განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.01.2019
საქმის ნომერი
080350018002721763
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080350018002721763

საქმე N3/ბ-563-18წ.

ბრძანება

საქართველოს სახელით

04 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე

სააპელაციო საჩივრის ავტორი _ ჰ--------------–------------------ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტი

დავის საგანი _ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ--------------–------------------ის საქრთველოდან გაძევება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის ბრძანება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

ბრძანების დასკვნებზე მითითება:

2018 წლის 14 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინაღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ--------------–------------------ის საქრთველოდან გაძევების მიზნით ბრძანების გამოცემა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ--------------–------------------ი (HU---------------------------N; დაბ: 20.04.1995; პასპორტის №A-------) გაძევებული იქნა საქართველოდან ერაყის რესპუბლიკაში; ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ--------------–------------------ი (HU---------------------------N; დაბ: 20.04.1995; პასპორტის №A-------) განემარტა ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს რესპუბლიკა ბრძანების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში; იმ შემთხვევაში, თუ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ--------------–------------------ი (HU---------------------------N; დაბ: 20.04.1995; პასპორტის №A-------) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე ბრძანების აღსრულება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეს - ჰ--------------–------------------ის (HU---------------------------N; დაბ: 20.04.1995; პასპორტის №A-------) აეკრძალა საქართველოში შემოსვლა 5 (ხუთი) წლის ვადით.

სასამართლო ბრძანების გამოცემისას დაეყრდნო შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს:

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავი აწესრიგებს უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139-ე მუხლის თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე. ამავე კოდექსის 2140 მუხლის თანახმად, მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა

კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე კარი იძლევა უცხოელთა პასუხისმგებლობისა და გაძევების შესახებ ზოგად დებულებებს. 50-ე მუხლის თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველია ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია 51-ე მუხლით. კერძოდ: უცხოელი შეიძლება გაძევებული იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, წარდგენილ შუამდგომლობას ერთოდა საქართველოდან უცხოელის - ჰ--------------–------------------ის (HU---------------------------N; დაბ: 20.04.1995; პასპორტის №A-------) გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის დამადასტურებელი, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გათვალისწინებულია 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ქვეპუნქტით, ხოლო საქმის განხილვისას ჰ--------------–------------------ის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც მათი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მისცემდა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ

სამშობლოში დაბრუნებისას, არსებობდა ჰ--------------–------------------ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ჰ--------------–------------------ის მშობლები და ახლო ნათესავები ცხოვრობენ ერაყში, არიან დასაქმებულები და ფინანსურად ეხმარებიან ჰ--------------–------------------ის. გარდა ამისა, ჰ--------------–------------------ის აქვს შესაძლებლობა სწავლა გააგრძელოს სამშობლოში.

სასამართლოს მითითებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკაში ტერორიზმის საფრთხე შემცირებულია და ქვეყანა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ წესს. ასეთ შემთხვევაში, ერაყის ყოველი მოქალაქე ვალდებულიც არის, დაბრუნდეს სამშობლოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები, რის გამოც დააკმაყოფილა იგი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, გასწორდა გასაჩივრებულ ბრძანებაში დაშვებული უსწორობა და ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ--------------–------------------ის საქრთველოდან გაძევების საფუძვლად ნაცვლად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ და „თ“ ქვეპუნქტებისა, მიეთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი - „საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის ბრძანება გაასაჩივრა ჰ--------------–------------------მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას.

საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ დასრულდა დავა სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიმართ, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში და მიმდინარეობს მისი აღსრულება. სასამართლო ბრძანებაში მიუთითებს, რომ ჰ--------------–------------------ის წაგებული აქვს დავა ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე და არაფერია ნათქვამი იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რომ მოგებული აქვს დავა სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოსთან.

საჩივრის ავტორის მითითებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლი ითვალისიწნებს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას, თუ საქართველოს საერთო სასამართლებში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. გასაჩივრებული სასამართლოს ბრძანებით კი ერთმევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

საჩივრის ავტორის მითითებით, რომც არ მიმდინარეობდეს დავა ბინადრობის საკითხზე, მისი გაძევება წარმოშობის ქვეყანაში დაუშვებელია, ვინაიდან ერაყში მისი დაბრუნებით, არსებობს მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების მაღალი რისკი. სასამართლომ გასაჩივრებულ ბრძანებაში მიუთითა, რომ დაეყრდნო საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციას, თუმცა არ მიუთითა რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას გულისხმობდა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას.

გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის, საჩივრის გაცნობის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ--------------–------------------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის ბრძანება 2018 წლის 17 დეკემბრის ტექნიკური უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებასთან ერთად უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინაღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობისა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის - ჰ--------------–------------------ის (HU---------------------------N; დაბ: 20.04.1995; პასპორტის №A-------) მიმართ.

2018 წლის 29 მაისს აღნიშნულმა პირმა განცხადებით მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემა.

ადმინისტრაციული წარმოებისას, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ--------------–------------------ის შესახებ სათანადო ინფორმაციები იქნა გამოთხოვილი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 8 ივნისის № 0------- წერილის თანახმად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ--------------–------------------ს (HU---------------------------N; დაბ: 20. 04.1995წ; პასპორტის №A-------) საქართველოს ვიზის მიღების ან გაგრძელების თხოვნით არ მიუმართავს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების

სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2018 წლის 22 ივნისის № 01------- წერილის თანახმად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ--------------–------------------მა ბინადრობის ნებართვის გაცემის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა სააგენტოს; 2015 წლის 16 იანვარს №1--------- გადაწყვეტილებით მასზე გაიცა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 16.01.15 წლიდან 16.01.16 წლამდე მოქმედების ვადით; 2015 წლის 28 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებითა და 2016 წლის 24 მარტის № 1--------- გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ხოლო მისი 2018 წლის 8 ივნისის №10-------- მიმართვაზე საქმის წარმოების დასრულების თარიღია 2018 წლის 9 ივლისი.

2015 წლის 21 იანვარს ჰ--------------–------------------ზე (HU---------------------------N) გაცემულია დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა №13------- და 2017 წლის 2-აპრილს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობა №ფ 00-----, რომელიც გაუქმდა 2018 წლის 26 აპრილს მოქმედების ვადის გასვლის გამო.

სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2018 წლის 31 ივლისის №0-------0 წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილის საფუძველზე, ერაყის მოქალაქე ჰ--------------–------------------ზე 2016 წლის 19 თებერვალს გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა №ფ------- პ/ნ:6----------, რომელიც 20.02.2017 წელს გაუქმებულია ,,დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლის“ გამო. 2018 წელს მან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა სააგენტოს. საქართველოდან გასვლის ვალდებულება ბოლოს გადაუვადდა 2018 წლის 14 სექტემბრის № 1--------- გადაწყვეტილებით 2018 წლის 28 სექტემბრამდე.

საქართველოს შსს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 5 ივნისის №1------ სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ--------------–------------------ის (HU---------------------------N; დაბ: 20. 04.1995წ; პასპორტის №A-------) მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი დაფიქსირებულია რამდენჯერმე, კერძოდ 29.09.2013წ; 18.08.2014 წ. და 05.04.2016 წელს სსკგ ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის

გავლით“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის № 0------------- წერილის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, კანონიერად და

დასაბუთებულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილება ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ--------------–------------------ისათვის (HU---------------------------N) საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული საბოლოოა და შესაბამისად მის მიმართ საქმის წარმოება საქართველოს საერთო სასამართლოებში დასრულებულია.

2018 წლის 2 აგვისტოს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ--------------–------------------თან (HU---------------------------N) ჩატარდა გასაუბრება თარჯიმნის მონაწილეობით, მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე. გასაუბრების დაწყებისას მას განემარტა გასაუბრების მიზანი და კანონით დადგენილი უფლებები. მან განმარტა, რომ დაიბადა 1995 წლის 20 აპრილს ერაყის რესპუბლიკის ქალაქ ბაღდადში, იზრდებოდა ანბარის პროვინციაში, დაბა გარმაში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. 2013 წლის ბოლოს ანბარის პროვინციაში შეიჭრა ,,ისლამური სახელმწიფო“ რა დროსაც მისმა ოჯახმა დატოვა საცხოვრებელი სახლი და გადავიდნენ ქალაქ ბაღდადში. მამა მუშაობს წითელ ჯვარში რეგისტრატორად, უმცროსი ძმა არის მე-12 კლასის მოსწავლე, უფროსი ძმა მუშაობს საავადმყოფოში რეგისტრატორად, ხოლო ორი და მუშაობს სკოლაში მასწავლებლად. მან განმარტა, რომ საქართველოში პირველად შემოვიდა 2013 წლის 29 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით უვიზოდ (ვინაიდან იმ დროისათვის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები სარგებლობდნენ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლებით), სწავლის მიზნით. 2014 წელს ჩააბარა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც დღემდე სწავლობს და არის მე-5 კურსის სტუდენტი. საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ რამდენჯერმე იმყოფებოდა ერაყის რესპუბლიკაში ოჯახის წევრების მონახულების მიზნით. საქართველოში ბოლოს ჩამოვიდა 2015 წლის 5 აპრილს ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ გავლით სწავლის გაგრძელების მიზნით. ცხოვრობს დროებით ნაქირავებ ბინაში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, გვ--–--–---ს ქუჩა №2-. პერიოდულად მუშაობს მეგობართან - გიდის პოზიციაზე. მისი განმარტებით, 2015 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მიეცა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2015 წლის 16 იანვრიდან 2016 წლის 16 იანვრამდე მოქმედების ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ 2015 და 2016 წლებში მას უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. 2016 წლის 18 იანვარს მან თავშესაფრის თხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თუმცა ამავე წლის 29 აგვისტოს უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, თუმცა ორივე ინსტანციამ უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მან ასევე განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც 4 დღის წინ გაასაჩივრა სასამართლოში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიმართა სააგენტოს საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე და განმარტა, რომ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადმოაგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას. საქართველოში იგი არ ფლობს უძრავ ქონებას, არ ჰყავს ნათესავები, არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი და ცხოვრობს ერაყის რესპუბლიკიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილებით. მან ასევე განმარტა, რომ სამომავლოდ არ სურს ერაყის რესპუბლიკაში დაბრუნება.

შსს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ნებაყოფლობითი დაბრუნება- გაძევებისა და რეადმისიის განყოფილების მთავარი სპეციალიტის 2018 წლის 24 ოქტომბრის №2------ ოქმით, ცნობილი გახდა, რომ ჰ--------------–------------------ი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიზნით, დაბარებულ იქნა მიგრაციის დეპარტამენტში, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და უარი განაცხადა დეპარტამენტში გამოცხადებაზე.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 აწესრიგებს უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 მუხლის თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე.

საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია 51-ე მუხლით. კერძოდ: უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ--------------–------------------ს (HU---------------------------N) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის ისე ჰუმანიტარულის სტატუსის მინიჭებაზე „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე (არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ წესრიგსა და საჯარო მართლწესრიგს).

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2- მაისის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითიებულია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, აპელანტისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მიზანშეწონილობის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთან, საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჰ--------------–------------------ის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, არსებობს რისკი იმისა, რომ იგი ერაყის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დაექვემდებაროს დევნას, თუმცა ეროვნული უშიშროებისა და წარმოშობის ქვეყანაში ჰ--------------–------------------ის დაბრუნების რისკების დაბალანსების კუთხით, მართებული იყო მოაპსუხე მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ ის რისკი, რის წინაშეც შეიძლება დადგეს ჰ--------------–------------------ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, არათანაზომადია იმ საფრთხისა, რომელსაც იგი უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. შესაბამისად, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული მისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქმის განხილვის პროცესში პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს საქმის გარემოებების გამოკვლევა და ფაქტების დადგენა, რამდენადაც მხოლოდ დადგენილი ფაქტების საფუძველზეა შესაძლებელი ნორმათშეფარდებითი საქმიანობის განხორციელება და მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის დარეგულირება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, რომლის პრინციპებსაც იზიარებს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ადგენს მხარეთა ვალდებულებას თავად განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დაადასტურონ ეს ფაქტები. შესაბამისად, ფაქტის დაუდასტურებლობის პირობებში არახელსაყრელი შედეგი დგება იმ მხარის მიმართ, რომელმაც შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ შეძლო ფაქტების დადასტურება.

პალატის მოსაზრებით, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია მოთხოვნის მართებულობის დასადასტურებლად, კერძოდ: ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შსს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა კვლევა პირის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, როგორც სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების ისე მოცემულ პერიოდში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. გამოკვლეულ იქნა ასევე კვლევა სუნიტი მუსლიმების მიმართ დამოკიდებულებაზე ერაყში და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური ანგარიშები ერაყის რესპუბლიკაში დაბრუნებულ პირთა რაოდენობების შესახებ. აღსანიშნავია გარემოება, რომელიც ასახულია გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის (OCHRA) დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალიზებული პრეს-სამსახური „Reliefweb” 2018 წლის პირველი მაისის გამოცემაში, კერძოდ ადგილობრივი რესურსცენტრების როლზე ერაყში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესში. მათი დანიშნულებაა შეასრულონ საკოორდინაციო და საინფორმაციო ჰაბის ფუნქცია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა გადაუდებელი, ჯანდაცვის და სხვა სერვისების შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აღნიშნულ სერვისებზე წვდომას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უზრუნველყოფს ერაყის მთავრობა, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე, იმისათვის რომ ხელი შეეწყოს ერაყში მიგრანტთა დაბრუნებასა და უკვე დაბრუნებულ პირთა ინტეგრაციას. სააგენტოს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული 3.6 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლს. აღნიშნულ პროცესებში ჩართულია: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR); ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC); მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM); ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო (NRC); ტექნიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (ACTED); არასამთავრობო ორგანიზაციები People in Need (PIN) და Terre des hommas (TDH) Lausanne. მიგრაციის საერთაშორისოო ორგანიზაციის ერაყის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რაოდენობა 4 075 350 (ოთხი მილიონ სამოცდათხუთმეტიათას სამასაორმოცდაათი), რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2016 წლის დასაწყისში ერაყში დაბრუნებულთა რიცხვი 500 000 (ხუთასი ათასი) შეადგენდა (ინფორმაცია მომზადებულია 2018 წლის ოქტომბერში). „Freedom House” 2018 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის პარლამენტის სპიკერია სუნიტი არაბი სე-–-----–-----------ი. ამას გარდა პარლამენტში სუნიტების ინტერესებს იცავს სუნიტური პარტია ,,მუ----------ი“, რომელიც 31 დეპუტატითაა წარმოდგენილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშში ერაყის შესახებ ნათქვამია, რომ კონკრეტულად ბაღდადში, სუნიტები წარმოდგენილნი არიან სახელისუფლებო ორგანოებში და აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, 2017 წლის 26 ივნისის მონაცემებით გარკვეულ პროვინციებში გუბერნატორები სუნიტები იყვნენ. დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშით ერაყში სუნიტი მოსახლეობის დევნა და შევიწროება დაკავშირებულია პირის ინდივიდუალურ გარემოებებთან, როგორიცაა საქმიანობა, ოჯახი, პროფესია და სხვა. გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის 2017 წლის ანგარიშით ის ფაქტი, რომ განმცხადებელი არის სუნიტი არ ქმნის საფრთხეს, რომ იგი შესაძლოა დადგეს სერიოზული ზიანის რისკის ქვეშ. სახელმწიფოს დამოკიდებულება მათდამი არ არის იმ ხარისხის და ინტენსივობის, რომ შეფასდეს დევნად ან ღირსების შემლახავ ან არაადამიანურ მოპყრობად. ასევე აღნიშნავენ, რომ ჰაიდერ ალ-ბადის მთავრობა ცდილობს სუნიტ მოსახლეობასთან ურთიერთობის მოგვარებას. პოლიტიკურ ლიდერთა უმრავლესობა აქტიურად უჭერს მხარს რელიგიურ პლურალიზმს და სუნიტები უბრუნდებიან საკუთარ რელიგიურ მრწამსსა და წეს-ჩვეულებებს.

პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №7 ოქმის (სტრასბურგი, 1954 წლის 22 ნოემბერი), პირველი მუხლის ადგენს უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს და განმარტავს: ,,სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები უცხოელი არ შეიძლება

გააძევონ, თუ არ იქნება მიღებული კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, და ისე რომ მას შეეძლოს წარადგინოს თავის გაძევების საწინააღმდეგო არგუმენტები; გადაასინჯვინოს თავის საქმე და ამ უფლებათა განსახორციელებლად წარდგეს უფლებამოსილი ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ დანიშნული ერთ ან რამდენიმე პირის წინაშე. მეორე პუნქტი კი უთითებს, რომ უცხოელი შესაძლოა გააძევონ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტების შესაბამისად თავისი უფლებების განხორციელებამდე, როდესაც ასეთი გაძევება აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან განპირობებულია ეროვნული უშიშროების მოსაზრებებით“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული იქნა საქმე ჯ.კ და სხვები შვედეთის სამეფოს წინააღმდეგ (J.K and Others v. Sweden) განაცხადი № 5------2; გადაწყვეტილები მიღების თარიღია 04.06.2015წ). სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის ერაყში დაბრუნება არ გამოიწვევდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და შემდეგნაირად დაასაბუთა აღნიშნული გადაწყვეტილება: ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დამკვირდებული საერთაშორისო სამართლის და საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესაბამისად გააკონტროლონ უცხოელთა შესვლა, ცხოვრება და გაძევება. თუმცა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ უცხოელის გაძევებამ შესაძლოა წამოჭრას კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საკითხები და აქედან გამომდინარე, კონვენციის შესაბამისად წარმოშვას ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაშინ, როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაბამისი პირი, მიმღებ ქვეყანაში დეპორტაციის შემთხვევაში დაექვემდებარება არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის რეალურ რისკს მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ. მსგავს შემთხევაში, ზემოთაღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ განახორციელოს ამ პირის აღნიშნულ სახელმწიფოში დეპორტაცია. შეფასება - არის თუ არა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი დაექვემდებარება რეალურ რისკს - მოითხოვს, სასამართლომ შეაფასოს მიმღებ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტთან მიმართებით. სტანდარტები გულისხმობს, რომ არასათანადო მოპყრობამ, რომელსაც განმცხადებელი თვლის რომ დაექვემდებარება, უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ დონეს იმისათვის, რომ მოექცეს მე-3 მუხლის ფარგლებში. შეფასება ფარდობითია და დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. როგორც სასამართლომ აღნიშნა, ძალადობის ზოგადი მდგომარეობა გაძევების შემთხვევაში ჩვეულებრივ არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. როგორც სასამართლომ მსგავს საქმეებში დაადგინა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმ მრავალრიცხოვან საქმეებში, რომელიც ეხებოდა ერაყში დეპორტაციას, ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ პირის ამ ქვეყანაში დაბრუნება თავისთავად გამოიწვევდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. რასის რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით დევნის შიშის საფუძვლიანობა პირველ რიგში ფასდება და ეფუძნება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატიურად ხორციელდება ადამიანის საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა.

დადგენილია და ჰუ------------–------------------ი თავად აცხადებს, რომ წარმოშობის ქვეყნის დატოვება სწავლის მიზნით გადაწყვიტა, შემდგომ კი უთითებს, რომ წარმოშობის ქვეყანაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირების გამო, თუმცა განმარტავს, რომ მისი ოჯახის წევრები ნორმალურად ცხოვრობენ და მუშაობენ ერაყის რესპუბლიკის ქ. ბაღდადში. აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს მის მიერ წარმოშობის ქვეყნის უკიდურეს აუცილებლობიდან გამომდინარე დატოვებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია „პირის მიმართ დევნის“ განმარტებისას. ,,დევნის“ შეფასებისას მნიშნელოვანია, რომ პირის სუბიექტური, ემოციური მდგომარეობა გამყარებული იყოს შესაბამისი ობიექტური გარემოებებითაც, რომელიც აღნიშნული პირის მიმართ საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

პალატა საჩივრის ავტორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლი ითვალისიწნებს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას, თუ საქართველოს საერთო სასამართლებში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად, განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ითვალისწინებს საქართველოდან გასვლის (არა გაძევების) ვალდებულების გადავადებას, რომლისთვისაც აუცილებელია 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1.თუ საქართველოს საერთო სასამართლებში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და 2.საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად.

პალატა მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებების მიუხედავად, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც მათი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გზით სააპელაციო სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ საქართველოში ჰ--------------–------------------ის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს, რის გამოც არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის ბრძანების გაუქმების საფუძვლები და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139, 2140, 2142, 2143 მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. ჰ--------------–------------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის ბრძანება 2018 წლის 17 დეკემბრის ტექნიკური უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებასთან ერთად;

 

3.ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი