კერძო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
№17141-13 14 ივნისი, 2013 წელი
დ-ი მ., 17141-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ს. გ-ის
მსჯავრდებულ _ მ. დ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენით მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 4 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის განკარგულებით მ. დ-ი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
2013 წლის 21 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. დ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, დაზარალებულ ა. მ-ის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. დ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან, ვინაიდან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ იგი თანახმაა, მსჯავრდებულ მ. დ-ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. დ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე