კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 19.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1742-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.06.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№17421-13 19 ივნისი, 2013 წელი

ნ-ე კ, 17421-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ყ-ს

მსჯავრდებულ - კ. ნ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ნ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განაჩენით კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 7 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენში, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შევიდა ცვლილება მსჯავრდებულ კ. ნ-ს სასიკეთოდ, კერძოდ:

კ. ნ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით - შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვი, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით.

კ. ნ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით - შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 8 თვის ვადით.

2013 წლის 17 აპრილის რედაქციის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ კ. ნ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 8 თვით. დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კ. ნ-ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 7 მარტიდან. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 17 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ კ. ნ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; კ. ნ-ს ასევე ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ნ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ კანონშეუსაბამოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან განჩინების მიღების მომენტისათვის სისხლის სამართლის საქმე საკასაციო საჩივართან ერთად განსახილველად შემოსული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო 2012 წლის 10 მაისს გამოტანილ იქნა განაჩენი მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების საკითხი; შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მიღებული აქვს არაუფლებამოსილ სასამართლოს, რაც ხსენებული განჩინების გაუქმების კანონიერ საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ნ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი