დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1530-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1530-13 30 აპრილი, 2013 წელი

თ-ე ლ.- 15301-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ე. ფ-ის

ადვოკატ - ვ. ა-ის

მსჯავრდებულ _ ლ. თ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. თ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ლ. თ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი; ლ. თ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 26 ივნისიდან იმავე წლის 29 ივნისის ჩათვლით.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ლ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე, 27 დღე, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 11 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი, 11 თვე და 27 დღე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 11 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 12 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. თ-ე გათავისუფლდა წინა განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული 9 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 12 ნოემბრიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელის განახევრებას იმ მოტივით, რომ იგი სრულად გათავისუფლდა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. თ-ე სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო სსკ-ის 180-ე მუხლით, რის გამოც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მას დანიშნული სასჯელი უნდა შემცირებოდა მხოლოდ ერთი მეოთხედით. ამავე კანონის მე-2 მუხლი გარკვევით მიუთითებს, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულს მხოლოდ მაშინ უნდა გაუნახევრდეს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი, როდესაც ამ დანაშაულის ჩადენისას არ იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. თ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის უფრო მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინება ლ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი