დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1259(კ-22) 11 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა. გ-ი (მოსარჩელე)
პროცესუალური მოწინააღმდეგეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-მა 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 თებერვლის №5271379 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 აპრილის №422 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის მოსარჩელის - ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... ...ში მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით. სასამართლო განჩინების სამოტივაციო ნაწილშიც აღნიშნულ ნორმას იშველიებს, თუმცა იგი არ არის სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი, ვინაიდან განაშენიანებული და გაუნაშენიანებელი ტერიტორიების საზღვრები ნორმატიულად დადგენილია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით. სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არქიტექტურის სამსახურის დებულებიდან გამომდინარე სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას იგი მოქმედებდა კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა დაუსაბუთებელია საჯარო ინტერესების უპირატესობა მოსარჩელის კერძო ინტერესებთან მიმართებაში. ამასთანავე, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. მითითებული საკითხი დარეგულირებულია ნორმატიული აქტით და მისი შეცვლა ან მისგან განსხვავებული რეგულირების შემოთავაზება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა, კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პირველი მუხლის მე-17, 25-ე და 27-ე პუნქტებზე, მე-2 მუხლის მე-17 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ა. გ-ის საკუთრებაში არსებული საპროექტო მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით წარმოადგენს განაშენიანებული ტერიტორიების კონტურს შიგნით მდებარე მიწას და მითითება იმაზე, რომ იგი გაუნაშენიანებელია, ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნული ნორმებს. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ზუსტად ანალოგიური ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობის პირობებში, სხვა სუბიექტებს შეთანხმებული ჰქონდათ სამშენებლო დოკუმენტაცია და, მათგან განსხვავებით, მოსარჩელის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც თანასწორობის პრინციპის დარღვევაა. აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ შეუფასებია.
კასატორის მითითებით, საკასაციო საჩივრის მომზადებისას, მან ელექტრონულად კიდევ ერთხელ გადაამოწმა მიმდებარე ობიექტები და აღმოჩნდა, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობისას ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 263 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე (მესაკუთრე ნ. გ-ე), რომელიც მოსარჩელის ნაკვეთიდან დაშორებულია 90 მეტრის მანძილით და ვრცელდება ზუსტად იგივე სამართლებრივი რეჟიმები, მოპასუხე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2021 წლის 25 ნოემბერს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გადაწყვეტილება №5695172), 2022 წლის 18 აპრილის №5859610 ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. გარდა გაცემული მშენებლობის ნებართვებისა, ავთანდილი გოგინაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ აშენებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. გაკეთებულია წყალმომარაგების, განათების და საგზაო ინფრასტრუქტურის ქსელი, სახელდებულია ქუჩები და ა.შ. ზემოაღნიშნულისა და გენერალური გეგმით დადგენილი განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრების პირობებში მტკიცება იმისა, რომ ტერიტორია წარმოადგენს გაუნაშენიანებელს, ფაქტობრივად და სამართლებრივად უსაფუძვლოა. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს გააჩნია მისასვლელი გზა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სახელდებულია როგორც ...ის პირველი შესახვევი, მდებარეობს განაშენიანების კონტურს შიგნით და მასზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 1-ის პარამეტრებით განსაზღვრული სამართლებრივი რეჟიმი. ამასთანავე, პირის იძულება, რომ საკუთარი რესურსებით დაამუშაოს და შესათანხმებლად წარადგინოს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი, რომელმაც უნდა მოიცვას სხვა პირთა საკუთრებებიც (რა დროსაც, შესაძლოა მათი ნების საწინააღმდეგო იყოს ეს პროცესი), ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნორმატიულ მოთხოვნებთან შეუსაბამოა და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების თავისუფლად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის კონსტიტუციით და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებებს.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იმდაგვარად შეიზღუდა საკუთრების უფლება, რომ სრულად უკარგავს მას არსს. აღნიშნული შეზღუდვის საპირწონე კანონმდებლობით აღიარებული და დასაცავი საჯარო ინტერესი არ არსებობს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით „უშენი ტერიტორია არის დასახლების ნაწილი, რომელიც არ მიეკუთვნება ნაშენ ტერიტორიას, უმეტესად მწვანე საფარითაა დაფარული და 300 მეტრის რადიუსში არ არის განთავსებული შენობა- ნაგებობა“. განსახილველ შემთხვევაში ავთანდილი გოგინაშვილის მიწის ნაკვეთი მდებარეობს გენგეგმით დადგენილ განაშენიანების კონტურს შიგნით, მასზე ხე-ნარგავები საერთოდ არ არის და მის მიმდებარედ 300 მეტრის რადიუსში მდებარეობს არაერთი აშენებული თუ მშენებარე შენობა-ნაგებობა, რაც დადასტურებით ჩანს მოპასუხე არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინტერაქტიულ რუკაზე დატანილი ინფორმაციით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. თბილისში, ... ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2020 წლის 12 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. გ-ის სახელზე. ისიც დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, ქ. თბილისში, ... ...ში მდებარე (ს/კ ...) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 თებერვლის №5271379 სადავო გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი ტერიტორია არსებული მდგომარეობით არ იყო განაშენიანებული, არ არსებობდა კომუნიკაციები და გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამასთან, მიწის ნაკვეთების არასწორი გამიჯვნების დინამიკის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო ტერიტორიის ქაოსური სამშენებლო განვითარება და ერთიანი სივრცითი გადაწყვეტის დარღვევა, რაც შემდგომში იწვევდა მისასვლელი გზების და ქალაქის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არმქონე მიწის ნაკვეთების ჩამოყალიბებას და მათ უსისტემო განაშენიანებას, შესაძლებელი იყო წარდგენილი და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სამშენებლო განვითარება მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) განსაზღვრავდა ამ ტერიტორიისათვის არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს, კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 აპრილის №422 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 თებერვლის №5271379 გადაწყვეტილება.
წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 თებერვლის №5271379 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 აპრილის №422 ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 18 მარტის №16-01210771112 წერილს, რომლის თანახმად, №... საკადასტრო ერთეული და მიმდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს გაუნაშენიანებელ ტერიტორიას. პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ გარემოებას აგრეთვე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პირველი მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების თანახმად, განაშენიანებული ტერიტორია არის ტერიტორია, რომელზეც უმეტესწილად განლაგებულია შენობა-ნაგებობები, ამასთანავე წარმოადგენს განაშენიანებულ სტრუქტურას (მაგ.: კვარტალი, მიკრორაიონი, საცხოვრებელი უბანი, სოფელი) ან მის ნაწილს და უზრუნველყოფილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, ხოლო გაუნაშენიანებელი ტერიტორია არის ქალაქის ნაწილი, რომელიც არ მიეკუთვნება განაშენიანებულ ტერიტორიას, უმეტესად მწვანე საფარითაა (ლანდშაფტი, ტყეები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და სხვა) დაფარული და მასზე შესაძლებელია განთავსებული იყოს დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და ხასიათდებოდეს მეჩხერი განაშენიანებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, თბილისის ქალაქთმშენებლობითი განვითარების პრიორიტეტია არსებული განაშენიანებული ტერიტორიების გამოყენების რაციონალიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა, მათ შორის ამორტიზებული ან/და დეგრადირებული განაშენიანების განახლება-განვითარება. გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ათვისება დაიშვება, მხოლოდ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქგანვითარების პოტენციალის ამოწურვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობითა და განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პროცედურებით მიღებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით. წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დედაქალაქის ქალაქგანვითარების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, და განაშენიანების რეგულირების წესების მესამე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება სავალდებულოა, როდესაც ხორციელდება გაუნაშენიანებელი ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ წარდგენილი და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სამშენებლო განვითარება მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში იყო შესაძლებელი, სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარეობს და რომელზედაც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (გარდა საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ან ძირითადი დებულებებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მშენებლობისა), მოქმედი სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 თებერვლის №5271379 სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დეტალურად განემარტა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. რაც შეეხება კასატორის მითითებას, სხვა პირებთან შედარებით მის არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ განიხილება თანასწორობის პრინციპის დარღვევად. თანასწორობის პრინციპის დაცვა გულისხმობს ადმინისტრაციის თვითნებობის აკრძალვას, იდენტურ გარემოებებში თვითნებურად უფლებების შეზღუდვის და უკანონო გადაწყვეტილებების მიღების დაუშვებლობას. თანასწორობის დაცვა გულისხმობს თანასწორობას კანონის დაცვაში და არა დარღვევაში, სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა, მით უფრო უკანონო პრაქტიკა (სუსგ. №ბს-1163 (კ-18), 18.04.2020წ.).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გ. ქ-ის მიერ 17.10.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, კასატორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. ა. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 17.10.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გ. ქ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა