კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1370-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№13701-13 16 აპრილი, 2013 წელი გ-ე გ.-13701-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - მ. ლ-ის

ადვოკატ - გ. ნ-ის

მსჯავრდებულ - გ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) – 15 წლით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებით) - 11 წლით, 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) - 12 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) - 15 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის ცვლილებით) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულს მიესაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 1997 წლის 17 თებერვლიდან 2012 წლის 22 მარტამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. გ-ე გამართლდა სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის დანიშვნის ნაწილში - დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 105-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, რის გამოც განესაზღვრა 28 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ასევე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 1997 წლის 13 თებერვლიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სასამართლოს ერთი მეოთხედით უნდა შეემცირებინა თითოეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი (მათ შორის - უვადო თავისუფლების აღკვეთა) ცალ-ცალკე, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის პირობით ვადამდე გათავისუფლებას 25 წლის მოხდის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე, სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების წესი უნდა გავრცელდეს აღნიშნულ 25 წელზე, რათა მსჯავრდებულებს მიეცეთ შესაძლებლობა, გათავისუფლდნენ პატიმრობიდან 18 წლისა და 9 თვის მოხდის შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის სწორად გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მსჯავრდებულზე ამ კანონის 1-ლი-21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე - თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

საჩივრის განხილვისას გაირკვა და საჩივარშიც აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და, შესაბამისად, საქმეზე სამართალწარმოება არ დასრულებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა გ. გ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების საკითხი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება, როგორც არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი, უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება გ. გ-ის მიმართ.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი