განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16681-13 5 ივნისი, 2013 წელი
მ-ი რ., 16681-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. კ-ის
მსჯავრდებულ _ რ. მ-ის
ადვოკატების - თ. ნ-ასა და დ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ რ. მ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2006 წლის 17 იანვრიდან 25 აპრილის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული რ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 2 წლითა და 8 თვით, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენთა ერთობლიობით რ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ დაზარალებულთა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, მის მიმართ გავრცელდეს კანონი „ამნისტიის შესახებ“, ხოლო ნაწილის ადგილსამყოფელისა და ოჯახის წევრების დადგენა ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული რ. მ-ი ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და, დაზარალებულების თანხმობების გათვალისწინებით, სასჯელის პროპორციულად შემცირების შედეგად სასჯელის საბოლოო ზომად 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. მ-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ რ. მ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით შემცირება - კანონიერია.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან პირი თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებული (ან მისი უფლებამონაცვლე). იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ყველა დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ რ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედება. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. მ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით შემცირება - ასევე კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ დაზარალებულთა ნაწილის თანხმობების გათვალისწინებით, სასჯელი პროპორციულად უნდა შეუმცირდეს, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მსჯავრდებულ რ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია ერთ ეპიზოდად, რისთვისაც მას ერთი სასჯელი აქვს დანიშნული. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან გასათავისუფლებლად უნდა არსებობდეს ყველა დაზარალებულის თანხმობა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ. მ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2006 წლის 17 იანვრიდან 25 აპრილის ჩათვლით, რამაც ასახვა არ ჰპოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში, რის გამოც აღნიშნულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება სწორედ ამ მიმართებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 17 იანვრიდან 2006 წლის 25 აპრილის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე