ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 26.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1503-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.04.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№15031-13 26 აპრილი, 2013 წელი

კ-ე გ., 15031-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ა. გ-ის

მსჯავრდებულ _ გ. კოშაძის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა) და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 2 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლაც დაეწყო 2008 წლის 4 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ამავე სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: გ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გ. კ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონების საფუძველზე ორჯერ გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 9 ოქტომბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. კ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინების გაუქმებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის – შემცირებას ერთი მეოთხედით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს უნდა შეუმცირდეს დანიშნული და არა - მოუხდელი სასჯელები. კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2012 წლის 9 ოქტომბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე, 10 დღე - ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს და უნდა განესაზღვროს 9 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, კვლავ უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ გ. კ-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2012 წლის 9 ოქტომბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მიესაჯოს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2012 წლის 9 ოქტომბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე და 10 დღე - ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და მიესაჯოს 9 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, კვლავ გაუნახევრდეს და საბოლოოდ გ. კ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2012 წლის 9 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულ გ. კ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე