დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-451(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. პ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. პ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 სექტემბრის №03-3394/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. პ-ასთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 სექტემბრის №03-3394/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. პ-ასთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას ქულათა საკმარის ოდენობასთან დაკავშირებით არასწორად განმარტავას და არასწორ შეფასებას აძლევს. სხდომის ოქმში მითითებულია მხოლოდ ქულათა ოდენობის მინიმალური ზღვარი, რაც დევნილ ოჯახს აძლევს საშუალებას მისი საკითხი განხილულ იქნეს კომისიაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ქულათა საკმარისი ოდენობა და უპირობოდ მოხდება დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას, გარდა საკამარისი ქულათა ოდენობისა, ყურადღებას ამახვილებას ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორიცაა საჭიროება, რადგან სასწრაფო საჭიროების არსებობა უმნიშვნელოვანესია საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის. როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. პ-ა 2020 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №9, ბინა 14.
მოსარჩელე მ. პ-ამ განაცხადი შეავსო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე 2020 წლის 9 აპრილს და წინასწარი შეფასებით მოიპოვა 1.5 ქულა, კრიტერიუმში - „ნაგირავები“. მოსარჩელის იურიდიული და რეგისტრაციის მისამართია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, სოფ. ...ო. 2021 წლის 23 თებერვალს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელე მ. პ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე. მოსარჩელე შესაბამის სამსახურს დახვდა ადგილზე, რა დროსაც განმარტა, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის №9, ბინა 14 (26.00 კვ.მ), ცხოვრობს 2020 წლის სექტემბრიდან, სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე. თანხა გადაუხადა ბინის მესაკუთრეს - ი. ბ-ეს. აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელე ცხოვრობს მარტო. საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ იპოთეკის თანხა შეადგენს 32 300 ლარს. ზემოთ მითითებული გარემოებების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიზეზით - ცხოვრობს „ნაგირავებში“.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე მ. პ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, სარეგისტრაციო №.... დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ..., სოფ. ...ო (ს.ფ 12); ბ) მ. პ-ამ 2020 წლის 4 სექტემბერს შეავსო განაცხადი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. დევნილის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ..., სოფ. ...ო. ასევე მითითებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ქ. თბილისი, .... №37, 2ა კორპ. ბინა 60ბ . კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლის/ბინის) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის მიხედვით, განაცხადი შეფასდა 1.50 ქულით, საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო. ამავე ფორმის თანახმად, სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მამა და და. განაცხადს აკეთებს თავად. მ. პ-ამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 26 ოქტომბერს წარუდგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ სექტემბერში შეავსო აპლიკაცია, ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართია: ...ი, ...ის №9, მე-5 სართული, ბინა 14 (ს.ფ 48-49, 47, 55); გ) 2021 წლის 23 თებერვალს მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა ვიზიტი მ. პ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე. ვიზიტისას დევნილი პირი იმყოფებოდა ადგილზე, რა მან დროსაც განმარტა, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის №9, ბინა №14, ცხოვრობს 2020 წლის სექტემბრიდან „გირით“, თანხა გადაუხადა ბინის მესაკუთრეს - ი. ბ-ეს. აღნიშნულ მისამართზე მ. პ-ა ცხოვრობს მარტო (ს.ფ 58-61); დ) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 19 აპრილის №25 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დაა სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლის/ბინის) შესყიდვის მიზნით სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში შევსებული განაცხადები. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, მ. პ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან პირი ცხოვრობდა „გირით“ (ს.ფ 65-69); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 სექტემბრის №03-3394/ო ბრძანებით მ. პ-ას ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლის/ბინის) შესყიდვაზე (ს.ფ 46); ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 22.10.2020 წელი), ი. ბ-ის საკუთრების უფლება ირიცხება უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №9, ბინა 14, საკადასტრო კოდი: .... აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მ. პ-ას იპოთეკის უფლება (ს.ფ 63); ზ) 2020 წლის 16 ოქტომბერს ი. ბ-ესა და მ. პ-ას შორის დადებულია სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულება უძრავი ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №9, ბინა 14, საკადასტრო კოდი: .... სესხის თანხა არის 32300 ლარი (ს.ფ 14-19); თ) 2022 წლის 21 იანვრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მ. პ-ას მამას - ა. პ-ას მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად საცხოვრებელი ფართის მიღების განაცხადი შევსებული ჰქონდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტზე. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე და ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, მიენიჭათ 1.5 ქულა ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. არასაკმარისი ქულის გამო ოჯახის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას არ განუხილავს (ს.ფ 93).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის კანონიერება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობს შესახებ. ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მ. პ-ა ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვ.) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პირს თუ ოჯახს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის დროებითი შესაძლებლობა არ წარმოადგენს მისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე