დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1390-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13901-13 19 აპრილი, 2013 წელი

დ-ე ზ.-13901-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ პ. ს-ის

მსჯავრდებულ _ ზ. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის განაჩენით ზ. დ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა დაიურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ზ. დ-ეს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. დ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდანაა ცნობილი, დაზარალებული და დაზარალებულთა უფლებამონაცვლე პირები უარს აცხადებენ ზ. დ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16 მუხლი და მსჯავრდებულს საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირა ერთი მეოთხედით.

ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლებას. ამდენად, პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ამ საკითხზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი