განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 12.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1704-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17041-13 12 ივნისი, 2013 წელი

კ-ი ო.- 17041-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ს. გ-ის

ადვოკატ _ მ. ზ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ო. კ-ი, ნასამართლობის არმქონე, ძებნილი, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

ო. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს. გ-ის შუამდგომლობა ძებნილი მსჯავრდებულის – ო. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე ო. კ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ო. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ო. კ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და იმის გამო, რომ დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ო. კ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია სააქციო საზოგადოება „...-ი“, რომლის წარმომადგენელმა გ. ლ-მა იმის გამო, რომ სს „...-ს“ მატერიალური ზიანი ანაზღაურებული არა აქვს, უარი განაცხადა ო. კ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია. რამდენადაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან გასათავისუფლებლად აუცილებელია დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობა, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა, საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულზე კანონიერად გაავრცელა იმავე კანონის მე-4 მუხლი და ო. კ-ს 1/3-ით კანონიერად შეუმცირა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის თანახმად, ასევე კანონიერად დატოვა უცვლელად დამატებით სასჯელად შეფარდებული ჯარიმა – 3.000 ლარი.

2013 წლის 27 მაისს სს ,,...-ის“ მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სს „...-ს“ ო. კ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და აცხადებს თანხმობას, რათა მის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ო. კ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ო. კ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი