დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.07.2022
საქმის ნომერი
ბს-527(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-527(კ-22) 26 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი

კასატორი (მოპასუხე) - თელავის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ჩ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ჩ-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 ნოემბრის №6698 გადაწყვეტილება ფართის პრივატიზების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 49,7 კვ.მ ფართის მოსარჩელის სახელზე პრივატიზების შესახებ.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 ნოემბრის №6698 გადაწყვეტილება პრივატიზების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ.ჩ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით ლ.ჩ-ის მიერ წარდგენილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ლ.ჩ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 ნოემბრის №6698 გადაწყვეტილება (პასუხი) ფართის პრივატიზების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი 49,7 კვ.მ ფართის ლ.ჩ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი თანახმად კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანო მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერ მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში მოიაზრება ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტიც, რომლითაც შესაძლებელია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერად სარგებლობის დადასტურება. კანონიერი მოსარგებლის სტატუსით პირის აღჭურვა დაკავშირებულია ერთდროულად ორ წინაპირობის არსებობასთან, კერძოდ, (1) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სათანადო დოკუმენტის ქონა (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა), რომელიც პირს ანიჭებ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას და ამასთან, (2) პირი ასეთი დოკუმენტის არსებობის პარალელურად დაუფლებულია აღნიშნულ ფართს.

დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის განმარტება, რომლის თანახმად, 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებაში აღნიშნულ ,,სხვა დოკუმენტში’’, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია მოაზრებულ იქნას ნასყიდობა და ფაქტობრივი ფლობა შეძენილ ქონებაზე 1942 წლამდე. მხედველობაშია მისაღები სასამართლოს 1975 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილში არის ასეთი ჩანაწერი: ,,მესამე პირის ა-ი ნ-ის მიერ თვითნებურად მიშენებული ფართობი 49,7 კვ.მ, ...ის ქ. №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა-ი გ-ის სახელზე კუთვნილი, ჩამოერთვას და ჩაირიცხოს თელავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს ფონდში. დაეტოვოს უფლება ნ.ა-ს მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად ისარგებლოს აღნიშნული ფართობით’’. დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, თუ 1942 წელს გ.ჩ-მა გ.ა-საგან იყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თელავში, ...ის ქ. №5-ში, მაშინ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა 1975 წელს როგორ ჩამოართვეს ნ.ა-ს (ა-სს). თუ რეალურად ჩ-ების ოჯახი ფაქტიურად ფლობდა საცხოვრებელ სახლს ა-საგან ქონების ყიდვის მომენტიდან, ეს ფაქტი უნდა ასახულიყო მაშინდელ სასამართლო გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მოსარგებლე იქნებოდა ჩ-ი, ხოლო მესაკუთრე ა-სი. უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი შეიძლება ყოფილიყო როგორც მესაკუთრე, ასევე მოსარგებლეც. სასამართლო გადაწყვეტილებაში ზემომითითებული ჩანაწერი ნიშნავს, რომ ჩ-ების ოჯახი ფაქტიურად არ ფლობდა აღნიშნულ ქონებას. მოსარჩელეს არც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია ,,სხვა სახის დოკუმენტი’’ რომლითაც დადასტურდებოდა თვითნებურად მიშენებული ფართის სარგებლობის ფაქტი. თელავის რაიონული სასამართლოს 1975 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაში არსებობს ასეთი სახის ჩანაწერი: ,,სასამართლოს სამსჯავრო სხდომაზე გამოირკვა, რომ მოპასუხე ა-სი 1942 წელს გაიწვიეს დიდ სამამულო ომში. იგი დაიღუპა ფრონტზე და დაკრძალულია ...ში. მესამე პირმა (ნ.ა-ი) სათანდო ნებართვის გარეშე უპროექტოდ ააშენა ე.ი. მიაშენა საცხოვრებელ სახლს 49.7 კვ.მ ფართი და ღია ტერასა 16.2 კვ.მ’’. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ,,გ.ჩ-მა იყიდა ა-ის სახლი და იქ ცხოვრობდა ყიდვის მომენტიდან. რეალურად მანვე მიაშენა სახლს უნებართვოდ ტერასა და დამხმარე ფართი’’.

კასატორის განმარტებით, სადავო მისამართზე არსებულ საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს თანასაკუთრებას, საიდანაც 3/7 წარმოადგენდა გ.ჩ-ის საკუთრებას, 3/7 - დ.ბ-ის საკუთრებას და 1/7 - იყო კომუნალური ფონდის საკუთრება. ტექნიკური პასპორტის მიხედვით, გ.ჩ-ის სახელზე ქ. თელავში, ...ის ქ. №5-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 3/7 ნაწილის აღრიცხვა განხორციელდა 1978 წლის 26 ოქტომბერს და სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია 1978 წლის 21 ივლისის თელავის რაიონის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ბინის 1/7 ნაწილის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის აღრიცხვა განხორციელდა 1976 წლის 28 იანვარს, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია თელავის რაიონის სახალხო სასამართლოს 1975 წლის 19 ნოემბერის გადაწყვეტილება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია პრივატიზების განხორციელება, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) ან სხვა დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა მის მიერ საპრივატიზებოდ ასაღიარებელი თვითნებურად მიშენებული 49.7 კვ.მ ფართობის კანონიერი სარგებლობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თელავი, ...ის ქ. №5, ს/კ ..., რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ.ჩ-ის თანასაკუთრების უფლება (ს.ფ 22-23); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, თელავში, ...ის ქ. №5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფაქტიური ფართობი არის 705.0000 კვ.მ, ლიტერი ,,ა’’, საერთო ფართი - 195.60 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 137.30 კვ.მ, დამხმარე ფართი - 58.30 კვ.მ. 3/7 წილის მესაკუთრე/მოსარგებლეა გ.ჩ-ი (საფუძველი: თელავის რაიონის სახალხო სასამართლოს 1978 წლის 21 ივლისის №2/160-1 გადაწყვეტილება, 1974 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი და 1987 წლის 2 დეკემბრის ტექნიკური პასპორტი), 3/7 წილის მესაკუთრე/მოსარგებლეა დ.ბ-ი (საფუძველი: 1974 წლის 3 ივლისის №1267 ნასყიდობის ხელშეკრულება, 1974 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი და 1987 წლის 2 დეკემბრის ტექნიკური პასპორტი), 1/7 წილის მესაკუთრე/მოსარგებლეა კომუნალური ფონდი (საფუძველი: თელავის რაიონის სახალხო სასამართლოს 1975 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, 1974 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი და 1987 წლის 2 დეკემბრის ტექნიკური პასპორტი) (ს.ფ 27); გ) უძრავი ნივთი მდებარე, ქ. თელავი, ...ის ქუჩა №5, (ს/კ ...) მოსარჩელე ლ.ჩ-მა მიიღო მემკვიდრეობით გ.ჩ-ისგან, რომელმაც, თავის მხრივ, მოცემული სახლი შეიძინა გ.ა-სგან (ა-ისაგან) (ს.ფ 16-18, 22-23); დ) თელავის რაიონის სახალხო სასამართლოს 1975 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.ა-ს მეუღლეს - ნ. ა-სს ჩამოერთვა ქ. თელავში, ...ის ქუჩა №5-ში არსებულ სახლზე უკანონოდ მიშენებული 49,7 კვ.მ ფართი და იგი ჩაირიცხა თელავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს ფონდში. ამავე გადაწყვეტილებით, ნ. ა-სს მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად უფლება მიეცა, ესარგებლა ამ ფართით, ხოლო ღია ტერასის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო საქალაქო საბჭოს აღმასკომს (ს.ფ 19-21); ე) ქ. თელავში, ...ის ქუჩა №5-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ...) თანამესაკუთრეებმა, კერძოდ, დ.ბ-მა, მ.ი-მა და კ. ჩ-მა განაცხადეს თანხმობა, რომ კომუნალურ ფონდში ჩარიცხული 49.7 კვ.მ ფართის პრივატიზება მომხდარიყო ლ.ჩ-ის სახელზე (ს.ფ 39-40); ვ) ლ.ჩ-მა 2019 წლის 10 სექტემბერს №11232 განცხადებით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა კომუნალურ ფონდში რიცხული, ქ. თელავში, ...ის ქუჩა №5-ში არსებულ სახლზე უკანონოდ მიშენებული, 49,7 კვ.მ ფართის პრივატიზება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ-ს უარი ეთქვა კომუნალურ ფონდში რიცხული 49.7 კვ.მ ფართობის პრივატიზაციის მოთხოვნაზე და განემარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელია პრივატიზაციის განხორციელება (ს.ფ 41); ზ) თელავის რაიონის სახალხო სასამართლოს 1978 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში (შენობაზე საკუთრების უფლების ფაქტის დადგენის შესახებ) აღნიშნულია, რომ 1942 წლის ოქტომბერში გ.ჩ-მა გ.ა-ისგან იყიდა საცხოვრებელი სახლი (2 ოთახი), მდებარე, თელავი, ...ის ქუჩა №5. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოასწრო, ვინაიდან გ. ა-ი გაიწვიეს ომში, საიდანაც იგი აღარ დაბრუნებულა. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მყიდველი ჩ-ი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: გარდაცვლილი გ. ა-ის მეუღლემ და ნათესავებმა დაადასტურეს, რომ გ.ჩ-ი ყიდვის მომენტიდან ცხოვრობდა შეძენილ სახლში (ს.ფ 16-18).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხლი 1.1). მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში, მართალია, მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც დადასტურებული უნდა იქნეს კანონიერი სარგებლობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, საკითხის ნორმატიული მოწესრიგება შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთრებაში გადაცემა განახორციელოს სხვა მტკიცებულებების საფუძველზეც, რაც ადასტურებს კანონიერ სარგებლობაში საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართის გადაცემას. ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თელავის რაიონის სახალხო სასამართლოს 1978 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 1942 წელს გ.ჩ-მა გ. ა-ისგან იყიდა საცხოვრებელი სახლი და ამ პერიოდიდანვე თავისი ოჯახით დაიწყო იქ ცხოვრება. იმის გამო, რომ გ. ა-ი ომიდან აღარ დაბრუნებულა, ხოლო სახლი ირიცხებოდა მის სახელზე, გ.ჩ-მა შენობაზე საკუთრების უფლების ფაქტის დადგენის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად გ.ჩ-მა 1942 წელს ნამდვილად იყიდა ბინა აწ გარდაცვლილი გ. ა-ისაგან მდებარე ქ. თელავი, ...ის ქუჩა №5 და წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სათანადო დოკუმენტი კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის სადავო უძრავი ქონების პრივატიზების საკმარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე