დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16951-13 12 ივნისი, 2013 წელი
მ-ი ნ.- 16951-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ნ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით ნ. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.
ნ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2010 წლის 17 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ნ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ნ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 17 თებერვლიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში – მათ შორის დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა – დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა ითხოვა უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება და სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინების მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორც საქმის მასალებიდანაა ცნობილი, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაზარალებულ ლ. ჩ-ის თანხმობის გარდა არ ყოფილა წარდგენილი დაზარალებულების თანხმობა ნ. მ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე და რადგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია ყველა დაზარალებულის თანხმობა, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად გაავრცელა იმავე კანონის მე–16 მუხლი და მას დანიშნული სასჯელი შეუმცირა ¼-ით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი