დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.10.2023
საქმის ნომერი
ბს-415(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-415(კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „ვ...“

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები - შპს „ბ...“, შპს „ლ...“, შპს „გ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - აღმასრულებლის ქმედებების უკანონოდ აღიარება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ვ...მ“ 2013 წლის 26 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 02 ივლისის №A13027843-013/002 ქმედებისა და 2013 წლის 12 სექტემბრის №69629 ქმედების კანონშეუსაბამოდ ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №1054 ბრძანების ბათილად ცნობა, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსათვის აუქციონის დანიშვნის დავალება შპს „ბ...ის“ იპოთეკით დატვირთული ქონების ნაწილში და შპს „ბ...ის“ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემდეგ, აღსრულების გაგრძელება შპს ,,გ...ს“, როგორც არაუზრუნველყოფილი მოვალის ქონების მიმართ.

სარჩელის მიხედვით, 2007 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ №2/1247-07 საქმეზე დაამტკიცა მორიგება, რომლის თანახმად, მოპასუხე აღიარებდა, რომ 2005 წლის 22 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2005 წლის 30 დეკემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2006 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ დავალიანება შეადგენდა 712 915.06 აშშ დოლარსა და 234 877.86 ლარს. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება დაეფარა ნაწილობრივ, კერძოდ, 700000 ლარის ოდენობით 2007 წლის 25 სექტემბრამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეასრულებდა მორიგების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, მოსარჩელე უფლებამოსილი გახდებოდა თავისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა სრულად 712 915.06 აშშ დოლარისა და 234 877.86 ლარის ოდენობით. დანარჩენ პუნქტებთან ერთად, მხარეებს აღნიშნული განჩინებით განემარტათ, რომ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში იგი მიექცეოდა იძულებით აღსასრულებლად. იმის გამო, რომ მორიგების პირობა მოვალე შპს „გ...ს“ მიერ დაირღვა, კერძოდ, 2007 წლის 25 სექტემბრამდე არ იქნა დაფარული 700000 დოლარი, სს ,,ვ...მ“ მიმართა სასამართლოს და 2007 წლის 19 ოქტომბერს საქმეზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 19 ოქტომბერს საქმეზე 2/1247-07 გაცემული სააღსრულებო ფურცლის პირველ პუნქტში განისაზღვრა მოვალე შპს „გ...ს“ მიერ გადახდის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტულ ქონებათა იძულებითი რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კრედიტორი აბსოლუტურად თავისუფალია მოითხოვოს მხოლოდ პირველი პუნქტის აღსრულება სესხის ამოღებისას უზრუნველყოფაში არსებულ ქონებათა რეალიზაციის გარეშე, ხოლო აღმასრულებელი შეზღუდულია მის უფლებამოსილებაში შეუსაბამოდ განმარტოს და განავრცოს აღსრულების წესი და შესაძლებლობები.

სააღსრულებო ფურცლის გაცემისას სამოქალაქო კოდექსში არ არსებობდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი - მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი (სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის 301-ე მუხლი). შესაბამისად, სს ,,ვ...“ და მისი კონტრაგენტი მხარე მორიგების დადებისას, მისი დადებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემისას ვერც კი წარმოიდგენდა სამომავლოდ კანონმდებლის მიერ შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას. ამავდროულად აღსანიშნავია, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ვადა 10 წელია და კრედიტორი უფლებამოსილია ამ ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს აღსრულება, შესაბამისად, აღნიშნულ სამართალურთიერთობაზე ცალსახად უნდა გავრცელდეს 2007 წლის 19 ოქტომბერს მოქმედი იპოთეკის მარეგულირებელი ნორმები და არა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლში 2009 წლის 4 დეკემბერს დამატებული ზემომითითებული ჩანაწერი, რაც მოსარჩელეს მისცემდა შესაძლებლობას 2007 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვოს შპს ,,გ...ს“ ქონებიდან. შესაბამისად, გაუგებარია აღმასრულებლის ქმედება, მით უფრო, რომ დღეს მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში არ არსებობს ჩანაწერი უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულების შემდეგ, არაუზრუნველყოფილ მოთხოვნაზე აღსრულების გაგრძელების დაუშვებლობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „გ...“, შპს „ბ...“, შპს „ლ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სს „ვ...ს“ სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება სს „ვ...ს“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით სს „ვ...ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,ვ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სს ,,ვ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ვ...მ“.

კასატორის მითითებით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო პალატა, არ ეხება განსახილველ დავაზე არსებულ ურთიერთობას, იმის გამო, რომ ხსენებულ დავაზე მოვალეს წარმოადგენდა არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირი, რაც არსებითად ცვლიდა საკითხს და განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების პირობებში იყო მიღებული.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს დიდი პალატის გადაწყვეტილების მსჯელობაზე, რომ „უზრუნველყოფის სანივთო უფლების (იპოთეკის) დადგენისას მხარეები იმთავითვე ითვალისწინებენ საგნის ღირებულებას და როგორც წესი იპოთეკის საგნის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას“ და აღნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველთვის აქცევს ყურადღებას სესხის გაცემისას სანივთო უფლებით დასატვირთ ქონებას და ითვალისწინებს მოვალის გადამხდელუნარიანობას. სწორედ ამით განსხვავდება ფიზიკური პირი მოვალე, იურიდიული პირი მოვალისაგან. სადავო შემთხვევაში, ბანკმა მესამე პირების სასარგებლოდ სესხის გაცემისა და რისკების აწონისას, გაითვალისწინა მოვალის გადახდისუნარიანობის საკითხი და ამ ფაქტის გათვალისწინებით იქნა დატვირთული ქონება იპოთეკით. ბანკს ჰქონდა მოლოდინი, რომ ვალის გადახდა უპრობლემოდ იქნებოდა შესაძლებელი მოვალე სუბიექტის, როგორც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ და ამ მიზეზით იპოთეკით დატვირთული ქონება არ ყოფილა დავალიანების ადეკვატურად განსაზღვრული. გარდა ამისა, მხარეთა შორის შეთანხმებული მორიგების პირობებისა და 2007 წლის 19 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის გაცემისას არ მოქმედებდა 2009 წლის 4 დეკემბრის ცვლილებით ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილი, რომლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა განემარტა კანონი იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულების შემდეგ აღსრულების გაგრძელება შესაძლებელი იყოს სააღსრულებო ფურცლის ამოწერის დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის რედაქციის პირობებში. კასატორი აღნიშნავს, რომ სესხი გაიცა და მორიგება დამტკიცდა არა იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზების იმედად, არამედ ბანკი, იგივე კრედიტორი იაზრებდა, რომ შპს „გ...“ ბაზარზე იყო ისეთი მდგრადი იურიდიული პირი, რომელიც ყოველთვის შეძლებდა საკუთარი სახსრებით არსებული დავალიანების დაფარვას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღსრულება უნდა განხორციელდეს დაუბრკოლებლად სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის - შპს „გ...ს“ ქონებაზეც, ვინაიდან თბილისს საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 19 ოქტომბერს, საქმეზე №2/1247–07 გაცემული სააღსრულებო ფურცლის პირველ პუნქტში განსაზღვრა მოვალე შპს „გ...ს“ მიერ თანხის გადახდის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტულ ქონებათა იძულებითი რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კასატორს მიაჩნია, რომ კრედიტორი აბსოლუტურად თავისუფალია მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ პირველი პუნქტის აღსრულება, სესხის ამოღება უზრუნველყოფაში არსებულ ქონებათა რეალიზაციის გარეშე, ხოლო აღმასრულებელი შეზღუდულია მის უფლებამოსილებაში კანონშეუსაბამოდ განმარტოს და განავრცოს აღსრულების წესი და შესაძლებლობები. საყურადღებოა, რომ მორიგება მხარეთა შორის დაირღვა და მასზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსში არ არსებობდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი (სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის 301–ე მუხლი). შესაბამისად, სს „ვ...“ მორიგების დადებისას, მისი დარღვევისას და სააღსრულებო ფურცლის გაცემისას ვერც კი წარმოიდგენდა სამომავლოდ კანონმდებლის მიერ შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ შპს „ბ...ის“ დირექტორის გარდაცვალების მიუხედავად, აღმასრულებელს ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოს მსგავსად, დამფუძნებლისთვის გაეგზავნა წერილი და პუბლიკაციით ეცნობებინა აღსრულების პროცესის შესახებ, რამდენადაც აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მიხედვით სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იგივე ნორმებზე დაყრდნობით ახორციელებს აუქციონის გამოცხადებამდე შესაბამის პროცედურებს, რომელსაც იყენებს სასამართლო მხარის მოწვევისას, შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს შეფასება აღსრულების თაობაზე დამფუძნებლის საჯარო გაფრთხილების გზით ცნობების დაუშვებლობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით (საქმე №2/1247-07) მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ,,სს „ვ...“ (შემდგომ „მოსარჩელე“, ყოფილი სს „გ...“), მისი გენერალურ დირექტორ-პრეზიდენტის მოადგილის კ. გ-ის სახით, ერთი მხრივ და შპს „გ...“ (შემდგომ „მოპასუხე“) მისი დირექტორის გ. ძ-ეის სახით, მეორე მხრივ, და შპს „ზ...ის“ წარმომადგენელი, შპს „ი...ის“ წარმომადგენელი, შპს „ბ...ის“ წარმომადგენელი, შპს „ო...ის“ წარმომადგენელი, შპს „ლ...ს“ წარმომადგენელი, შპს „ყ...ს“ წარმომადგენელი, შპს „ჩ...ის“ წარმომადგენელი (შემდგომ „მესამე პირები“), მესამე მხრივ, მორიგდნენ შემდეგზე: მოპასუხე აღიარებს, რომ 2005 წლის 22 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2005 წლის 30 დეკემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2006 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ მისი დავალიანება შეადგენს 712915,06 (შვიდას თორმეტი ათას ცხრაას თხუთმეტი დოლარი და ექვსი ცენტი) აშშ დოლარსა და 234877,86 (ორას ოცდათოთხმეტი ათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარს. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს ნაწილობრივ, კერძოდ 700 000 (შვიდასი ათასი) დოლარის ოდენობით 2007 წლის 25 სექტემბრამდე“. ამავე განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის თანახმად განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეასრულებდა მორიგების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო თავისი მოთხოვნა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ოდენობით დაეკმაყოფილებინა მორიგების აქტში მითითებული კონკრეტული უძრავი და მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით.

ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაიცა №2/1247-07 სააღსრულებო ფურცელი, რომელიც 2013 წლის 14 მაისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ წარმოებაში მიიღო. ამასთან, აღმასრულებელმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ვ. მ-ის მიერ განხორციელდა მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ: სამეწარმეო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოვალე იურიდიული პირების შეახებ, ასევე აღმასრულებელმა მიმართა უფლებამოსილ ორგანოს კრედიტორის განცხადებაში მითითებულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით. მოიძია ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოვალეთა საკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რის შემდგომაც დამატებით წერილობით აცნობა კრედიტორს და მოითხოვა მხოლოდ იმის დაზუსტება, ითხოვდა თუ არა ის აღსრულების განხორციელებას მოვალეების კონკრეტული ქონებების მიმართ. აქედან გამომდინარე, მართებულია სასამართლოს შეფასება აღმასრულებლის ქმედების კანონიერად მიჩნევის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება აღმასრულებლის ქმედებით კრედიტორისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას შპს ,,გ...ს“ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო აღსრულების კონკრეტული წესი და საშუალება, რაც ამავე დროს წარმოადგენდა მხარეთა შორის მორიგების აქტით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურებას, აღსრულების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი უზრუნველყოფილი ქონებების ფარგლებში და უზრუნველყოფილი ქონებების რეალიზაციის შემდგომ მოთხოვნის სრულად არ დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულების მიქცევა შპს ,,გ...ს“ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ვერ განხორციელდებოდა. საგულისხმოა, რომ აღსრულების პროცესის დაწყებისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 301 მუხლის 11 ნაწილი ასევე გამორიცხავს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, აღსრულების მიქცევის შესაძლებლობას მოვალის სხვა ქონებაზე, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მოქმედი ნორმების გამოყენების თაობაზე და მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის დიდი პალატის №ბს-1537-1494 (კ-08) გადაწყვეტილებით განიმარტა პროცედურული ნორმების დროში მოქმედების საკითხი, რაც ასევე გათვალისწინებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემულ საქმეზე, მართალია, სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2007 წლის 19 ოქტომბერს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო პროცედურა დაიწყო 2013 წელს, მართებულად მიუთითა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 301 მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოწესრიგებაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის დიდი პალატის №ბს-1537-1494 (კ-08) გადაწყვეტილების ფარგლებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. შესაბამისად, დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე მითითებისას მნიშვნელობა აქვს არა მხარეთა სტატუს (ფიზიკური პირია თუ იურიდიული), არამედ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), რაც მართებულად გამოიყენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას ქვედა ინსტანციის სასამართლომ.

რაც შეეხება კასატორის მითითებას შპს „ბ...ის“ ქონებაზე აუქციონის ჩატარების გაჭიანურებისა და დირექტორის გარდაცვალების გამო საზოგადოებაზე შეტყობინების ჩაბარების გართულების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უდავოდ დადგენილია, სააღსრულებო წარმოების პროცესი გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა, ამასთან აღმასრულებლის ქმედებაში რაიმე სახის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს წარმოდგენილი არ აქვს. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ბ...ს“ (ს/ნ...) მინიჭებული აქვს სტატუსი ,,ლიკვიდაცია დაწყებულია“ ხარვეზიანი საწარმოს სტატუსის დადგენის გამო (იხ. https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179). ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, რომლებსაც ლიკვიდატორების რეგისტრაციისთანავე უწყდებათ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები; ხოლო ამავე კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას ლიკვიდატორები სარგებლობენ იმავე უფლებებით და ეკისრებათ იგივე მოვალეობები, რომლებიც აქვთ ხელმძღვანელ პირებს, გარდა კონკურენციის აკრძალვისა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარზე 08.04.2022წ. №1 საგადასახადო დავალებით ხათუნა მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - სს „ვ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2022 წლის 8 აპრილს №1 საგადასახადო დავალებით ხ. ტ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა