დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13431-13 16 აპრილი, 2013 წელი
ო-ე შ, 13431-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივან - ლ. ს-ის
პროკურორ - გ. ფ-ის
ადვოკატ - პ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ შ. ო-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით შ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.
მსჯავრდებულ შ. ო-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. მის მიმართ გამოცხადდა ძებნა და დაკავებისთანავე შესახლებულ უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მას სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს წინასწარ გამოძიებაში მისი პატიმრობაში ყოფნის დრო, კერძოდ - 5 დღე.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ შ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ო-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ შ. ო-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1981 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 9 თვით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს დაკავებიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა შ. ო-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან შ. ო-ე ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1981 წლის რედაქცია), მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. ქათამაძე
№1343¹-13 8 ოქტომბერი, 2013 წელი
ო-ე შ, 1343¹-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 16 აპრილს მსჯავრდებულ შ. ო-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 16 აპრილს მსჯავრდებულ შ. ო-ს მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, სადაც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში მითითებულია წინადადება: ,,საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1981 წლის რედაქცია)“, ნაცვლად წინადადებისა: ,,საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია)“. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 16 აპრილს მსჯავრდებულ შ. ო-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში ჩაიწეროს: ,,საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია)“. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.
სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. ქათამაძე