განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002396798
საქმე №3ბ/2532-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
04 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - მაჰმუდ ალმოჰამადი
წარმომადგენელი - ნიკოლოზ ბოლქვაძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მამუკა ინაშვილი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
2.1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მაჰმუდ ალმოჰამადის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის №1000571956 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მაჰმუდ ალმოჰამადისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე მაჰმუდ ალმოჰამადის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის - სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება და მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2017 წლის 19 სექტემბერს სირიის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მაჰმუდ ალმოჰამადმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017 წლის 20 სექტემბერს №1000571956/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მაჰმუდ ალმოჰამადისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 25 სექტემბრის MIA 2 17 02302282 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მაჰმუდ ალმოჰამადისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №1000571956 გადაწყვეტილებით მაჰმუდ ალმოჰამადს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის N3/7626-17 გადაწყვეტილებით მაჰმუდ ალმოჰამადის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №1000571956 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დდგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მაჰმუდ ალმოჰამადისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 03 აპრილის №01/110108 წერილით განმეორებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მაჰმუდ ალმოჰამადისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 04 აპრილის SSG 8 18 00049838 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მაჰმუდ ალმოჰამადისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის №1000571956 გადაწყვეტილებით მაჰმუდ ალმოჰამადს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის №1000571956 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი კანონიერება.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი, ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3, მე-13 მუხლებზე და აღნიშნა, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო ატარებს წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ ასევე მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ” ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და განმარტა, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესალებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. უცხოელისათვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მაჰმუდ ალმოჰამადისათვის მუდმივი ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რამდენადაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შეფასების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი დაფუძნებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის №1000571956 გადაწყვეტილება მაჰმუდ ალმოჰამადისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მაჰმუდ ალმოჰამადისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
საპროცესო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე და საქმეში წარდგენილი იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 2017 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ქვითრის საფუძველზე დაადგინა, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევის საფასურმა შეადგინა 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ ჰყავს ოჯახი: მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი დეკლარაციული ხასიათისაა, ის მაინც შეიცავს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების ელემენტებს, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას ოჯახის წევრების ერთად ცხოვრებას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ოჯახის კეთილდღეობის უპირველესი საძირკველია.
ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან და ცოლ-ქმარს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. ოჯახი არ/ვერ არის ერთიანი, დარღვეულია როგორც ცოლ-ქმრის, ისე შვილის უფლებები.
აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტას, რადგან სასამართლოში ერთხელ უკვე დასრულდა დავა მოსარჩელესთან მიმართებით იმავე შედეგით, თუმცა სააგენტომ კვლავ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითებები და დამატებითი გარემოებები არ გამოიკვლია. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სარჩელით მითითებულ ყველა უდავო გარემოებას ხაზს უსვამს და პირდაპირ იზიარებს უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. რეკომენდაციას. რომელიც მხარეთათვის უცნობია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ სააგენტო კვლავ უარს ეტყვის ბინადრობის გაცემაზე, თუ არ მოხდება პირდაპირი დავალება აქტის გამოცემისა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება, როდესაც სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა პალატა არ ეთანხმება - გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეს იხილავს თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მოწინააღმდეგე მხარეს(თავდაპირველ მოპასუხეს) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს აპელანტისათვის (თავდაპირველი მოსარჩელისთვის) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საფუძვლები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით, შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. აღნიშნული მიუთითებს სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე - იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გაწერილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში ანიჭებს უფლებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებული არის, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 04 აპრილის SSG 8 18 00049838 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მაჰმუდ ალმოჰამადისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. კერძოდ, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის მიზნის გათვალისწინებით.
სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო, მის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მიიჩნევს, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, სადავო შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ სადავო აქტი გამოიცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, თუმცა სააგენტოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რაც მას დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის N3/7626-17 გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატა გაეცნო რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დამატებით უნდა მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მიღებული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, მოსარჩელის ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან აპელანტის მიერ სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობა, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობები. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის დავის საგნის ღირებულების 4%-ისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 2017 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ქვითრის საფუძველზე დგინდება, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევის საფასურმა შეადგინა 1250 ლარი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, დავის საგნის სირთულის გათვალისწინებით, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიული მომსახურების გაწევა ასევე მოიცავდა თავდაპირველი სასამართლო წარმოების ფარგლებსაც, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 500 ლარის ოდენობით.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 100 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრება 500(ხუთასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მაჰმუდ ალმოჰამადის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მაჰმუდ ალმოჰამადის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე მაჰმუდ ალმოჰამადის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე მანანა ჩოხელი
მოსამართლეები თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე