ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№17281-13 19 ივნისი, 2013 წელი
კ-ი პ.-17281-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ პ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით პ. კ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 31 ოქტომბრიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენით პ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; პ. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 18 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით პ. კ-ს სასჯელი განესაზღვრა რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით, კერძოდ: 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 6 წელს, 8 თვესა და 29 დღეს - დაემატა 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 1 თებერვლიდან.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე პ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; პ. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 31 ოქტომბრიდან.
პ. კ-ი საჩივრით ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი დაზარალებული თანახმაა, მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამაზე თანხმობას განაცხადებს.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია დაზარალებულ რ. ფ-ის განცხადება, რომლითაც იგი თანახმაა, პ. კ-ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
რაც შეეხება დაზარალებულ ა. თ-ის პოზიციას, იგი უარს აცხადებს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული პ. კ-ი უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
ვინაიდან მსჯავრდებულს ბოლო განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შედეგად შემცირებული რეალური სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - მოხდილი აქვს, მას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული პ. კ-ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთის –მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ პ. კ-ისათვის ერთი მეოთხედით შემცირებული, საქართველოს სსკ–ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან (9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი და 9 თვე – პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით) რადგან მსჯავრდებულს დღეის მდგომარეობით 9 თვე უკვე მოხდილი აქვს, მოსახდელად დარჩეს 3 წელი და 9 თვე – პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ.ოშხარელი
გ. შავლიაშვილი