დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-348(კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
კასატორი (მოსარჩელე) - გ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. კ-ემ 2020 წლის 13 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2020 წლის 9 ივნისის №1488 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე გ. კ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, გ. კ-ე ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, ...ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 1996 წლიდან ფლობდა მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იდგა სახლი, რომელსაც იყენებდა საცხოვრებლად, მაგრამ 2011 წელს ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს სახლი მის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენდა. გ. კ-ემ 2016 წლის 8 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზემოთ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა აღიარების კომისიის 2020 წლის 9 ივნისის განკარგულებით განმცხადებელს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტი გამოიცა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, კომისიამ უარი დააფუძნა მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „გ. კ-ეისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 9 ივნისის №1488 განკარგულება; ამავე კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ქალაქ თბილისში, ...ის ... მკ/რ-ში, ...ს შენობის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე გ. კ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. კ-ეის მიერ აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ არ დგინდებოდა კანონის ამოქმედებამდე გ. კ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლო კი ფაქტობრივად ეყრდნობა აპელანტის წარმომადგენლის პოზიციას ექსპერტიზის დასკვნის საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც დასახელებული დასკვნით ცალსახად დასტურდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი №1 შენობის ჩრდილოეთით კანონის ამოქმედებამდე ნამდვილად არსებობდა შენობა-ნაგებობა, თუმცა ეს არ იყო ნახაზზე მითითებული №1 შენობა-ნაგებობა. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით, უდავოდ დასტურდება შენობების სხვადასხვაობა, ხოლო განმცხადებელი აზომვით ნახაზზე დატანილი №1 შენობის საფუძველზე ითხოვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. კასატორის მითითებით, გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ აზომვით ნახაზზე დატანილი და ექსპერტის მიერ მითითებული შენობა თავისი მონაცემებით შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანო ნის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
კასატორის მოსაზრებით, აღიარების კომისიის 2020 წლის 9 ივნისის №1488 განკარგულება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. ამდენად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ ორგანოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. კ-ეისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. გარდა ამისა, კომისიამ დამატებით დაადგინა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა გ. კ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში ზემოაღნიშნული კანონითა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით, კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების 2012 წლის 6 აგვისტოს №113 ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ 2011 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, ...ს მიმდებარედ არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე ნამდვილად იყო ხანძარი, სადაც დაიწვა 20 კვ.მ ფართის მქონე ერთსართულიანი სახლი (ტ. 1, ს.ფ. 88). საქმეში წარმოდგენილია ასევე 2016 წლის 26 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ნ. მ-ე ადასტურებს, რომ გ. კ-ე 1996 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, ...ს შენობის მიმდებარედ არსებული 896.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლით (რომელიც ამჟამად დამწვარია ხანძრის შედეგად) (ტ. 1, ს.ფ. 79-80). 2016 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით კი ი. ე-ი და მ. ა-ი ადასტურებენ, რომ გ. კ-ე 1996 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, ...ს შენობის მიმდებარედ მდებარე 896.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლით (რომელიც ამჟამად დამწვარია ხანძრის შედეგად) (ტ. 1, ს.ფ. 81-82). რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოს (გვარების მითითებით), ხილვადია ფოტოზე აღბეჭდილი ნარგავები (ტ. 1, ს.ფ 62).
მნიშვნელოვანია ასევე საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 დეკემბრის №007672220 ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღწერილია ქალაქ თბილისში, ...ის ... მ/რ-ში, ...ს შენობის მიმდებარედ არსებული ხე-მცენარეების ასაკი და მდგომარეობა. დასკვნის თანახმად, ობიექტი მდებარეობს ვაკე რელიეფზე, შემოღობილია მავთულბადის ღობით. ობიექტზე გაშენებულია მრავალწლოვანი/ ხეხილოვანი კულტურები. კერძოდ, კაკალი (16წ.), ბროწეული (9წ.), ბალი (17წ.), ალუბალი (13წ.), ლეღვი 11წ.), ქლიავი (14წ.), კომში (14წ.), ასევე დეკორატიული მცენარე-იასამანი. რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 31 მარტის №001977322 ექსპერტიზის დასკვნას, დგინდება, რომ ი/მ ...ის მიერ მომზადებული ...ის ... მ/რ-ში, ...ს შენობის მიმდებარედ არსებულ 896 კვ.მ ფართის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი №1 შენობის ჩრდილოეთით, საჯარო რეესტრში დაცულ 2005 და 2006 წლების ორთოფოტოებზე ფიქსირდება ნაგებობა, შესაბამისად, აღნიშნული ნაგებობა აშენებულია 2007 წლამდე (ტ. 1, ს.ფ. 195-199). ამასთან, გ. კ-ეისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სადავო განკარგულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. გარდა ამისა, მიეთითა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა გ. კ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავდა გ. კ-ეის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ზემოაღნიშნულზე მითითება, ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რადგან, ერთი მხრივ, მოწმეები ადასტურებენ გ. კ-ეის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას 2007 წლამდე, მეორე მხრივ კი, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დამწვარი სახლის ჩრდილოეთით ფიქსირდება შენობის საძირკველი. ამასთან, საგულისხმოა სააპელაციო პალატაში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე მდებარე დამწვარი შენობის ნაშთი, შესაძლოა, არასწორად არის აღქმული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და სწორედ ჩრდილოეთით მდებარე საძირკველი შეიძლება იყოს გ. კ-ეის სახლის ნაშთი.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის აღიარების კომისიის მხრიდან აუცილებელია ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი - გ. კ-ეის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული შენობის ნაშთი, არის თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული „ჩრდილოეთით მდებარე შენობა“. ამასთან, ეს უკანასკნელი მდებარეობს თუ არა აღიარებამოთხოვნილ 896.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ხომ არ აქვს ადგილი ნახაზზე შენობის არასწორად დატანას, რადგან აღნიშნულ გარემოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან მხოლოდ ყველა დასახელებული გარემოების დადგენისა და შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი დავის სწორად გადაწყვეტა და დასაბუთებული აქტის გამოცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლასა და გამოკვლევას. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე