. გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ს. დ. ბ-ას უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2019წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 04.11.2019წ. წერილით ხელახლა გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების გამოვლენის მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 09.11.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.11.2019წ. N1000630020 გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ს. დ. ბ-ას უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლზე, მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3, მე-122 მუხლებზე, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე, სსკ-ის მე-10 მუხლებზე, ყურადღება გაამახვილა სასამართლოს აქტების შესრულების სავალდებულოობაზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს სადავო აქტი მიღებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, თუმცა იგი არ შეიცავს რაიმე მითითებას ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 09.11.2019წ. წერილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნაა. აღნიშნულ დოკუმენტს საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად დასკვნაში ვერ აისახებოდა. სააპელაციო პალატა მიუთითა სზაკ-ის მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პირისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით სააგენტოს დავალებული ჰქონდა სადავო საკითხის გადაწყვეტა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თუმცა მოპასუხემ სადავო აქტი მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის გათვალისწინებით გამოსცა, რომლითაც მიზანშეუწონლად არის მიჩნეული ს. დ. ბ-ასთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა მოსარჩელის მხრიდან ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე საფუძვლიან ვარაუდს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილია მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ბინადრობის ნებართვის სამართლებრივ მნიშვნელობასა და მისი გაცემის თანამდევ შედეგებზე, უცხოელებთან მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულებებზე. კასატორი თვლის, რომ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს საჯარო და კერძო ინტერესების მხედველობაში მიღებით კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა „უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო გამოითხოვს მტკიცებულებებს, რაც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის და რევიზიის უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტია. სააგენტოს მოსაზრებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებში სააგენტოს არ შეეძლო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვერ მოიპოვებდა განსხვავებულ მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატაში წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში ს. დ. ბ-ამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2017 წელს მიენიჭა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 24 ნოემბრამდე მოქმედების ვადით, 2018 წლის სექტემბერში მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა, რა დროსაც სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომელმაც მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ს. დ. ბ-ა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ პერიოდში ძალაში იყო მისთვის 2017 წელს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა, რომლის ძალადაკარგულად გამოცხადება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საჭიოების მოტივით არ მომხდარა. სადავო აქტი გამოცემულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებების მითითებების უგულებელყოფით, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა, რაც სააგენტოს მიერ არ შესრულდა. ს. დ. ბ-ას სარჩელის საფუძველზე მიმდინარე ორ სასამართლო დავაში სასამართლომ გამოითხოვა და გაეცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ და მიიჩნია, რომ დასკვნა დაუსაბუთებელი იყო, სათანადოდ არ დგინდებოდა მოსარჩელის საქართველოში ყოფნით ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნა. სასამართლომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვნილ ინფორმაციაში სავარაუდოდ ვერ ამოიკითხა ისეთი გარემოებები, რომლებიც მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტო მიზანმიმართულად არ ატარებს სრულყოფილ ადმინისტრაციულ წარმოებას, რითიც არღვევს ბინადრობის მაძიებელთა უფლებებს. სასამართლოს სააგენტოსთვის არ დაუვალებია კონტრადზვერვის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული მონაცემების გადამოწმება თუ გაბათილება. მოსარჩელემ მიუთითა საქმეზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, როდესაც საქმე ეხება პირის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას, ხელისუფლებისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეცია შეუზღუდავი არ არის, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად. აღნიშნულ საქმეზე უფლების დარღვევა იქნა დადგენილი, რადგან განმცხადებელს არ მიეწოდა რაიმე ინფორმაცია დეპორტაციის საფუძვლებთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო განხილვას ჰქონდა ფორმალური სახე, განცმხადებელმა ვერ ისარგებლა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოვლენილი თვითნებობისაგან მინიმალური დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.11.2017წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 24 ნოემბრამდე მოქმედების ვადით. 19.09.2018წ. ს. დ. ბ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.09.2018წ. წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების გამოსავლენად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 02.10.2018წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2018წ. გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ს. დ. ბ-ას უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.01.2019წ. გადაწყვეტილებით ს. დ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2018წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე სადავო უარი ეფუძნებოდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილს, უარის თქმის სხვა საფუძვლების არსებობა ორგანოს არ გამოუკვლევია, უგულებელყოფილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვის ფაქტი, შედეგად სადავო აქტი არ იქნა მიღებული საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 22.04.2019წ. წერილით განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების გამოვლენის მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 22.05.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს ს. დ. ბ-ასთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2019წ. გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ს. დ. ბ-ას უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2019წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევა, თუმცა საქმის მასალებით არ დადასტურდა ახალი აქტის გამოცემისას რაიმე დამატებითი გარემოებების შესწავლა, სათანადო მტკიცებულებათა სრულყოფილად შეფასება, ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვის ფაქტი და ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სახელმწიფოსათვის საფრთხის შემქნელი ქმედებები არ განუხორციელებია. სასამართლომ მიიჩნია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა არ ქმნიდა მოსარჩელის მიერ ქვეყნისათვის საფრთხის შექმნის დასაბუთებულ ვარაუდს. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 04.11.2019წ. წერილით ხელახლა გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების გამოვლენის მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 09.11.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.11.2019წ. N1000630020 გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ს. დ. ბ-ას უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის დროს, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§25), 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. „Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.), თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა (მე-5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მისი გაცემა ხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, უკეთუ იგი კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს აკმაყოფილებს (14.1 მუხ.). კანონის მე-15 მუხლი ადგენს ბინადრობის სახეებსა და კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალურ წინაპირობებს. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის სახეებს შორის სახელდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში მდებარე კონკრეტული ღირებულების უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების მქონე უცხოელზე. განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სადავო არ გამხდარა მოსარჩელის საკუთრებაში კონკრეტული ღირებულების უძრავი ქონების აღრიცხვის ფაქტი, თუმცა მის სახელზე ბინადრობის ნებართვის გაცემა არ მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის საფუძვლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ვალდებულებას, სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის, ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სათანადოდ უნდა იკვეთებოდეს უარის თქმის საფუძველი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია სადავო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომეტებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, რომლებიც ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას უცხოელის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივ წესრიგისთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელებისას. საკასაციო სასამართლოს მიერ 14.02.2022წ. Nბს-67(კ-22) განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას, სააგენტოს სადავო აქტის გამოცემას. საკასაციო პალატა გაეცნო კონტდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი მართებულია. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით („ა“, „გ“ ქვ.პ.) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად - ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადასტურდეს ნორმითვე გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოში უცხოელის ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრება ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ არ არის საკმარისი, მისი მოსაზრება სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. განსახილველ შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, ასეთი დასაბუთება იკვეთება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნები იმთავითვე გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობის, აღწერილი საფრთხის რეალიზების საკმარისი ალბათობის, განვითარებული მსჯელობის გონივრულობისა და სარწმუნოობის გამო. ამასთანავე, მაშინაც კი, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სათანადოდ ასაბუთებს, არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, თუმცა ასეთ დროს კერძო ინტერესი უკან იხევს, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სათანადოდ დასაბუთებული დასკვნა ცხადს ხდის საჯარო ინტერესის პრიორიტეტულობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ალბათობის საკმარისი ხარისხით ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის დაშვების დამაბრკოლებელი გარემოებების დამდგენი მონაცემები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსატანი განაჩენის „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. მთავარია საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ამ დრომდე მოსარჩელის მიერ სახელმწიფოსა თუ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედების ჩადენა სათანადოდ არ დასტურდება, არ ასაბუთებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის უკანონობას, რადგან ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების ნორმატიული საფუძვლების გამოვლენა მიზნად ისახავს არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ რეაგირებასაც და მიმართულია არა იმდენად რეალიზებული, არამედ უმეტესად მომავალში მოსალოდნელი, რეალიზებადი საფრთხეების თავიდან აცილებისკენ.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც - საქართველოს მოქალაქეს (1-ლი პ.), საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს (მე-3 პ.). ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფოსა და უცხოელს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობის შედეგად, სახელმწიფო უცხოელის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალ პირზე, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებებით გადატვირთვა, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით არ იქნება საჯარო ინტერესის შესაბამისი. ზემოაღნიშნულის გარდა მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სხვა არაერთი ინტერესი, რომლის დაცვასაც სახელმწიფოში უცხოელის ყოფნის რეგულირება ემსახურება. ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის რეგულირება ხორციელდება არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დანაშაულთან ბრძოლის მიზნით (19.01.2012წ. „Popov v. France“ (§137)). საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25.4 მუხ.). შესაბამისად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის არსებობს საჯარო ინტერესი, რომლის დაცვის საჭიროებაზე მითითებაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუმცა რომელიმე საჯარო ინტერესზე აბსტრაქტული მითითება როგორც წესი არ ქმნის უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო, თვითკმარ დასაბუთებას. სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (21.06.1988წ. „Berrehab v. The Netherlands“ (§28), ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§123, 124), 15.11.1996წ. „Chahal v. The United Kingdom“ (§127, 145)). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში განხილვა არ დასტურდება, თუმცა აღნიშნული ხარვეზი შესაძლებელია აღმოიფხვრას სააგენტოს სადავო აქტის მართლზომიერებაზე სასამართლოს რეალური, ქმედითი კონტროლის განხორციელებით. დგინდება, რომ მოსარჩელეს მიეცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, თავის მხრივ სასამართლოს აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე სრული კონტროლის განხორციელების კომპეტენცია: იგი გამოითხოვს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცულ საიდუმლო ინფორმაციას, ეცნობა მას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის გაზიარების თუ მის გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, აგრეთვე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ზეპირ და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§34)). მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უკეთუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი მართებულია. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლის სათანადოდ განხორციელების პირობებში, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩართულა, რის გამო მან ვერ უზრუნველყო თავისი უფლებების სათანადოდ დაცვა, არ არის დასაბუთებული. მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება. საიდუმლოების დაცვა ილუზორული იქნებოდა, თუ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობით გახდებოდა ცნობილი. ამასთანავე, სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანად მიჩნევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის სასარგებლო შედეგის დადგომაზე, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მოთხოვნა გულისხმობს, რომ სულ მცირე, კომპეტენტური დამოუკიდებელი ორგანო ინფორმირებული იყოს დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლებზე, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მონაცემი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამასთანავე, მითითებული ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებების უარყოფის შესაძლებლობით, თუ იგი ამ მოსაზრებებს დაუსაბუთებლად და თვითნებურად ჩათვლის (ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Al-Nashif v. Bulgaria“, §132, 137). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ორგანო სასამართლოა, რადგან იგი დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, აღჭურვილია ქვეყანაში უცხოელის დაშვებასა და ყოფნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის და არასარწმუნოობისა თუ დაუსაბუთებლობის შემთხვევაში საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციაში ასახული მონაცემების გაზიარებაზე უარის თქმის, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილებით, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ ისარგებლა თავისი უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალებით. ამასთანავე, ის გარემოება, რომ კოტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაცია ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნიეს, საკასაციო პალატას არ უზღუდავს აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოდ ჩათვლის შესაძლებლობას, რადგან საკასაციო პალატა, როგორც ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი უმაღლესი ინტანციის სასამართლო, არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ რიგ შემთხვევებში ვალდებულიც არის შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) ასახული დასაბუთების, სამართლებრივი შეფასებების მართებულობა. მაშინ, როდესაც დავა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ წესრიგის ინტერესების დაცვას ეხება და ბინადრობის მაძიებელი პირი სადავო აქტის გამოცემის საფუძვლების გასაიდუმლოების გამო სადავო აქტის კანონიერებასა თუ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებათა დასაბუთებებთან მიმართებით ვერ ახდენს სრულყოფილი პრეტენზიის წარდგენას, სააპელაციო პალატის მოსაზრებები კონკრეტული მტკიცებულების, მათი თანამდევი სამართლებრივი შედეგების შესახებ არ ართმევს საკასაციო პალატას განსხვავებული შეფასების გაკეთების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრება ფაქტობრივად აზრს დაკარგავდა. ამასთანავე, მართალია საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე პირისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის დასაბუთებულობის შეფასება არ არის მოცული ფაქტის დადგენის საკითხით.

განსახილველ შემთხვევაში მართალია სააგენტოს არ გამოუთხოვია და შეუფასებია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული დასკვნა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტის კანონიერებაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ - სასამართლომ მოახდინა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, გაცნობა და მისი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასება, რამაც ადმინისტრაციული წარმოებისას დაშვებული ხარვეზების თანამდევი შედეგების აღმოფხვრა უზრუნველყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, ამასთანავე, აღნიშნული არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას, იმავე სამართლებრივი შედეგის დადგომას, თუმცა ხსენებული არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში ასახული მითითებების გათვალისწინების საჭიროებისაგან. განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხელახლა იქნა ინფორმაცია გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, სხვა რაიმე ქმედება არ განხორციელებულა, არ დგინდება აგრეთვე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, მისი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასება, რაც სააგენტოს მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში ასახული მითითებების უგულებელყოფას, ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილად ჩატარებას ადასტურებს, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზები მხოლოდ მაშინ ქმნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, უკეთუ აღნიშნულმა პროცედურულმა ხარვეზებმა გავლენა მოახდინა აქტით დამდგარ სამართლებრივ შედეგზე. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ საქმის გარემოებათა არასრულყოფილად გამოკვლევის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან სააგენტოს გასაჩივრებულ აქტზე სრული სასამართლო კონტროლის განხორციელების ფარგლებში საკასაციო პალატა გაეცნო ს. დ. ბ-ასთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციას, რის შედეგადაც თვლის, რომ ალბათობის შესაბამისი ხარისხით დგინდება ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების არსებობა, რაც თავის მხრივ, სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგის მართებულობას ადასტურებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები ადმინისტრაციული დავის განხილვისას გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სასკ-ის 1.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სპეციალური ნორმატიული მოწესრიგება, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. მოცემული საქმის განხილვისას დადგინდა, რომ სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგის მართებულობის მიუხედავად, აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რაც სასკ-ის 10.2 მუხლის შესაბამისად პროცესის ხარჯების ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების საფუძველს ქმნის. საქმის მასალებით დგინდება, რომ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, რომელიც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება სააგენტოს უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. დ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გ. კ-ას (პ.ნ. ...) სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გიორგი გოგიაშვილი