გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2019
საქმის ნომერი
010310018002578308
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002578308

საქმე №3-411/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელეები – მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ი

წარმომადგენელი - რა---- ჯო-------ე, შა-–-- კვ-------ე

მოპასუხე – საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილება (ბათუმის აეროპორტი)

– საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ზუ---- გვ----–---–ი

დავის საგანი – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

„საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე, საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილებითა (ბათუმის აეროპორტი) და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტით.

 

2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

2018 წლის 1-ელ ივლისს მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ი ჩამოფრინდა ბათუმის აეროპორტში, სადაც მისთვის გაუგებარი მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში და გააბრუნეს უკან, ამასთან გადასცეს გადაწყვეტილება, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მაგრამ 2018 წლის 12 ივლისის N 51--------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რასაც არ ეთანხმება.

მოსარჩელე ყოვლად გაუგებრად მიიჩნევს მოპასუხის ქმედებას, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, მითუმეტეს, გაუგებარია უარის საფუძველი. გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლითაც ვერ ირკვევა კონკრეტული მიზეზი, რატომ ეთქვა მას უარი, საქართველოში შემოსვლაზე.

მოსარჩელე საქართველოში ორჯერ იყო მანამდე ჩამოსული და არანაირი შეფერხება არ ჰქონია, საქართველოში გააჩნია ბიზნეს საქმიანობა, არც ეგვიპტეში და არც საუდის არაბეთის სამეფოში, სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს, ნასამართლევი, ან ძებნაში არ ყოფილა, არასდროს რაიმე კრიმინალური ქმედება არ ჩაუდენია, არის წარჩინებული მასწავლებელი სკოლაში, აქვს სათანადო შესაბამისი დადებითი დახასიათებები და არც საქართველოში ყოფილა ნასამართლევი და ძებნილი.

მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ი არის წილის მესაკუთრე შპს „ა--“-ში და ამ ფირმის დირექტორი. იგი ეწევა კომერციულ საქმიანობას, ამჟამად აქვს ჰოსტელი, რომელიც ფუნქციონირებს და სახელმწიფო ბიუჯეტში შეაქვს დადგენილი გადასახადები, დასაქმებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები. ამასთანავე, არის სტუდენტი და საქართველოში სწავლობს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

მოსარჩელეს სურს მომავალში საქმიანობის გაფართოება და გარკვეული ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, მაგრამ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმამ არა მარტო ხელი შეუშალა ყველა მის საქმიანობასა და მიზნებში, არამედ მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, რაც გამოიხატა იმაში, რომ თავდაპირველად საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას დანახარჯებმა და სხვადასხვა გადასახადებმა საერთო ჯამში შეადგინა დაახლოებით 15 000 აშშ დოლარი და უარის თქმით, ის იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, ხოლო საქართველოში დაბანდებული თანხა ფაქტიურად დაკარგულად ჩაითვალა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხის გადაწყვეტა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, შესაბამისად კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს აქვს უფლება, პირს განუცხადოს უარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.

საპატრულო პოლიციის სამსახურს გააჩნდა ინფორმაცია, რაც საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქის მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის საქართველოში შემოსვლის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი~ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის (MO------ EL------- SA--- EL-------) 2018 წლის 1-ელ ივლისს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს, ბათუმის აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უარი განუცხადა საქართველოში შემოსვლაზე. ამასთან დაკავშირებით, მიღებული იქნა „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილება.

ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ი მიჩნეული იქნა საქართველოსთვის არასასურველ პირად და მას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძვლით, უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის წარმომადგენელმა, შა-–-- კვ-------ემ 2018 წლის 5 ივლისს საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, რომლითაც მოითხოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------ გადაწყვეტილებით მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------ გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა:

„საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

- „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივი საფუძვლები და მექანიზმები, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები და მოვალეობები, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმები და პროცედურები, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლები და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს 2014 წლის 5 მარტის N2045-IIს კანონით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---იმ არის ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------ გადაწყვეტილება, განეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განისაზღვრება ზოგადი პრინციპები, უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. მე-3 მუხლის ვ-ი პუნქტების თანახმად, უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მისი გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენონ შესაბამისი კანონები და წესები; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით; უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ამავე კანონის მე-5 მუხლი ადგენს, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებს:

საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია:

ა) საქართველოს ვიზა;

ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა;

გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა;

დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მე-6 მუხლით განისაზღვრება საქართველოს ვიზის გაცემის პირობები, რომლით დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

 

6.4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

მე-8 მუხლის შესაბამისად, შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული იქნა `სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი~, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, მისი სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებზე და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

აღნიშნული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

მე-4 პუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტი არის საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

`სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, კერძოდ, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;

გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა;

დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;

ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში;

თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, უკან ბრუნდება.

 

6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის (MO------ EL------- SA--- EL-------) 2018 წლის 1-ელ ივლისს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს, ბათუმის აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უარი განუცხადა საქართველოში შემოსვლაზე. ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილება.

ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ი მიჩნეული იქნა საქართველოსთვის არასასურველ პირად და ეთქვა სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე მას უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძვლით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა).

 

6.7. საქართველოს კონსტიტუციის 22.1 მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

6.8. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელებს, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან საქართველოში, აქვთ თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება. უცხოელს, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან.

თუმცა, ამავე დროს უცხოელთა მიმოსვლის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ან საქართველოში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

 

6.9. მოპასუხე მხარის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის სამსახურს დავალება ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული ჰქონდათ „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სამართალდაცვის ორგანოსაგან, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრისაგან.

სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 1-ლი მარტის N20/9-1446 წერილი, თანდართული ინფორმაციით (მათ შორის საიდუმლოებას მიკუთვნებული).

სასამართლო განმარტავას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, მის დასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.

აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოება“ არის ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.

სასამართლო წარმოდგენილ საიდუმლო ინფორმაციას გაეცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლით განსაზღვრული წესის გამოყენებით, ინფორმაცია მხარეებს არ წარდგენიათ, ამასთან, განსახილველ დავაზე მისაღებ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შესაბამისად, არსებობდა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის მიზანშეწონილობის საფუძველი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებები ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის საქართველოში შემოსვლის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) მიერ 2018 წლის 1-ელ ივლისს მიღებული აქტი, „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“, შესაბამისობაშია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესებთან, რის გამოც არ ასებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგო აქტად შეფასების სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ მოსარჩელის მიმართ დაწესებული შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება არც საერთაშორისო სამართლის მოქმედ ნორმებს.

 

6.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც ასევე უსაფუძვლოა, კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი) „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 24-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მუ------ა ელ-–---ი სა---- ელ-–---ის სარჩელი, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილების (ბათუმის აეროპორტი)

და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2.მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე