განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16911-13 12 ივნისი, 2013 წელი
ზ-ი თ., 16911-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ჯ-ის
მსჯავრდებულ _ თ. ზ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ზ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით თ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6-6 თვით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 167300 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 15 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; თ. ზ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი – ჩაეთვალა პირობით. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი – 4 წელი, 11 თვე, 1 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 7 წელი, 11 თვე და 1 დღე – პირობითი სასჯელი, 8 წლის, 11 თვისა და 1 დღის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი და სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 20 ივნისიდან.
2013 წლის 25 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ზ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ზ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 11 თვითა და 8 დღით პირობითი მსჯავრი, 6 წლის, 8 თვისა და 8 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ზ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს, დაზარალებულად ცნობილი თბილისის მერიის წერილობითი თანხმობის გათვალისწინებით, მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნა და გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული თ. ზ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან (გარდა ჯარიმისა), ვინაიდან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულად ცნობილი თბილისის მერია თანახმაა, მსჯავრდებულ თ. ზ-ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. ზ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება - კანონიერია, ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან პირი თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებული (ან მისი უფლებამონაცვლე), რომლის პოზიციის გამომხატველიც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელია. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორს არ განუცხადებია თანხმობა მსჯავრდებულ თ. ზ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედება. ამასთან, მსჯავრდებულ თ. ზ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მსჯავრდებულ თ. ზ-ს პირობით მსჯავრად უნდა განესაზღვროს 1 წელი და 9 თვე, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ზ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ზ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (5 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან (გარდა ჯარიმისა).
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი ჩაეთვალოს მოხდილად. ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე. საბოლოოდ მსჯავრდებულ თ. ზ-ს პირობით მსჯავრად განესაზღვროს 1 წელი და 9 თვე, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე