ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№16841-13 5 ივნისი, 2013 წელი
მ-ი ლ.-16841-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორების _ ნ. კ-ისა და ზ. ლ-ას
მსჯავრდებულ _ ლ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 26 იანვრიდან იმავე წლის 1 თებერვლამდე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წარდგინება, ლ. მ-ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 26 იანვრიდან იმავე წლის 1 თებერვლამდე; ლ. მ-ი დააკავეს 2013 წლის 2 იანვარს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ლ. მ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.
აღნიშნული განჩინება შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შედეგად): ლ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 2 იანვრიდან.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. მ-ი ადრე ნასამართლევია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლით, რის საფუძველზეც გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შედეგად) მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, სსსკ-ის 287-ე მუხლის საფუძველზე, უზუსტობის აღმოფხვრის შედეგად, დაემძიმებინა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე და უცვლელად უნდა დარჩეს ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელისაგან. შესაბამისად, ლ. მ-ი უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.
აღსრულდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება და ლ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ბ. ალავიძე