დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1417-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14171-13 19 აპრილი, 2013 წელი

ს-ი მ., 14171-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ანა ვარდიძის

პროკურორ - დ. ბ-ს

მსჯავრდებულ - მ. ს-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ს საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის განაჩენით მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4, მე-8 ნაწილებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2007 წლის 15 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ს-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მას საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ მარიამ სტენტონის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ მ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 იანვრიდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს სასამართლოდან გაეგზავნათ შესაბამისი წერილობითი შეტყობინებები. მათგან მხოლოდ ერთმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ხოლო დანარჩენი ორი დაზარალებულის უფლებამონაცვლისაგან პასუხები მიღებული არ არის, რაც რაიონულმა სასამართლომ შეაფასა როგორც თანხმობაზე უარი.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ამავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია