დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 09.10.2023
საქმის ნომერი
ბს-1026(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1026(კ-23) 9 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის დადგენილებაზე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდართვევის საქმეზე მითებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმის წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 06 თებერვლის N000037 ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის კანონიერება.

ბ. ქ-ის მიმართ 2023 წლის 06 თებერვლის N000037 ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1522 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, დაჯარიმებას ექვემდებარება საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა.

ამდენად, ბ. ქ-ს სამართალდარღვევისათვის სახდელი შეეფარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, აღნიშნული აქტის კანონიერებაზე მსჯელობა, ადმინისტაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის დადგენილების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე