დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1236(2კ-22) 19 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია, ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ლ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-ამ 2019 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ივლისის №1070 ბრძანების და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4406452 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მ. ლ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4406452 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 24 ივლისის №1070 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის N4406452 გადაწყვეტილებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეიზღუდა მ. ლ-ას საკუთრების უფლება. პალატის განმარტებით, სადავო არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის N4406452 გადაწყვეტილების გამოცემის დროისთვის მოქმედი ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უშვებდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ში პავილიონის მოწყობის შესაძლებლობას, შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნია ახალი ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გამოყენება და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პალატის მიერ დადგენილ იქნა არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის N4406452 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 24 ივლისის N1070 ბრძანებაც მიიჩნია უკანონოდ. პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო სათანადო დასაბუთების არარსებობის პირობებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საჯარო ინტერესის უპირატესობაზე კერძო ინტერესთან მიმართებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს სასამართლოს მითითებულ შეფასებას/დასკვნას და აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა“. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ახალ მშენებლობაზე. მითითებული დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიას წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, მე-2 სტადიას არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მე-3 სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა.
განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის N4406452 გადაწყვეტილებით მ. ლ-ას უარი ეთქვა სავაჭრო პავილიონის განთავსების მიზნით ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიღომში, „თ...“ ... საკადასტრო კოდით მის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია, თავისი მახასიათებლებით წარმოადგენდა გამწვანებულ ტერიტორიას, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს, ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილს, რომელიც ხასიათდებოდა მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები და ხედვითი არეალი. აღნიშნული აქტი გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 24 ივლისის N1070 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. ლ-ას 2019 წლის 8 აპრილის N19/0119098345-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის N4406452 გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალების შეფასების შემდეგ, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, არქიტექტურის სამსახური ადგენს ქალაქთმშენებლობით პირობებს და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებას დასაშვებად მიიჩნევს ან მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებას მიიჩნევს მიზანშეუწონლად. ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს კანონით დადგენილ ფარგლებში მისი განხორციელების თაობაზე.
დადგენილია, რომ მ. ლ-ამ მოითხოვა სავაჭრო პავილიონის განთავსების მიზნით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, „თ...“ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. ამდენად, უდავოა, რომ მშენებლობის განხორციელება დაგეგმილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, რის გამოც ხსენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს არქიტექტურის სამსახური. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მისსავე დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობა და მისი მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობის თანახმად, არქიტექტურის სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას აგრეთვე წარმოადგენს კომპლექსური ანალიზის განხორციელება იმის თაობაზე, თუ რამდენად დადებით გავლენას იქონიებს დაგეგმილი მშენებლობა კონკრეტული ტერიტორიის განვითარებაზე.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი - ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, „თ...“, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით, მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება საპროექტო ტერიტორიებზე არსებული სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არქიტექტურის სამსახურმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების შემდგომ, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საპროექტო მიწის ნაკვეთებზე სავაჭრო პავილიონის განთავსების მიზნით სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. ხსენებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა გამწვანებული ტერიტორიის შენარჩუნებას, რის გამოც საპროექტო ტერიტორიებზე დასაშვებად არ იქნა მიჩნეული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა.
კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის მიღების დროისთვის უკვე იყო შემუშავებული ქ. თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა, რომელიც მოქმედებდა სატესტო რეჟიმში და 2019 წლის 15 მარტს გამოქვეყნდა. ამასთან, გასათვალისწინებელია და პალატამ არასათანადო შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ საპროექტო ტერიტორიაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმით გავრცელებულ იქნა სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). აღნიშნული ცვლილება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ყოველგვარი სახის მშენებლობა დაუშვებელია, რაც აისახა კიდეც სამშენებლოდ დასაშვები და აკრძალული ზონების განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტში - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს სწორად განხორციელდა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება, რადგან საპროექტო ტერიტორია, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა ისეთ სივრცეს, სადაც მშენებლობა არ იყო მიზანშეწონილი.
კასატორის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2019 წლის 28 თებერვალს მ. ლ-ამ NAR... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა პავილიონის მშენებლობის მიზნით ქ. თბილისში, სოფელი ..., „თ...“, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის N4406452 გადაწყვეტილებით, მ. ლ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის (ს/კ: N...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა გამწვანებულ ტერიტორიას, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს, ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილს, რომელიც ხასიათდებოდა მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის N4406452 გადაწყვეტილებით, საკმარისი დასაბუთების და წონადი არგუმენტაციის გარეშე პრიორიტეტულად წარმოჩენილია მხოლოდ საჯარო ინტერესები. ამასთან, გასაჩივრებულ აქტში თითქოს არ არის მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესთა თანაფარდობის გათვალისწინებით, რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული მ. ლ-ას საკუთრების უფლება.
სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაწესებული შეზღუდვებით ეჭვქვეშ დადგა საკუთრების უფლების არსი და შინაარსი. ასეთ ვითარებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებისას მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხს. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის სათანადოდ დასაბუთებული, იზღუდება თუ არა მ. ლ-ას საკუთრების უფლება, არის თუ არა შეზღუდვა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, რა ხარისხით ხდება უფლების შეზღუდვა და არის თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის თანაზომიერი, ამასთან, ხომ არ იწვევს საკუთრების უფლების მოცემული ხარისხით შეზღუდვა საკუთრების უფლების არსის რღვევას. რატომ იქნა მიჩნეული საუკეთესო შედეგად საკითხის ამგვარად გადაწყვეტა და რატომ არ იქნა გათვალისწინებული მ. ლ-ას კანონიერი ინტერესები და რატომ დაწესდა ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების იმგვარი კონტროლი (შეზღუდვა), რითაც გაუმართლებლად შეიზღუდა მისი საკუთრების უფლება.
ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ხოლო, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სამსახურის ფუნქციებია: ა) არქიტექტურული პროცესების მართვა დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა; ნ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.“
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით კასატორი განმარტავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ახორციელებს ერთიან საჯარო ხელისუფლებას, რომელიც უფლებამოსილია სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს კონკრეტული ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების მიზანშეწონილობის საკითხი, არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონის, ქალაქის განვითარებისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, როგორც სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარებაზე უფლებამოსილი ორგანო, ვალდებულია, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, შეაფასოს და გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რათა საფრთხე არ შეექმნას ტერიტორიის რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებასა და დედაქალაქის სამომავლო განვითარებას. ამასთან, კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება უნდა შეესაბამებოდეს მიმდებარე ტერიტორიის, როგორც არსებულ, ასევე, სამშენებლო პოლიტიკით განსაზღვრულ შემდგომი დაგეგმარებისა და ერთიანი სივრცის ჩამოყალიბების მიზნებსა და ამოცანებს.
კასატორის მოსაზრებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტის კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას.
მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გადამეტება, კანონის მოთხოვნათა დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა ან/და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ხასიათს ეჭვქვეშ დააყენებდა. არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ. ლ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის (ს/კ: N...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, გამომდინარეობდა კანონმდებლობით სამსახურისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებიდან და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს - სადავო აქტის გამოცემის მიზანს კი წარმოადგენდა საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო გარემოს, ბუნებრივი ლანდშაფტის, ხედვითი არეალის შენარჩუნება, რა გარემოებებიც სადავო აქტით გათვალისწინებული იქნა.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის-რუკის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე (მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ..., „თ...“, ს/კ: N...) ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). აღნიშნული გენ-გეგმის ტექსტური ნაწილის 52-ე მუხლის თანახმად, სარეკრეაციო ზონა-1 (რზ-1) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა. დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, საპარკო სკამის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების.
აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს სამსახურის პოზიციას, რომ სადავო აქტის გამოცემისას სამსახურის მიერ საქმეზე გარემოებები სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შეფასებული, რამაც განაპირობა სწორედ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს, ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილება ზონის ცვლილების ნაწილში მ. ლ-ას სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დავა არსებითად სწორად გადაწყვეტა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარი სადავო საკითხია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4406452 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ივლისის №1070 ბრძანების კანონიერების შეფასება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“. მითითებული ,,წესების“ პირველი მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
განაშენიანების რეგულირების წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 თებერვალს, მ. ლ-ამ №AR... განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელი დიღომში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
შპს „ს...ს“ 2019 წლის 28 თებერვლის №001/051 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, სოფელი ..., „თ...“, ს/კ №...) განთავსებულია მაღალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე 6 ძირი (მდგომარეობა - ჯანსაღი).
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4406452 გადაწყვეტილებით, მ. ლ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა გამწვანებულ ტერიტორიას, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს, ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილს, რომელიც ხასიათდებოდა მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი.
2019 წლის 08 აპრილს, მ. ლ-ამ №19/0119098345-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4406452 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ივლისის №1070 ბრძანებით, მ. ლ-ას 2019 წლის 08 აპრილის №19/0119098345-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4406452 გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ქ. ,,თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ (დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით) მიხედვით, მოსარჩლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), რაც ითვალისწინებდა პავილიონის მოწყობის შესაძლებლობას, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება საკითხის ხელახლა, სათანადო წესით არსებითად გამოკვლევის თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მიუხედავად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით არქიტექტურის სამსახურისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებისა, საქმის მასალების თანახმად დადასტურებულია, რომ მ. ლ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) არ გამოირჩევა მთლიანი ტერიტორიის გამწვანებით (მხოლოდ, სამეზობლო მიჯნასთან არსებული მცირე ნაწილია გამწვანებული ექვსი წიწვოვანი ხით), შესაბამისად, დაუსაბუთებელია თუ რა დამატებითმა გარემოებებმა განაპირობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ზემოთ მითითებული აქტის გამოცემა - რატომ იქნა მიჩნეული საუკეთესოდ შედეგად საკითხის ამგვარად გადაწყვეტა და რატომ არ გაითვალისწინა სამსახურმა კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული მ. ლ-ას საკუთრების უფლება, რომელიც, მართალია, იზღუდება სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თუმცა სადავო აქტით კონკრეტულად არ დგინდება, რატომ დაწესდა ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების იმგვარი კონტროლი (შეზღუდვა), რითაც შეიზღუდა მისი საკუთრების უფლება.
აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის შესახებ სადავო აქტი გამოიცა 2019 წლის 11 მარტს, თუმცა მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული იყო „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რომლის მიხედვით მ. ლ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) გავრცელდა სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში ან მის გარეთ არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა. ამავე წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რზ-1-ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების.
საკასაციო პალატა კასატორების ყურადღებას მიაქცევს ამჟამად მოქმედ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მე-2 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, წერილობითი დასტურის/მშენებლობის ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიის ან/და ტერიტორიული-სტრუქტურული დოკუმენტების დამუშავებისა ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორების პოზიცია, სადავო საკითხის ხელახალი განხილვის პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ გათვალისწინებულ ახალ რეგულაციასთან შეუსაბამობის შესახებ.
მეტიც, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №6 ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც უპირატესი საჯარო ინტერესის გამო, შეიძლება შეიზღუდოს კერძო ინტერესები. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება, მიღებული გადაწყვეტებით რიგ შემთხვევაში იზღუდება ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებები სამშენებლო პირობების გაუარესების თვალსაზრისით. საჯარო ინტერესის გამოკვეთილი უპირატესობა არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ზიანის ანაზღაურების საშუალებად უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა ან/და ფულადი კომპენსაციის გაცემა. ამასთან, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საკუთრების უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №6 აგრეთვე ითვალისწინებს ზიანის ოდენობის დადგენის კონკრეტულ გზებს. ამდენად, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას, საჯარო ინტერესის მოსარჩელის კერძო ინტერესთან აღმატებულად მიჩნევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული დადგენილების დანართი №6-ით გათვალისწინებული რეკომენდაციებით, რომელიც შეეხება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული საკითხი, მათ შორის, ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარსის გათვალისწინებასთან ერთად მხედველობაში უნდა მიიღოს მ. ლ-ას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დაცული ლეგიტიმური ინტერესი და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, სადავო აქტი არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება არსებითად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა