განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1380-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13801-13 19 აპრილი, 2013 წელი

ი-ი გ, 13801-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - ანა ვარდიძის

პროკურორ - ჯ. უ-ს

მსჯავრდებულ - გ. ი-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ი-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 თებერვლის განაჩენით გ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და გ. ი-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც, 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 9 თვე. გ. ი-ს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. გ. ი-ს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

გ. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირობითად დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით და გამოსაცდელი ვადა - 2 წელი და 9 თვე და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 3 თვის და 22 დღის ვადით - პირობით, 2 წლის და 22 დღის გამოსაცდელი ვადით (გარდა ჯარიმისა).

გ. ი-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 თებერვლის განაჩენით დამატებით სასჯელად დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით და განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლისა და 3 თვის ვადით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ი-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ლ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან. მასვე უნდა აღუდგეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ი-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ი-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მასვე აღუდგეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე