დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14531-13 23 აპრილი, 2013 წელი
ბ-ა ჯ., 14531-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ის
მსჯავრდებულ _ ჯ. ბ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით ჯ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) – 9 წლით, 273-ე მუხლით – 6 თვით, 273-ე მუხლით – ასევე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ჯ. ბ-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 დეკემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ჯ. ბ-ას გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და ამ მუხლით განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 5 თვისა და 15 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განაჩენი შეიცვალა: ჯ. ბ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 9 წლით, 273-ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის საფუძველზე ორჯერ გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით მოსახდელად დარჩა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ჯ. ბ-ას განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ბ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ჯ. ბ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ბ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჯ. ბ-ას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის, შესაბამისად, მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ჯ. ბ-ას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე