დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-416-808-06 21 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე დავის საგანი: აღმასრულებელი აქტის გაუქმება, ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. დ-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს კახეთის ...ს სასამართლო აღმასრულებელ დ. ი-შვილის მიმართ მოვალის ქონების აღწერის ოქმის გაუქმებისა და ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს განაჩენით მოსარჩელის შვილი _ ა. დ-ოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და შეეფარდა სასჯელი. მასვე დაეკისრა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაზარალებულის მიმართ. მოპასუხე აღმასრულებელმა 2004წ. 30 ივნისს შეადგინა მოვალის ქონების აღწერის აქტი და ყადაღა დაადო ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდში მდებარე ნაკვეთზე არსებულ საქონლის საკვებ და სადგომ სათავსებს, ასევე რკინის ოთახს. მოსარჩელის განმარტებით, ყოველივე აღნიშნული მისი საკუთრებაა და თავისი ქონებიდან შვილის ვალის დაფარვის ვალდებულება მას არ ეკისრება.
საქმე განხილულ იქნა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ, რა დროსაც სათანადო მოპასუხედ მიჩნეულ იქნა ა. დ-ოვი, ე. მ-ძე და ე.ს-ძე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კახეთის ... ჩაერთო საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. დ-ოვმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. დ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2004წ. 30 ივნისს შედგენილი მოვალის ქონების აღწერის ოქმიდან ამოირიცხა მ. დ-ოვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული საქონლის საკვები და სადგომი სათავსები, ასევე საძინებელი ვაგონი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ე. მ-ძესა და ე.ს-ძეს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლები ჩაჰბარდათ 2006წ. 21 მაისს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მათ შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომელიც თანდართულ კონვერტზე დასმული საფოსტო განყოფილების შტამპის თანახმად, ფოსტაში ჩააბარეს 2006წ. 28 ივნისს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ძისა და ე.ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. დ-ოვის სარჩელი ე. მ-ძის, ე.ს-ძისა და ა. დ-ოვის მიმართ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ე. მ-ძესა და ე.ს-ძეს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლები ჩაჰბარდათ 2006წ. 21 მაისს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მათ შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომელიც‚ თანდართულ კონვერტზე დასმული საფოსტო განყოფილების შტამპის თანახმად, ფოსტაში ჩააბარეს 2006წ. 28 ივნისს.
სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლები ე.მ-ძესა და ე.ს-ძეს ჩაჰბარდათ 2006წ. 21 მაისს, საკასაციო საჩივარი კი მათ შეიტანეს ამავე წლის 28 ივნისს, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. მ-ძისა და ე.ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. მ-ძისა და ე.ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.