უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი პრინციპებით:
ა) ნაცვალგების პრინციპი;
ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპი;
გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი;
დ) არგაძევების პრინციპი;
ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი;
ვ) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მისი გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენონ შესაბამისი კანონები და წესები;
თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;
ი) უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) უცხოელის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით;
ლ) საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
მ) საქართველოში მყოფ უცხოელს შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით;
ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით;
ო) სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ