დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.06.2005
საქმის ნომერი
ას-185-520-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-185-520-05 9 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 10 ივნისს ც. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ხ-ის წინააღმდეგ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენისა და წილის გამოყოფის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის მძიმე ავადმყოფი და მკურნალობისთვის ესაჭიროება თანხები. მან არაერთხელ სთხოვა მის ნახევარძმას, მოპასუხე ა. ხ-ს, გაეყიდათ გორის რაიონის სოფ. ..... არსებული დედისეული ქონება და აღებული თანხა გაენაწილებინათ სამივე მემკვიდრეს, მაგრამ მოპასუხე ამის წინააღმდეგია. მისი ღვიძლი ძმა _ ჯ. ს-ი თავის წილსაც მას უთმობს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1999 წელს გარდაეცვალა დედა. იგი დაეუფლა მის დანაშთ ქონებას. მოსარჩელეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს. სამკვიდროს გახსნიდან გასულია თითქმის ოთხი წელი და მოთხოვნა ხანდაზმულია, ამასთან მას გააჩნია დედის მიერ 1990 წელს გაცემული ანდერძი, რომლითაც დედამ მთელი თავისი ქონება მას უანდერძა.

გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის განჩინებით ც. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონში, სოფ. .... მდებარე 30 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი, საკუთრების უფლებით ირიცხება აწ გარდაცვლილი თ. ს-ი-ხ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1999წ. 27 ოქტომბერს. მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ც. ს-ს კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო ქონება არ მიუღია და მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადა. ც.ს-მა მოითხოვა სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის აღდგენა, საპატიო მიზეზად კი მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს-ი-ხ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 1999წ. 27 ნოემბრიდან, ე.ი. სამკვიდროს გახსნიდან ც.ს-ის მიერ სარჩელის აღძვრამდე გასულია თითქმის 4 წელი.

სკ-ის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნა მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ც.ს-ი ვერ უთითებს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზებზე. მისი განმარტება, რომ იგი არის ონკოლოგიური ავადმყოფი, ვერ იქნება მიჩნეული ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, ვინაიდან დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1999 წელს, ხოლო ც.ს-ის ავადმყოფობა გამოვლინდა 2002 წელს.

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც.ს-მა ვერ მიუთითა, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილების საპატიო მიზეზებზე, რაც მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც.ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 128-ე მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა. კასატორი თვლის, რომ მან ამ ვადის გასვლამდე მოითხოვა სამკვიდროს მიღება და, შესაბამისად, არ გაუშვია ხანდაზმულობის ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და სამკვიდროდან წილის გამოყოფა. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის თაობაზე, არ მიიჩნია საპატიო მიზეზად და დაასაბუთა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა სარჩელი.

პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, სკ-ის 1424-ე მუხლი და 1426-ე მუხლის პირველი ნაწილი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) მითითებულია საქმეზე დადგენილი როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სამართლის ნორმები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას. პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლით დადგენილ პირობებს შეესაბამება, კერძოდ, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაიცვა კანონის აღნიშნული მოთხოვნები.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სკ-ის 128-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რადგან აღნიშნული ნორმა ადგენს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის ვადებს. პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული ნორმა არ უნდა გამოეყენებინა (და არც გამოუყენებია), რადგან განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმით, თუ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა (6 თვე) საპატიო მიზეზითაა გაშვებული, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა. სასამართლომ დაადგინა, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად არ მიიჩნია მოსარჩელის ავადმყოფობა, რადგან იგი 2002 წლიდანაა ონკოლოგიური ავადმყოფი, სამკვიდრო კი 1999წ. 27 ოქტომბერს გაიხსნა.

ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.