ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 12.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1688-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.06.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№16881-13 12 ივნისი, 2013 წელი

გ-ე მ., 16881-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ზ. შ-ის

მსჯავრდებულ _ მ. გ-ის

ადვოკატების – თ. ნ-ასა და დ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 მაისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4500 ლარი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. გ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლითა და 8 თვით, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მ. გ-ეს მოსახდელად დარჩა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლისა და 4 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 8 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 მაისიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. გ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მის საქმეზე დაზარალებულებად ცნობილი პირები თანახმა არიან, მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინების გაუქმებას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას, ხოლო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში – განჩინების უცვლელად დატოვებას მის მიმართ პირობითი მსჯავრის დატოვების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განაჩენიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ზიანი მიადგა დაზარალებულ ნ. კ-ს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია აღნიშნული პირის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ იგი თანახმაა, მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. გ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან (გარდა ჯარიმისა).

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. გ-ეს ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2010 წლის 8 მაისიდან. შესაბამისად, მ. გ-ე დღეის მდგომარეობით უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. გ-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. გ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად.

მსჯავრდებული მ. გ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№16881-13 13 სექტემბერი, 2013 წელი

გ-ე მ., 16881-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 12 ივნისს მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 12 ივნისს მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულია _ ,,aხალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განაჩენი», რის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს _ ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განაჩენი».

აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განჩინების გაუქმებას ან შეცვლას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისს მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილებში ნაცვლად: ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განაჩენი", ჩაიწეროს _ ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განაჩენი".

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ ოშხარელი

პ. სილაგაძე