დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-265-594-05 ¹ას-265-594-05 14 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ე-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. ე-ის, თანამოპასუხეების: თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹1 რეგიონალური ბაზის და თბილისის ¹12 სანოტარო კანტორის მიმართ და მოითხოვა გ. ე-ესა და საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილს შორის 1992წ. 20 ოქტომბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და გ. ე-ეს და ს. ე-ეს შორის 1994წ. 27 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; დაზუსტებული სარჩელით მოპასუხის _ ს. ე-ის მიმართ მან მოითხოვა თბილისში, ...... შესახვევის ¹6-ში მდებარე ¹1 ბინის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება ბინის 1/2 შესაბამისზე ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში; მოსარჩელის განმარტებით სადავო ბინა 1960 წელს მიიღო, მამამ კ. ე-ემ, არასრულწლოვნების გამო მიწერილი იყო მამასთან პასპორტში, ხოლო სადავო ბინაში ჩაეწერა 1970 წელს; პატიმრობაში ყოფნის გამო აღნიშნული ბინიდან ამოწერილი იყო, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ 1991წ. 18 მაისს კვლავ ჩაეწერა სადავო ბინაში. ამის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს და განთავისუფლდა 2001წ. 21 ივლისს, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სადავო ბინიდან ამოწერილი არ ყოფილა; 2002წ. 18 თებერვალს ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის 2004წ. 17 მარტის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის აწ გარდაცვლილ დედას _ მ. ე-ეს 1992წ. 20 ოქტომბერს მოუხდენია ბინის პრივატიზაცია და 1994წ. 27 დეკემბერს ბინა უჩუქებია მისი დისთვის _ ს. ე-ისთვის. მოსარჩელის განმარტებით, მას, როგორც დამქირავებლის მ. ე-ის ოჯახის წევრს, წარმოეშვა თანაბარი უფლება. საკუთრებაში მიიღოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით უსასყიდლოდ საცხოვრებელი ბინა; 1997წ. 25 ნოემბრიდან ახალი სკ-ის ამოქმედებიდან საქართველოს საბინაო კოდექსმა ძალა დაკარგა. ბუნებრივია, გაუქმდა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ადგენდა დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრების თანაბარ უფლებებს. ახალი სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს საკუთრებაში უძრავი ქონების მიღების შემზღუდავ ნორმებს და არ არსებობს მასზე ხანდაზმულობის ვადების რაიმე ფორმით გავრცელების ნორმები, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა არასწორად, შესაბამისად უკანონოა ჩუქების ხელშეკრულება ბინის 1/2.
მოპასუხის განმარტებით ნ. ე-ის მოთხოვნა ხანდაზმულია სკ-ის 129-130-ე მუხლების საფუძველზე. ამასთან, არ არსებობს ამავე კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლები; ს. ე-ემ სარჩელით მოითხოვა ნ. ე-ისა და ნ. რ-ის სადავო ბინიდან გამოსახლება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და სკ-ის 170-ე-172-ე მუხლების საფუძველზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ. ე-ის სარჩელი ს. ე-ის მიმართ დაკმაყოფილდა: იგი ცნობილ იქნა თბილისში, ...... მე-2 შესახვევის ¹6-ის, ბინა 1-ის 1/2-ის მესაკუთრედ. შესაბამისად ½-ში ბათილად იქნა ცნობილი 1994წ. 27 დეკემბერს გ. ე-ესა და ს. ე-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება. საჯარო რეესტრს დაევალა შესაბამისი ჩანაწერების შესრულება და სადავო ბინის ს. ე-ესა და ნ. ე-ეზე თანაბარ წილად აღრიცხვა.
ს. ე-ის შეგებებული სარჩელი ნ. ე-ისა და ნ. რ-ის მიმართ სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ე-ემ და მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განჩინებით ს. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის 2004წ. 15 მარტის დადგენილებით, რომლითაც არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახლმმართველობის თანამშრომლების რ-ასა და ს-ის მიმართ, დადგენილად მიიჩნია, რომ მათ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, როდესაც გასცეს სადავო ბინაზე ფორმა ¹1, სადაც არ შეიყვანეს ნ. ე-ე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ე-ე ჩაწერილი იყო სადავო ბინის პრივატიზაციისას, რაც დასტურდება ფორმა ¹13-ით და იგი რეგისტრაციიდან მოხსნეს მხოლოდ 2002წ. 24 დეკემბერს. გ. ე-ემ სადავო ჩუქების ხელშეკრულებით განკარგა ნ. ე-ის კუთვნილი წილი საერთო საკუთრებაში; სასამართლომ მიუთითა, რომ 1992წ. 20 ოქტომბერს სადავო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა. მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების დარღვევით, ვინაიდან მ. ე-ეს და ნ. ე-ეს წარმოეშვათ თანასაკუთრება სადავო ბინაზე. ამ უფლების გამოყენებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. ნ. ე-ეს არ მოუთხოვია მოპასუხისგან რაიმე მოქმედების შესრულება. მან სასამართლოს მიმართა აღიარებითი სარჩელით და მოითხოვა კანონით მინიჭებული უფლების აღიარება და ამ უფლებიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ამ მოთხოვნის მიმართ სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს ხანდაზმულობის ვადას; ნ. ე-ემ მისი გამოსახლების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში შეიტყო ჩუქების ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე; 2003 წლიდან სარჩელის აღძრვამდე, 2004წ. აპრილამდე არ არის გასული სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.
ს. ე-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გაგზავნა შემდეგი საფუძვლებით. სასამართლომ მოსარჩელე ნ.ე-ეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა. მხარე სადაოდ არ ხდიდა პრივატიზაციის ხელშეკრულებას, სასამართლომ კი იმსჯელა პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერებაზე და ფაქტობრივად ცნო იგი ურიდიული ძალის არმქონედ.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2004წ. 17 მარტის დადგენილებას, რომელიც არ შესულა კანონიერ ძალაში და გაუქმებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 6 ივნისის განჩინებით.
სასამართლომ არ გამოითხოვა ფორმა ¹1, შსს განყოფილებიდან მიღებული პასუხით არ დასტურდება ნ. ე-ის ჩაწერის ფაქტი; ნ. ე-ის თვდაპირველი სარჩელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღიარებით სარჩელად; განსახილველ შემთხვევაში დავა საკუთრების უფლებაზე უკვე მიმდინარეობს, აღიარებითი სარჩელით კი პირს უფლება აქვს, მოითხოვოს რაიმე უფლების დადასტურება, რომელიც ჯერ არ გამხდარა სადავო, მაგრამ იმის გამო, რომ მომავალში შეიძლება მასზე დავა წარმოიშვას, მას აქვს იურიდიული ინტერესი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდეს ამ უფლების აღიარება; ამდენად, სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებულია 1994 წელს, სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს, ყოველგვარი ხანდაზმულობის ვადა გასულია; ის გარემოება, რომ ნ.ე-ემ 2003წ. 22 ივლისს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შედეგად შეიტყო ან უნდა შეეტყო ჩუქების ხელშეკრულების დადების თაობაზე, არაფრით არ დასტურდება და წარმოადგენს სასამართლოს დაუსაბუთებელ ვარაუდს; გადაწყვეტილება იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ შეუძლებელი ხდება მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. ე-ემ, როგორც თბილისში, ....... შესახვევის ¹6/1-ში მცხოვრებმა, ერთადერთმა დამქირავებელმა 1992წ. 120 ოქტომბერს მოახდინა მითითებული ბინის პრივატიზაცია, ხოლო 1994წ. 27 დეკემბერს აჩუქა იგი შვილს _ ს. ე-ეს. ამ უკანასკნელის ძმა _ ნ. ე-ე 1970 წლიდან ჩაწერილილ იყო სადავო ბინაში. ამოეწერა ბინიდან პატიმრობის ფაქტთან დაკავშირებით. 1991წ. 18 მაისს მოხდა მისი ხელახალი ჩაწერა, 2002წ. 18 თებერავლს კი თბილისის ისანი-სამგორის შსს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში მიიღო პირადობის მოწმობა მითითებული საცხოვრებელი ბინის მისამართზე. იგი ამ მისამართზე რეგისტრაციიდან მოხსნეს 2002წ. 24 დეკემბერს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის 2004წ. 15 მარტის დადგენილებით სახლმმართველობის თანამშრომლების თ. რ-ასა და ბ. ს-ის მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა დადგინდა, რომ მათ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, როდესაც ბინის პრივატიზაციისას გასცეს სადავო ბინაზე ფორმა ¹1, სადაც არ შეიყვანეს ნ. ე-ე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სასამართლო არ შეიძლებოდა დაყრდნობოდა პროკურატურის 2004წ. 17 მარტის დადგენილებას, ვინაიდან იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის განჩინებით გაუქმებულია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 მაისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა იმავე რაიონის პროკურატურის 2004წ. 17 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი ეყრდნობა ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის 2004წ. 15 მარტის დადგენილებას, რომელიც შეეხება სახლმმართველობის თანამშროლების რ-ასა და ს-ის პასუხისმგებლობის საკითხს, ხოლო პროკურატურის 2004წ. 17 მარტის დადგენილებაში საუბარია ნ. ე-ისა და ნ. რ-ის. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ იქნება დამატებითი და დასაბუთბული საკასაციო პრეტენზია. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს ასეთ პრეტენზიაზე არ მიუთითებია.
ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელეს სადავო ბინის პრივატიზაციიის ხელშეკრულების გაუქმება არ მოუთხოვია, ხოლო სასამართლომ ცნო იგი იურიდიული ძალის არ მქონედ, რითაც მიაკუთვნა მხარეს იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.
მართალია, მოსარჩელეს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება არ მოუთხოვია, მაგრამ არც სასამართლოს დაუდგენია რაიმე სამართლებრივი შედეგი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების მიმართ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა სადავო ბინის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობას, რისი უფლებაც მას მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით ჰქონდა; ამ დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით, ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით კი დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან; აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა; ამასთან, დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გამოხატავს მხოლოდ ბინის ერთ-ერთი დამქირავებლის მესაკუთრედ აღრიცხვაზე თანხმობას და არა საკუთრების უფლებაზე უარის თქმას. აღნიშნული დადგენილებით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და თუ ამ უკანასკნელს დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარეს. ნ. ე-ე სადავო პერიოდში ამოწერილი არ ყოფილა სადავო ფართიდან, ასევე, არ ყოფილა ცნობილი ფართზე უფლებადაკარგულ პირად, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ცნობილ იქნეს სადავო ბინის 1/2-ის მესაკუთრედ სამართლებრივად გამართლებულია.
საკასაციო პალატა ასევე ვერ მიიჩნევს საფუძვლიანად კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოითხოვა ფორმა ¹1, შს განყოფილებიდან მიღებული პასუხით კი არ დასტურდება ნ. ე-ის ჩაწერის ფაქტი.
საქმის მასალებში არსებობს რამოდენიმე ფორმა ¹1, რომელიც მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, შს განყოფილებიდან მიღებული პასუხებით, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ დასტურდება, რომ ნ. ე-ე თავისუფლების აღკვეთის პერიოდში არ ყოფილა რეგისტრაციიდან მოხსნილი კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
პალატა მართებულად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ მოთხოვნა თანასაკუთრებიდან წილის მიკუთვნებაზე არ არის აღიარებითი სარჩელის საგანი და სარჩელი მიკუთვნებითია. ამასთან მიაჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2001 წლამდე, ხოლო როგორც პრივატიზაცია, ასევე, სადავო ბინაზე ჩუქების ხელშეკრულება, სწორედ აღნიშნულ პერიოდში გაფორმდა, იგი მოკლებული იყო საშუალებას შეეტყო სადავო ბინასთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 2001 წლიდან სარჩელის წარდგენამდე, 2004წ. ივლისამდე, სამოქალაქო კოდექსით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადები არ არის გასული.
სსკ-ის 102-ე მუხლძის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოპასუხე მიუთითებს რა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვერ მიუთითებს გარემოებებზე, რომლითაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში; ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე გარდა მოთხოვნის ხანდაზმულობისა, კასატორს სხვა პრეტენზია არ წამოუყენებია.
სსკ-ის 410-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ს. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი,განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.