დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.06.2005
საქმის ნომერი
ას-387-688-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-387-688-05 ას-387-688-05 24 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

სარჩელის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება და რეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ტ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. თ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... მდებარე საერთო საკუთრების სახლიდან იდეალური წილის შესაბამისი რეალური წილის გამოყოფა.

2005წ. 15 აპრილის განჩინებით დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა. ექსპერტის დასკვნის თანახმად, მხარეთა შორის ეზოს გაყოფა, იდეალური წილების შესაბამისად, შესაძლებელი იყო ორი ვარიანტით.

მოსარჩელე ც. ტ-ამ მოითხოვა რეალური წილის გამოყოფა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეორე ვარიანტის შესაბამისად.

მოპასუხემ სარჩელი რეალური წილის გამოყოფის თაობაზე ცნო, მაგრამ მოითხოვა მისი წილის განსაზღვრა ექსპერტიზის დასკვნის პირველი ვარიანტის შესაბამისად.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ტ-ას, ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის იდეალური 7/16 ანგარიშში რეალურად, ექსპერტის დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად, მიეკუთვნა 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული, 14,22 კვ.მ. ¹3 და ¹4 ოთახები სათავსი 11,8 კვ.მ. მოპასუხე ლ. თ-ს 5/16 იდეალური წილის ანგარიშში, რეალურად გამოეყო 10,15 კვ.მ. ¹4 ოთახი და ¹1 8,1 კვ.მ. სათავსი, 118,4 კვ.მ. საეზოვე მიწის ნაკვეთი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც.ტ-ამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ წილის გამოყოფის მოთხოვნა, ექსპერტის დასკვნის მე-2 ვარიანტის შესაბამისად არ იქნა გაზიარებული. აპელანტს მიაჩნდა, რომ მას გააჩნია უპირატესი უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რადგან დაბადებიდან ცხოვრობს სადავო სახლში დედასთან ერთად. დედა იყო მის კმაყოფაზე და სკ-ის 1481-ე მუხლის თანახმად, ეკუთვნის უპირატესი წილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ც.ტ-ას სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან აპელანტმა ვერ დაასაბუთა, მხარეთა შორის რატომ უნდა გაიყოს წილების ექსპერტის დასკვნის მე-2 დანართისა და არა დანართი ¹1-ის თანახმად.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც.ტ-ამ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებული ეზოს გაყოფას ექსპერტის დასკვნის მე-2 ვარიანტის შესაბამისად.

კასატორს მიაჩნია, რომ ეზოს პირველი ვარიანტით გაყოფისას უხეშად ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები. სასამართლომ დაარღვია სკ-ის 963-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საზიარო უფლების გაყოფისას მიღებული ნაწილების ღირებულება არ უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში კი მისი ნაწილის ღირებულება შემცირდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო საეზოვე ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 282.0 კვ.მ-ს. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება მხარეებს ერთობლივად ეკუთვნით. სადავო სახლთმფლობელობის 7/16 ირიცხება ც.ტ-ას სახელზე, ხოლო 5/16 _ ლ.თ-ის სახელზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საეზოვე მიწის ნაკვეთის გაყოფა იდეალური წილების შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია ორი ვარიანტით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დანართი ¹1-ისა და დანართი ¹2-ის შესაბამისად. ორივე ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში სადავო ეზო იყოფა იდეალური წილების შესაბამისად. მოსარჩელეს შეხვდება 164,0 კვ.მ ეზო, ხოლო მოპასუხეს _ 118,8 კვ.მ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ვარიანტით ეზოს გაყოფის შემთხვევაში მისი ნაწილის ღირებულება მცირდება, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან დადგენილია, რომ ორივე ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში სადავო ეზო იყოფა იდეალური წილების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა მოხდეს მხარეთა შორის წილების გაყოფა ექსპერტიზის დასკვნის ¹2 დანართის შესაბამისად. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება გამოტანილია კანონის დაღრვევით, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.