დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1416-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14161-13 19 აპრილი, 2013 წელი

დ-ე გ.-14161-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ _ გ. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განაჩენით გ. დ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 19 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განაჩენით.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ.დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. დ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ¼-ით შეუმცირდა 3 წლით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და იგი განისაზღვრა 2 წლითა და 3 თვით.

გ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 19 იანვრიდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე გ. დ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა განჩინების გაუქმება და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდანაა ცნობილი, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი დაზარალებულის თანხმობა გ. დ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16 მუხლი და მსჯავრდებულს საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით დანიშნული სასჯელი და დამატებით სასჯელად დანიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუმცირა ერთი მეოთხედით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

გ. შავლიაშვილი