კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 14.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1715-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.06.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№17151-13 14 ივნისი, 2013 წელი

ფ-ი გ, 17151-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ი. ჩ-ს

მსჯავრდებულ - გ. ფ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით გ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ გ. ფ-ს პირადი საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. ფ-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი (პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ფ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.

საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 27 მაისით დათარიღებული პროკურორ შ. ც-ს წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ვინაიდან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მთლიანად არის ანაზღაურებელი, სახელმწიფო ბრალდების მხარე თანახმაა, მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული გ. ფ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,180–ე მუსლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ფ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ფ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი